ლენინგრადში დავიბადე, უკრაინაშიც ვცხოვრობდით, სკოლაში კი თბილისში შემიყვანეს ქართველი მოდელის, ჯანეტ ქერდიყოშვილის სახელი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგშია 2013 წლის გამოკითხვებით. საინტერესოა, ეს ლამაზი და მოხდენილი გოგო როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში.
ამისათვის მის ფოტოალბომს გადავხედეთ.
- ჯანეტ, ვიდრე ბავშვობის წლებს გაიხსენებ, შენს მშობლებზე მოგვიყევი.
- მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. მეც ლენინგრადში (პეტერბურგში) დავიბადე.
- როგორ დაგამახსოვრდა საკუთარი ბავშვობა?
- მახსოვს, ოჯახის წევრებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი. მამას დიდი საოჯახო მანქანა ჰყავდა. ჰოდა, ჩავსხდებოდით ხოლმე ყველანი და ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით. ასე ხდებოდა დაახლოებით მანამ, ვიდრე 5-6 წელი არ შემისრულდა. ერთი პერიოდი უკრაინაშიც ვცხოვრობდით (კიევი, იალტა, სუდაკი).
- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- სკოლაში თბილისში შემიყვანეს და ეს მამის ინიციატივით მოხდა. უნდოდა, მის შვილებს მშობლიური ენა კარგად სცოდნოდათ. როგორც კი პირველ კლასში შევედი, 3 თვეში ქართულად სხაპასხუპით ავლაპარაკდი. მანამდე კი მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ნამდვილად მიჭირდა. მოსწავლეობისას, ხან თბილისში გვიწევდა ყოფნა, ხან - პეტერბურგში. სულ 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბედნიეროდ, იოლად ვეგუებოდი ახალ გარემოს, არც ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა მიჭირდა. საბოლოოდ, პეტერბურგის ქართული სკოლა დავამთავრე, მაგრამ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ბანკეტზეც ვიყავი. ძალიან ტკბილად მახსენდება მოსწავლეობის პერიოდი.
- როგორი ბავშვი იყავი?
- როგორც ბევრი ჩემი ახლობელი მიყვება, ძალიან დამჯერი და კეთილი ბავშვი ვიყავი. არ მიყვარდა ცელქობა... პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, მით უმეტეს, რომ უმცროსი ძმა მყავდა და მასზე შეძლებისდაგვარად ვზრუნავდი. თუმცა, ზოგჯერ მასაც ვაბრაზებდი ხოლმე. მახსოვს, ჩემს ძმას 3-ბორბლიანი ველოსიპედი უყიდეს. ძალიან მინდოდა ამ ველოსიპედით გასეირნება და ასეთი რამ მოვიფიქრე: ჯეკო, მოდი ვითამაშოთ, ვითომ შენ ხარ პოლიციელი, მე კი მანქანის მძღოლი. შენ იდექი და გამაჩერე-მეთქი. აი, ესე უნამუსოდ ვატყუებდი (იცინის). ძმაზე შემიძლია, უსასრულოდ ვილაპარაკო. ის ძალიან მიყვარს. მართლაც, კარგი ადამიანია. ყველას უკვირს: როგორი ტკბილი დაძმობა გაქვთო. ჯეკო 20 წლის არის. ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს, მე-3 კურსის სტუდენტი და მომავალი დიპლომატი გახლავთ.
გაგრძელება