პატარა ობრი ბერჯმა დაინახა, რომ მისი უმცროსი ძმა ბეკეტი, რომელსაც ლეიკემია აქვს, ცუდად იყო და საპირფარეშოში იდგა. გოგონა მაშინვე მიუახლოვდა ძმას, ზურგზე მოხვია ხელი, დაეხმარა და თან გაამხნევა, ყველაფერი კარგად იქნებაო - ზუსტად ისე, როგორც ამას დედა აკეთებდა, როცა თვითონ ობრი თავს ცუდად გრძნობდა ხოლმე.
ხუთი წლის ობრის და მის ძმას სწორედ დედამ გადაუღო ფოტო, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და ინტერნეტში მაშინვე აიტაცეს.
პატარა ბეკეტს ლიმფობლასტური ლეიკემია 2018 წელს, ორი წლის ასაკში დაუდგინეს. მას მერე თვეები გაატარა საავადმყოფოში, სადაც ქიმიოთერაპიას იტარებდა. უფროსი და ყოველთვის მის გვერდით იყო.
"როცა მათ ერთად ვხედავ, ეს მაბედნიერებს, თუმცა სევდასაც მგვრის, - ამბობს ბავშვების დედა კეიტლინი, - მათ საოცარი კავშირი აქვთ, ძალიან ახლოს არიან და ობრი ყოველთვის ზრუნავს მასზე. ფოტოს გადაღების მომენტში, ბეკეტი ახალი მოსული იყო ქიმიოთერაპიიდან. ობრი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, თუმცა გამოცდილებით იცოდა, რომ როდესაც თავად ავადმყოფობდა ხოლმე, ჩვენ ზურგზე ვეფერებოდით და ვამხნევებდით. მანაც ეს გაიმეორა და სცადა, ძმას გვერდზე დადგომოდა. მერე სახეც დაბანა და ხელებიც ბეკეტს, ოთახშიც შეჰყვა, რომ დაესვენა. ეს საოცარი სანახავი იყო..."
ბეკეტის მკურნალობა კიდევ ორი წელი უნდა გაგრძელდეს, თუმცა მას გვერდით ჰყავს მოსიყვარულე ოჯახი და საყვარელი დაიკო.