ირანელმა ჟურნალისტმა მასიხ ალინეჯადმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი აღაშფოთა და აატირა. ვიდეოზე აღბეჭდილია ქორწილი: სტუმრები ცეკვავენ, ერთობიან, შემდეგ კი კადრი ახალგაზრდა წყვილზე გადადის და კარგად ჩანს, რომ გოგონა 11 წლისაა. ის გაცილებით უფროს მამაკაცს მიჰყვება ცოლად.
ჟურნალისტმა გაავრცელა ვიდეო და აღწერაში დაწერა: "ისლამური კანონის თანახმად, 13 წლის გოგონას დაქორწინება შეუძლია, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს.“ თუ ყურადღებით დააკვირდებით, კარგად ჩანს, რომ გოგონა 13 წელზე ბევრად ნაკლები ასაკისაა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა და უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა. მამაკაცს პედოფილი უწოდეს. ვიდეო სწრაფად გავრცელდა და ირანის ხელისუფლებამდეც მივიდა.
სასამართლომ გოგონას მშობლები და სასულიერო პირები, რომლებმაც ქორწინება დააკანონეს, გამოკითხვაზე დაიბარა. მათი თქმით, ეს იყო დროებითი ქორწინება, რაც წყვილის სამომავლო დაახლოებისა და რელიგიური ერთობისთვის გააკეთეს. სასამართლომ დაადგინა, რომ, გოგონას ასაკის გათვალისწინებით, მსგავსი კავშირი გაუმართლებელია და ორი წლით მათ ქორწინება აუკრძალა. ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ გააკონტროლებდა მსგავს შემთხვევებს და დაიცავდა ბავშვის უფლებებს...
2002 წლამდე ირანში 9 წლამდე გოგონასთან ქორწინება ნებადართული იყო. ირანელი სასულიერო პირები მხარს უჭერენ ადრეულ ქორწინებებს, რადგან ეს, მათი აზრით, იცავს ქალებს უწესო ქცევისგან, რაც მათი კანონით, უმკაცრესად ისჯება. ამიტომაც არის, რომ კანონის გვერდის ავლით მაინც ხდება მსგავსი ქორწინებები.