სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს უფროსი ადამიანი (სავარაუდოდ, ოჯახის წევრი), ბავშვს ბოთლში მოქცეული ნარკოტიკული ნივთიერება გაასინჯოს. რა თქმა უნდა, ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი ადამიანი აღაშფოთა. ბევრმა დაწერა, რომ დასაჭერია ეს ადამიანი და მშობელს მშობლის უფლება უნდა ჩამოერთვას.
სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები იშვიათი არ არის და რასაკვირველია, ყველა არც აღიბეჭდება ფირზე და საზოგადოების ყურამდე არც მიდის. არც ისე ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ბავშვებზე, რომლებსაც მშობლები სიგარეტს აწევინებდნენ ან სასმელს ასმევდნენ სუფრაზე დიდი სიამაყით, ვიდეოსაც უღებდნენ და მერე ამ ვიდეოებს სოციალურ ქსელში დებდნენ.
" მიდი, ერთი ნაპაზიც დაარტყი... ძირს ნუ ყრი, დააფერფლე" - ოჯახის რეაქცია, როცა ბავშვი ეწევა
ერთ-ერთი ფაქტით შსს-ც დაინტერესდა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა ნინო ტყეშელაშვილმა მაშინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში მშობლის უფლების ჩამორთმევის საკითხიც დგება: "ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად აცნობიერებს მშობელი, რომ ასეთი ქცევა ბავშვისთვის არის საზიანო".
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დაინტერესდა. როგორც შსს-ში mshoblebi.ge-ს უთხრეს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თამარ იაკობაშვილი
რა შემთხვევაში ართმევენ მშობელს შვილს - როგორ გაგრძელდება "სიგარეტიანი ბავშვის" სკანდალი