ბარბრა სტრეიზანდი (სწორედ ბარბრა ჰქვია, და არა ბარბარა - წარმატების მოპოვების შემდეგ მან სახელი ოდნავ შეიცვალა და ბარბრა დაირქვა) ბევრი ადამიანის კერპია. მის ცხოვრების გზას გადავავლებთ თვალს.
მომავალი ვარსკვლავი 1942 წლის 24 აპრილს, ემიგრანტების, ემანუილ და დიანა სტრეიზანდის ოჯახში დაიბადა. მეორე ბავშვი იყო. დედამისს შესანიშნავი სმენა ჰქონდა, რაც გოგონას მემკვიდრეობით გადაეცა. მამამისი მეთევზის შვილი იყო ლვოვიდან, უმაღლესი განათლებითა და მაგისტრის ხარისხით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ასწავლიდა, ზაფხულობით კი ებრაელთა საბავშვო ბანაკში მუშაობდა. 35 წლის პედაგოგმა 1943 წლის აგვისტოში მოულოდნელად თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო. დასასვენებლად დაწვა და აღარც ამდგარა. პატარა ბარბრას მამა მთელი ცხოვრება ახსოვდა.
დიანა შვილებთან ერთად მარტო გარეშე დარჩა, ამიტომ მშობლების პატარა, სამოთახიან ბინაში გადასახლდა და ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ოთხი წლის ბარბრა ბრუკლინში, ებრაულ სკოლაში გააგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ დიანა მანქანებით მოვაჭრეზე, ლოი კინდაზე გათხოვდა და ბავშვებთან ერთად გადავიდა მასთან საცხოვრებლად. მათ ქალიშვილი შეეძინათ და დედა მთლიანად გადაერთო ახალშობილსა და ქმარზე. ბარბრა ყურადღების გარეშე დარჩა. საათობით უყურებდა ტელევიზორს, ოცნებობდა, რომ მსახიობი გამხდარიყო.
10 წლის ასაკში სასკოლო ღონისძიებებზე მღეროდა, მაგრამ საკუთარ თავს მახინჯად თვლიდა: დიდი პირი და ებრაული ცხვირი ჰქონდა, მაგრამ სკოლაში ბიჭებს (მათ შორის იყო ჭადრაკის მომავალი ჩემპიონი, ბობი ფიშერი) მაინც უყვარდათ.
1953 წელს კინდმა ოჯახი მიატოვა, ამიტომ დიანა იძულებული გახდა, კვლავ ეპოვნა სამუშაო. ოჯახის დასახმარებლად 11 წლის ბარბრამ გაკვეთილების შემდეგ ჩინურ რესტორანში დაიწყო მუშაობა. 15 წლისა თეატრში სტაჟიორად მოეწყო. იქ ანიტა მილერი გაიცნო, რომლის ქმარიც, ალან მილერი, თეატრალურ სკოლაში ასწავლიდა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოხვდა თეატრალურ კურსზე და დაიწყო გზა ოცნების ასრულებისკენ. გოგონას ფული არ ჰქონდა, ამიტომ მილერებმა გადაწყვიტეს, სახლში ძიძად წაეყვანათ.
1959 წელს დიპლომის აღების შემდეგ ბარბრამ სცენაზე მოსინჯა ძალები, თუმცა სპექტაკლებში მონაწილეობამ წარმატება არ მოუტანა და კვლავ იძულებული გახდა, დამატებით ემუშავა. სატელეფონო ოპერატორად მუშაობდა, შემდეგ კი ჰომოსექსუალთათვის განკუთვნილ რესტორანში მღეროდა.
მისი სცენაზე გამოჩენა წარმატებით დასრულდა. ერთ დღეს იმპრესარიო ტედ როზარმა შეამჩნია. ავიდა სცენაზე, აკოცა ახალგაზრდა მომღერალს და უთხრა: "მე თქვენ მიყვარხართ“, შემდეგ კი ჰკითხა, ჰყავდა თუ არა მენეჯერი...
1960 წლის 23 ნოემბერს ბარბრა სტრეიზანდმა პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი. როზარმა ორგანიზება გაუწია პირველ მუსიკალურ ტურნეს. 1961 წლის აპრილში კი ამერიკის NBC-ის სატელევიზიო ღამის გადაცემაში მიიწვიეს. ნელ-ნელა მისი სიმღერები გამოჩნდა და მსმენელმა გაიცნო, 1963 წელს კი მისი პერსონალური ალბომი გამოვიდა, რომელმაც მომღერალს "გრემი“ და "ოქროს დისკი“ მოუტანა. ბარბრა შუბერტის თეატრში მიიწვიეს, ბროდვეიზე, მიუზიკლში მონაწილეობის მისაღებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი არ იყო დიდი, დებიუტი მაინც წარმატებული აღმოჩნდა.
1962 წლის ოქტომბერში მას მიუზიკლში - "სასაცილო გოგონა" მთავარი როლი შესთავაზეს. სცენარში მოთხრობილი იყო მსახიობისა და მომღერლის ფანი ბრაისის ამბავი, ებრაელი გოგონასი არც ისე კარგი გარეგნობით. მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი როლი იყო. სპექტაკლში სტრეიზანდის პარტნიორი მსახიობი ელიოტ გოლდი იყო. მასზე ყველა გოგონა გახლდათ შეყვარებული, მაგრამ მისი ყურადღება ბარბრამ მიიპყრო.
ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. თეატრის პარალელურად ბარბრა სტრეიზანდი წარმატებით გამოდიოდა ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბში. ელიოტს თავდაპირველად ცოლობაზე არ დათანხმდა, ტურნეს დროს კი ჩარლი ჩაპლინის შვილთან გააბა რომანი.
"სასაცილო გოგონამ" მას თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. მასზე წერდნენ გაზეთებში, იწვევდნენ გადაცემებში. 1964 წელს კი სტრეიზანდმა განაცხადა, რომ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
1966 წელს ელიოტმა და ბარბარამ ოფიციალურად დააკანონეს ურთიერთობა. 1966 წლის აპრილში ისინი ლონდონში გასტროლზე გაემგზავრნენ. პრემიერიდან ხუთი დღის შემდეგ სტრეიზანდმა იგრძნო, რომ ორსულად იყო და რეჟისორს სთხოვა, სპექტაკლიდან ამოეღო მისი ცეკვის ნომერი, ასევე უარი თქვა მომგებიან ტურნეზე ამერიკაში. 29 დეკემბერს წყვილს ლონდონში ვაჟი, ჯეისონ გულდი შეეძინა.
1967 წელს "სასაცილო გოგონას" სატელევიზიო ვერსიის გადაღება დაიწყეს. მთავარ როლს აქაც ბარბარა სტრეიზანდი ასრულებდა. პარტნიორობას კი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი უწევდ. ამ დროს "ექვსდღიანი ომი" დაიწყო და ებრაელების უმეტესობა წინააღმდეგი იყო, რომ შარიფი გადაეღოთ. თუმცა რეჟისორისა და ბარბრას დიდი ძალისხმევით, ის მაინც გადაიღეს. 1968 წელს გამოვიდა ფილმი ტელეეკრანებზე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
1969 წელს ბარბრა და ელიოტი დაშორდნენ. ამავე პერიოდში სტრეიზანდმა გადაწყვიტა, მამაზე ფილმი გადაეღო. ამ გეგმის შესრულება 15 წლის შემდეგ მოახერხა. ფილმი 1983 წელს გამოვიდა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მოგებამ 140 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 1984 წელს ფილმმა საუკეთესო მუსიკისთვის "ოსკარი" მიიღო.
1984 წლის პირველ აპრილს ბარბრა სტრეიზანდი ისრაელში ჩავიდა და ფილმის პრემიერა გამართა. მან თქვა: "ჩემთვის ისრაელი უცხო არ არის. ეს ჩემი ქვეყანაცაა, რადგან ჩვენ ყველანი ებრაელები ვართ". 500 ათასი დოლარი მამის სახელით გამოყო სტუდენტების სტიპენდიებისთვის. ბარბრამ ასევე უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობაც დააფინანსა.
სტრეიზანდი 150-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, უმრავლესობაში მთავარ როლს ასრულებდა. ექვსი ფილმის რეჟისორი იყო, ერთ ფილმში მუსიკის ავტორი, ოცში კი - პროდიუსერი. ორი "ოსკარი" მიიღო. ერთი "სასაცილო გოგონაში" მთავარი როლის შესრულებისთვის და მეორე სიმღერისთვის ფილმში "ვარსკვლავი დაიბადა." ერთ-ერთ ბოლო ფილმში, სადაც ბარბრა მთავარ როლს ასრულებდა, მისი შვილიც გადაიღეს. მან დედას უთხრა, რომ "მისით ამაყობდა."
თუმცა, მათი ურთიერთობა დიდი სითბოთი არ გამოირჩეოდა. 1966 წელს, მშობლების განქორწინების შემდეგ, ბიჭი ძირითად დროს ექსპერიმენტულ სკოლაში ატარებდა. დედა-შვილის შეხედულება არასდროს ემთხვეოდა. ჯეისონი ამბობდა, რომ ბარბრა ტირანივით იქცეოდა და ითხოვდა, ყველა მის ბრძანებას დამორჩილებოდა. დედა სულ აკონტროლებდა, ამიტომ ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ის გეია და ნიუ-იორკშივე დაქორწინდა თავის პარტნიორზე.
ბარბრა შვილთან ერთად
ბარბრა სტრეიზანდის 50-მა ალბომმა დაიმსახურა "ოქროს დისკი", 31-მა - "პლატინის". "პლატინის" ალბომის რეკორდსმენია. არაერთხელ გახდა "გრემისა" და "ემის" ლაურეატი. მიიღო ოთხი "ოქროს გლობუსი."
სტრეიზანდი საკუთარ თავს ლიბერალად თვლის და მხარს დემოკრატიულ პარტიას უჭერს. მისი პირადი ცხოვრება დაფარული არ არის. განქორწინების შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი იყო. 1998 წელს, 56 წლის ასაკში კვლავ იქორწინა მსახიობ ჯეიმს ბროლინზე. ისინი მშვიდად ცხოვრობდენ, თამაშობენ კალათბურთს, მოგზაურობენ. ჯეიმსთან საბოლოოდ იპოვა სულიერი სიმშვიდე.