პატარა ბიჭუნას დაბადებას, რომელიც ახლა საწოლს არის მიჯაჭვული, 25 წელი ელოდნენ მშობლები. 6 წლის საბა ჯოლოხავას ტვინის ღერძზე აქვს სიმსიმნური წარმონაქმნი. ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ოჯახი საკუთარი სახსრებით ვერ წვდება მკურნალობის ხარჯებს.
როგორც mshoblebi.ge - სთან საუარში საბას დედა, ელისო ლუკავა ამბობს, ბავშვი ვერ მოძრაობს, ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს, საჭმელს ვერ ყლაპავს.
- უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, საბა ვერ მოძრაობს, ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს, საჭმელს ვერ ყლაპავს, რადგან ეს ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, ჩემს შვილს სიმსივნე დაუდგინდა ტვინის ღეროზე. ახლა ციციშვილის კლინიკაში ვართ, სხივური თერაპია რომ არ დავუწყოთ, ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ონკოლოგმა ქიმიოთერაპიაც დაუნიშნა, მაგრამ გვითხრეს, ჯერ სხივურ თერაპიაზე ვიფიქროთო.
- რა თანხა არის ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო?
- ამ ეტაპზე რა რაოდენობის თანხაა საჭირო, ვერც გეტყვით, ერთი კვირის სამყოფი წამლების თანხა, რომ გამოითვალეს, 800 ევრო ჯდებაო. გვეხმარებიან, ვისაც როგორ შეუძლია. ყველას უღრმესი მადლობა.
- საზღვარგარეთ წასვლა ხომ არ გირჩიეს?
- ახლა ამ მომენტში ვერ დგება ბავშვი ფეხზე, ისე ცუდადაა და ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს. ონკოლოგები მეუბნებიან, რომ ბავშვს ოპერაცია ვერ გაუკეთდებაო, თუნდაც საზღვარგარეთ რომ წაიყვანოთო, მიუვალი ადგილი არისო საოპერაციოდ. ტვინის ღეროზეა ეს სიმსივნური წარმონაქმნი და აფერხებს მოძრაობას, სუნთქვას, გულის მუშაობას, ყლაპვას. ვინც სხივური თერაპია უნდა გაუკეთოს, იმ კაცმა გვითხრა, სრული განკურნების გარანტიას ვერ მოგცემთო, მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი არისო, მთავარია, ბავშვი როგორ აიტანს ამ ყველაფერსო.
- როდის შეატყვეთ ბავშვს ავად ყოფნა?
- სრულიად ჯანმრთელი დაიბადა საბა. 25-წლიანი მერე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. მე 50 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 57 წლის არის. მისით ვსულდგმულობთ, არაფერი გვენანებოდა შვილისთვის. მერცხალივით ბავშვი იყო, მხოლოდ ამინდის ცვლილებისას ჰქონდა ყელზე პრობლემა. მთელი რაიონი ტირის საბუკას გამო. ძალიან გონიერი ბავშვია. ჩვენ სოფელ მიქავაში ვცხოვრობთ, 14 სექტემბერს ჩამოვედით თბილისში. ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე, სიარული არ მომეწონა ბავშვის, თვითონ არაფერი ტკიოდა. მე მაქვს ფეხი სამჯერ ნაოპერაციევი, მუხლს ქვემოთ დამსხვრეული მქონდა ძვლები და შემეშინდა. ოპერაცია რომ გავიკეთე, მას შემდეგ ათი თვეა გასული, ამ ხნის მანძილზე ბავშვისთვის ანალიზები არ მქონდა გაკეთებული, ასე რომ დაიწყო სიარული, რა არ ვიფიქრე, გემოგლობინი ხომ არ აქვს დაბალი-მეთქი. წავიყვანე რაიონში ანალიზებზე. ანალიზები კარგი ჰქონდა. მაინც ვერ მოვისვენე და უბნის ექიმთან წავედი. მან ნევროლოგთან გადამამისამართა. ორშაბათამდე ვერ მოვითმენ-მეთქი, ვუთხარი ექიმს და წამოვედი ზუგდიდში. ოჯახში მივუყვანე ექიმს, მან გვითხრა ქუთაისში, ან თბილისში წაიყვანეთ ბავშვიო, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეთო. რა გამაჩერებდა და 14 სექტემბერს მოვედით ციციშვილის კლინიკაში. ექიმმა გასინჯა, საბა თავისი ფეხით დადიოდა, უბრალოდ ფეხს ცუდად დგამდა. ექიმი დიდხანს აკვირდებოდა და ვერაფერი შენიშნა, ასეთი ჯანმრთელი, გონიერი ბავშვი ასიდან ერთი იბადებაო. მაგრამ კიდევ ერთხელ დავაკვირდებიო, არბენინა, ცერებზე გაატარა, გასინჯვის მომენტში მეც ვერაფერს შევატყვე და შემრცხვა, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ ექიმმა თქვა, მარცხენა მხარეს მართლაც შეინიშნება რაღაცო და მანაც გვითხრა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეთო. ასე გავიგეთ, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა ჩვენს პატარას.
სულ ტირილში ვატარებთ დღეებს, მამას სულ არ უნდა სიცოცხლე, არ ვიცი, როგორ დაიჯერებთ, ამ ხნის მანძილზე წყალიც კი არ დაულევია. საბა ისეთი აზრიანი და ჭკვიანი ბავშვია, მამა რომ მოენატრება, წერილის დაწერას გვთხოვს, მე გიკარნახებთ და თქვენ დაწერეთო. რეანიმაციაში ერთი დღით მარტო დატოვება მოგვიწია და ექიმებს ეხვეწებოდა თურმე, დედასთვის და მამისთვის წერილი დავწეროთო. მეორე დღეს დაგვახვედრეს მისი კარნახით დაწერილი წერილი. ჩემი შვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ, საოცრად ჭკვიანია, ეკლესიური ბავშვია, უყვარს ტაძარში სიარული და ზიარების მიღება.
თუ გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, დაეხმაროთ საბას და მის ოჯახს, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:
"თბს" და "საქართველოს ბანკში" გახსნილია ანგარიშები მამის, გია (ნუგზარი) ჯოლოხავას სახელზე.
"თბს" ანგარიშის ნომერი: GE41TB7183745064300011 (გახსნილი ყველა ვალუტაში)
"საქართველოს ბანკის" ანგარიშის ნომერი: GE80BG0000000161776940
მამის ტელ: 599213567
რუსკა კილასონია