ხშირად გვესმის მშობლების ჩივილი, რომ ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ და საერთოდაც, არ აინტერესებთ. მათი თვალი და გონება მთლიანად მოცულია ინტერნეტითა და გაჯეტებით და ძნელია ამ დროს მშობელმა ისეთი რამ მოიფიქროს, რომ ონლაინსამყაროდან წიგნების სამყაროსკენ გადმოიყვანოს ბავშვი. მე ჩემს მაგალითზე გიამბობთ, თუ როგორ შევძელი მცირე დოზით მაინც ბალანსის შენარჩუნება და როგორ დავეხმარე ჩემს შვილს წიგნებთან ურთიერთობაში.
ჩემი ვაჟი 13 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ სულ პატარობიდან ვუკითხავდი წიგნებს - მხატვრულსაც და შემეცნებითსაც, როცა თავად დაიწყო კითხვა, ძალიან ეზარებოდა სასკოლო გაკვეთილების სწავლის შემდეგ კიდევ წიგნში ჩახედვა და რამის წაკითხვა. ხან რა მეთოდს მივმართე, ხან რას - ათასნაირ ილუსტრირებულ, ლამაზ, მომხიბვლელ წიგნს ვყიდულობდი და ვცდილობდი რამენაირად გამეღვიძებინა მათდამი ინტერესი. მერე გადავწყვიტე, ისევ თვითონ წამეკითხა მისთვის ღამით, ძილის წინ. აღმოვაჩინე, რომ გაცილებით უკეთ მისმენდა, როცა შემეცნებით ლიტერატურას ვუკითხავდი, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს. გაუჩნდა უამრავი შეკითხვა და მერე უკვე სურვილებიც - „აბა, დედა, ახლა ცხოველების შესახებ ვნახოთ წიგნი“, „აბა, კოსმოსზე წავიკითხოთ“, „მცენარეების ამბები წამიკითხე“. ასე თანდათან გამდიდრდა ჩვენი ბიბლიოთეკა ძალიან საინტერესო შემეცნებითი ლიტერატურით, ცოტა ხანში კი, მე აღარც მელოდებოდა, თავად გადმოიღებდა რომელიმე მათგანს და მისთვის საინტერესო ინფორმაციას იქიდან ღებულობდა.
მე-3-მე-4 კლასებში ისიც აღმოაჩინა, რომ ეს დამატებითი ცოდნა ძალიან გამოადგა - ხან სკოლაში, გაკვეთილზე გააოცა მასწავლებელი, ხან რომელიღაც ოლიმპიადაზე დაეხმარა გაკვეთილების მიღმა ათვისებული მასალა, მერე გაიაზრა ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც გვინდა, რომ შვილებს შთავაგონოთ - თუ რამხელა ძალაა ცოდნა, თუ რამდენად დიდი სიმდიდრეა ინტელექტი...
დღეს უკვე მე-7 კლასშია და საერთოდ არ სჭირდება ჩემი ჩარევა. თავად არჩევს ძალიან საინტერესო ენციკლოპედიებს - სხვათა შორის, უზარმაზარი არჩევანი აქვს მის საყვარელ წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“, რის ენციკლოპედია აღარ არსებობს და რაზე აღარ იპოვი აქ შეკითხვებს. შერჩეულ წიგნს იძენს და სიამოვნებით კითხულობს. ახლაც არ უყვარს მხატვრული ლიტერატურა, თუმცა ეს არ მგონია, იყოს მნიშვნელოვანი - მთავარია, კითხვა დაიწყო, წიგნები შეუყვარდა და რომელი ჟანრიც უნდა, ის წაიკითხოს. თავად უხარია, რომ ცოდნას იძენს, იფართოებს თვალსაწიერს, მეტად თავდაჯერებული გახდა, გაკვეთილებსაც უფრო თამამად ყვება, სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობს, იმარჯვებს კიდეც და ძალიან ბედნიერია.
ასე რომ, მე ვფიქრობ, ჯობს ჩვენ თვითონ დავეხმაროთ სასურველ და მისთვის საინტერესო წიგნებამდე მისვლაში, არ დავაძალოთ ის, რაც არ აინტერესებს და განსაკუთრებით შევუწყოთ ხელი მის შემეცნებას, დამატებითი ცოდნის მიღებისადმი ლტოლვას და იმის გააზრებას, რომ ეს ძალიან გამოადგება.