ქართველი ბარიტონი, რომელმაც ფრანკო ძეფირელის საქართველოს ნახვა მოანდომა და მსოფლიო აღაფრთოვანა - "სიყვარულითა და რწმენით ყველა სირთულე გადალახვადია“
„საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, შენთან მუშაობით გამიჩნდა სურვილი, ჩამოვიდე და ვნახო ეს ქვეყანა, რომელსაც შენ წარმოადგენ“ - ეს სიტყვები დიდმა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ მაშინ წაროთქვა, როცა ქართველი ბარიტონი, გოჩა აბულაძე გაიცნო და მისი სიმღერა მოისმინა. მისი ნამღერი ქართული სიმღერები, გადაცემებში, კონცერტებზე თუ არაოფიციალურ გარემოში, მაშინვე ჰიტად იქცევა ხოლმე სოციალურ ქსელში. გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ ბარიტონთან, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა.

– ჩემი ბავშვობა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს რთული პერიოდი იყო, ძალიან ტკბილად მახსენდება. მაშინ,
როცა ყველანი ერთად ვიყავით, სიცივის მიუხედავად ერთმანეთს ვათბობდით. დედისგან მაგალითს ვიღებდით, თუ როგორ უნდა გვემღერა. შაბათ-კვირას ავდიოდით სოფელში, სადაც ბებია გველოდებოდა, ყველაზე ტკბილი და ლამაზი ადამიანი, ჩვენი ციალა ბებია. დღემდე სიგიჟემდე მიყვარს სოფელი და იქაურობას ბებოს სურნელი ასდის. მისი სითბო და რაღაცნაირად სხვანაირი სიყვარული სულ თან დამყვება. მამა გვასწავლიდა ჭიდაობას. შემოდგომაზე ჭურებში ჩაგვიშვებდა და გვარეცხინებდა, რთველი ახლოვდებაო. ერთხელ დილის ხუთ საათზე წამოგვყარა ლოგინებიდან სოკოზე მივდივართო. ბალახი სულ ცვრით იყოდაფარული და ფეხშიშველი გვარბენინა. სახლში რომ მოვედით სიცხემ აგვიწია, მაგრამ მამულის სიყვარულის შეგრძნებად ღირდა.
დედის ნანა ახლაც მესმის, ზუსტად ისე, როგორც მაშინ გვიმღეროდა. ის ქარიც მესმის და მიყვარს მეცხრე სართულზე, რომ ზუზუნობდა ჩვენი აივნის კარებთან.

– რა წვლილი მიუძღვით მშობლებს თქვენს წარმატებაში?

– მშობლებს ვუმადლი ყველაფერს, თუ რამე გამაჩნია, როგორც მომღერალს. სწორედ დედამ ჩამინერგა სიმღერის დიდი სიყვარული. სასწაულად მღერის თავად და საერთოდ უნიჭიერესი ადამიანია. დედის რჩევებს სიმღერაში დღესაც ვითვალისწინებ, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ მაქებს და გაბრაზებული ვეუბნები, რომ უფრო კრიტიკის მოსმენა მარგებს მისგან, ვიდრე ქების. მამა სულ წასული იყო იმის გამო, რომ ჩვენ გვეცოცხლა, გვეარსება, გვესწავლა, გვემღერა. ბოლოს, როცა იტალიაში წავედით, ის ერთადერთი ბინაც გაყიდეს ჩვენთვის და თავად სიმონეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ბედნიერი ვარ, რომ მათი შვილი ვარ. ყველა აპლოდისმენტი, რასაც ვიღებთ მე და ჩემი ძმა, მათ ეკუთვნით.

– ყველაზე რთულად რომელი ეტაპი გადალახეთ? რა სირთულეებს აწყდებოდით ცხოვრების გზაზე?

– ყველა ეტაპს ახლავს თავისი სირთულე, თუმცა როცა იტალიაში წავედით პირველად მე და ჩემი ძმა, მაშინ მივხვდი, თუ რა რთულია ყველაფერი. სრული სიბნელიდან უნდა მევლო და მეცადა, სადღაც შორს სინათლის ნაპერწკალი დამენახა. პირველ კონკურსზე რომ ჩავედი ფერარაში, იაფიანი ჰოსტელი ვნახე, საშინელი გარემო იყო. ამის გამო დილის ექვს საათზე ვიღვიძებდი და გარეთ გამოვდიოდი. მერე პატარა ბარს ვიპოვიდი და ყავას ვსვამდი ნელა, რომ დრო გამეყვანა და ბედნიერად მეგრძნო თავი. იქ იყო ჩემი პირველი გამარჯვება, როგორც კონკურსზე, ისე საკუთარ თავთან. მაშინ მივხვდი, რომ ყველა სირთულე გადალახვადია, თუ ალალი სიყვარული და რწმენა გაქვს.
mshoblebi
ძმასთან ერთად

– მაგდებურგის თეატრის სოლისტი იყავით, რომლის საუკეთესო მომღერლადაც დაგასახელეს. ელოდით ამ ტიტულს?

– ჩემი პირველი მოსმენა გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში იყო, რის შემდგომაც ამიყვანეს სოლისტად. ენის ბარიერის დაძლევა გამიჭირდა, გამიჭირდა გარემოსთან შეგუებაც, მაგრამ კარგი სიმღერით ვშველოდი ალბათ თავს. პირველი ნაბიჯებისთანავე ვგრძნობდი მაყურებლის დიდ სიყვარულს, ამიტომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა სეზონის საუკეთესო მომღერლის წოდება.

გასულ წელს იყო დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე, ეს იყო ნამდვილი ზღაპარი იყო ჩემთვის. ოცნება, რომელიც რეალობად მექცა. ვერონაში ორჯერ მქონდა ნამღერი ფილარმონიკოს თეატრში და როცა პიაცა ბრაზე არენას ვუყურებდი, თვალები მინათდებოდა. მჯეროდა, რომ ერთ დღესაც ავიხდენდი ოცნებას და ფეხს შევდგამდი ამ ისტორიულ სცენაზე. თუმცა ასე უცებ თუ მოხდებოდა ეს ყველაფერი, ეგ რომ მცოდნოდა, ალბათ სიხარულისგან გული გამისკდებოდა.

არენაზე მიმიწვია უდიდესმა მომღერალმა, ჩეჩილია გადიამ. მან მომისმინა ვერდის ფესტივალზე ტრავიატაში და ერთი წლის შემდეგ მისი მიწვევით არენაზე 20 სპეკტაკლი ვიმღერე. ამდენ ლეგენდასთან ერთად სიმღერა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და ენით აღუწერელი გამოცდილება.

- „საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, შენთან მუშაობით გამიჩნდა სურვილი, ჩამოვიდე და ვნახო ესქვეყანა, რომელსაც შენ წარმოადგენ“ - ეს სიტყვები ეკუთვნის დიდ რეჟისორს ფრანკო ძეფირელის, როელიც თქვენი მოსმენის შემდეგ წარმოთქვა. თქვენი შეხვედრა და მასთან ურთიერთობა გაიხსენეთ.

- ფრანკო ძეფირელიც სწორედ ვერონაში გავიცანი, ასე რომ, ვერონა ჩემთვის ნამდვილად სასწაულების ქალაქია. ბევრს ვერაფერს ვიტყვი მასზე, ის ნამდვილი ლეგენდაა საოპერო სამყაროში და მისი შედევრები მუდამ დაამშვენებს დედამიწას შეუფასებელ განძად. მე ბედნიერი ვარ, რომ მაესტროს ვიცნობდი და მასთან ვიმუშავე. ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ის ორი კვირა და მისი ეს იტყვები.
mshoblebi
ფრანკო ძეფირელისთან ერთად

– როცა სცენაზე დგახართ, რაზე ფიქრობთ და ყველაზე მეტად რა გაძლიერებთ?

– როცა სცენაზე ვდგავარ, ვფიქრობ მხოლოდ მუსიკაზე და იმაზე, თუ რას ვმღერი. მუსიკა მაბედნიერებს და სცენის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმომიდგენია. სცენაზე გასვლის წინ ვფიქრობ იმ დიდ ადამიანებზე, ვინც სიმღერაში უამრავი რამ მასწავლეს. ჩემს მაესტრო ნოდარ ანდღულაძეზე, ჩემს პიანისტ ვაჟიკო ჩაჩავაზე და კიდევ ბევრზე. ვგრძნობ, რომ ისინი მეხმარებიან. ვაჟიკოს ძალიან ვუყვარდი და სჯეროდა ჩემი. მან მოახერხა ჩემი მუსიკალური ფერიცვალება. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი აღარ არის, ის დღესაც ჩემი გამორჩეული მეგობარია და სულ გულით ვატარებ. აი, ისინი მაძლიერებენ სცენაზე.

– დღეს უკვე ძალიან ბევრი გიცნობთ და თვალყურს ადევნებენ თქვენს შემოქმედებას. როგორ შეხვდით პოპულარობას? რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ამას?

– ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ჩემთვის მთავარია ადამიანობა. პოპულარობა ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ჩემში არაფერი არ იცვლება, უბრალოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მომღერლისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ ადამიანს ვანიჭებ სიამოვნებას ჩემში დაბადებული სიმღერით. სიყალბეს და ფარისევლობას ვერიდები, სიცოცხლეშიც და სიმღერაშიც.
mshoblebi

– თქვენი აზრით, რა არის ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება?

– ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება სინდისი და ადამიანობაა. სამწუხაროდ, ძალიან რთულია ადამიანისთვის ადამიანობის მიღწევა, თუმცა შესაძლებელი!

– სამშობლოდან შორს მყოფს, ყველაზე მეტად რა გენატრებათ ხოლმე?

– თავად საქართველო მენატრება ყველაზე მეტად. აქ ყველაფერი ძვირფასია ჩემთვის.

– მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში სულ მალე კონცერტი გექნებათ. არ ღელავთ, როგორ შეგხვდებათ თქვენი ქალაქი?

– ძალიან დიდი სიხარულით ველი 25 სექტემბერს. ქუთაისში სიმღერა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი ქალაქი უზომოდ მიყვარს და უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქუთათურების წინაშე როცა ვმღერი. არაჩვეულებრივი ტენორი ჩამომყავს, ჩემი მეგობარი ალდო დი ტორო და მოკლედ, ვეცდებით ყველა გავახაროთ კარგი კონცერტით.

– რას ეტყვით და რას უსურვებთ თქვენს მსმენელს?

– ჩემს მსენელს ვეტყვი იმას, რომ უზომოდ მიყვარს ყველა. თითოეული ბგერა, რაც ჩემი გულიდან ამოდის, მათ ეკუთვნის. გპირდებით გულწრფელობას. ვეცდები, არასოდეს გატკინოთ გული სიყალბით.
mshoblebi
მერი ბლიაძე
2379
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ირა
0
წარმატებები კარიერასა და პირადში. მესიამოვნა ვაჟა ჩაჩავას ასე თბილად ხსენება, მის ამაგს რომ არ ივიწყებთ.
18:59 / 21-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?