შორენა გრიგალაშვილი შშმ პირია - ჯანმრთელობის პრობლემების გამო ცალი ფეხი ამპუტირებული აქვს. თუმცა ამის მიუხედავად, არასდროს უთქვამს უარი შრომაზე, ახალ იდეებზე, საკუთარი ძალებით და კარგი ადამიანების დახმარებით აამუშავა სამკერვალო და თავისი საქმეც ჰქონდა, როთაც მეუღლესთან ერთად სამ შვილს არჩენდა. თუმცა ბოლო პერიოდში, უსახსრობის გამო გაჩერებულია. იჯარით აქვს აღებული სამკერვალო და ამბობს, რომ ეს ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად უყვარს:
- რაც საკუთარი სამკერვალო გავაკეთე, დაახლოებით ერთი წელია, იჯარით ავიღე კომერციული ფართი. მაქვს საკერავი მანქანები, ვკერავ ტანსაცმელს. ლილოში ორი თვით მაღაზია ავიღე და ჩემი შეკერილი ტანსაცმელი ბაზრობაზე გამქონდა. ორი თვის მანძილზე, ძალიან დიდ გადასახადებს შევეჯახე და იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა მაღაზია და წამოვსულიყავი. რომ წამოვედი, სამკერვალო ვეღარ ავამუშავე იმიტომ, რომ გადასახადებში დიდი თანხა მჭირდებოდა. ნაჭრის ყიდვაც ვეღარ შევძელი. ამ ეტაპზე გაჩერებული ვარ, მხოლოდ იჯარის ფულს, 250 ლარს ვიხდი.
- როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ თქვენი სამკერვალო გაგეკეთებინათ?
- ვმუშაობდი ხოლმე სამკერვალოებში. დაჭრილ ტანსაცმელს ვაწყობდი. გამიჩნდა იდეა, მეც გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე... სკოლა რომ დავასრულე, ვისწავლე კერვა, იმის მერე სტაბილური სამსახური არ მქონია. მყავს მეუღლე, სამი შვილი. მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს და გამოდის, რომ რასაც შოულობს, იჯარის გადახდაში იხდის. ლილოში როდესაც გამქონდა, ვკერავდი სპორტულ შარვლებს, კაბებს, ქალის ტანსაცმელს. მაგრამ რაც იქიდან წამოვედი, გავჩერდი და არაფერი აღარ შემიკერავს. შეკვეთებსაც ვერ ვიღებ ზემოხსენებული პრობლემების გამო.
- მოგვიყევით თქვენი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, როდის დაიწყო ეს ყველაფერი ?
- მარჯვენა ტერფზე გამიჩნდა რაღაც, 11 წლის მანძილზე ვიმკურნალე საქართველოში... არასწორად მიმკურნალეს. წავედი გერმანიაში, ჩავბარდი ლტოლვილის სტატუსით. სხვა გზა აღარ იყო, ცალი ფეხის ამპუტაცია გამიკეთეს. მაგრამ იქ ძალიან დამეხმარნენ. მომცეს ძალიან კარგი პროთეზი. იქვე ჩემით დაინტერესდა ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქალებს ეხმარება და მკითხეს, რა უნდა გამეკეთებინა, საქართველოში რომ დავბრუნდებოდი. ვუთხარი, რომ ტანსაცმლის კერვა მეხერხებოდა და ეს პროცესი მამშვიდებდა. რომ ჩამოვედი საქართველოში, გამომიგზავნეს თანხა და შევიძინე 4 საკერავი მანქანა. სულ ჰქონდათ კომუნიკაცია, როგორ ვმუშაობდი, ავაწყვე თუ არა ჩემი ბიზნესი. სამი თვის მანძილზე ყოველთვიურად მიგზავნიდნენ სამას ევროს. რაც სახლში ვარ, ძალიან ცუდად ვარ. მინდა გავიდე და რაღაც გავაკეთო. გარეთ რომ გავდივარ, სტიმული მაქვს და აღარ ვაქცევ ყურადღებას ფეხს.
- ახლა იციან, რომ გაჩერებული ხართ და აღარ კერავთ უსახსრობის გამო?
- ძალიან გახარებული ვიყავი, ლილოში რომ მაღაზია ავიღე და დავიწყე კერვა. გავუგზავნე წერილი და ვუთხარი მათ ამის შესახებ. ახლა რომ გავჩერდი, აღარ მიმიწერია, მერიდება. ლილოში რომ მემუშავა და სხვა მაღაზიებისთვისაც მიმეწოდებინა ჩემი შეკერილი ტანსაცმელები, კარგად ავაწყობდი ჩემს საქმეს. მაგრამ, დოლარებზე იყო გადახდა და ვეღარ მოვახერხე.
- თქვენი გადმოსახედით, რას ურჩევთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს?
- არ უნდა იფიქრონ თავიანთ შეზღუდულ შესაძლებლობაზე. სახლში რომ ვარ ხშირად და ვუყურებ ჩემს ამპუტირებულ ფეხს, ეს საშინელებაა და როგორც არ უნდა მოერიო თავს, მაინც განიცდი. რაც შეუძლიათ, ის უნდა გააკეთონ. სანამ ფეხი მქონდა და კარგად დავდიოდი, მაშინ არ ვყოფილვარ ასეთი მოტივირებული. ახლა უფრო მინდა, რომ რაღაც გავაკეთო. ვიყავი ბანკში, მინდოდა 2000 ლარამდე სესხი გამომეტანა, არ ვითხოვდი დიდ თანხას. მინდოდა, გადახდა სამი თვის შემდეგ დამწყო, მაგრამ ვერსად ვნახე ასეთი ვარიანტი. ბოლოს მერიას მივმართე დასახმარებლად, მაგრამ ჯერ არ დაურეკავთ და ვნახოთ რა იქნება.
თამარ იაკობაშვილი