სანამ ბავშვები პატარები არიან, ჩვენ ყველანი, მშობლები, ასე თუ ისე ვცდილობთ, სწორად წარვმართოთ მათი სულიერი თუ ინტელექტუალური განვითარება. არ მოვაკლოთ არაფერი, რაც მომავალში მათგან წესიერ, გონიერ და წარმატებულ პიროვნებებს ჩამოაყალიბებს. რუდუნებით და ფრთხილად ვარჩევთ მათთვის წასაკითხ ლიტერატურას, წიგნებს, რომლებიც მათ რაღაც სასარგებლოს მისცემს.
დღევანდელ გარემოში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სწორედ ჩვენი შვილების ზნეობრივი და სულიერი აღზრდაა. ამაზე არაერთხელ აღუნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც: „ჭკვიანი, მაგრამ უზნეო ადამიანი უბედურებაა ოჯახისთვისაც და შეიძლება მთელი კაცობრიობისთვისაც“.
ამაზე საუბრობენ მასწავლებლებიც, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურების. „ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს ზნეობრივ თემებზე, შეაყვარეთ წიგნი, აუცილებლად ატარეთ ეკლესიაში, რათა მიიღოს სულიერი საზრდო. ყოველივე ეს კი სასურველ შედეგს მაშინ გამოიღებს, როცა მშობელი შვილისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი იქნება და თავად მოიქცევა ისე, როგორ მოქცევასაც შვილს სთხოვს. სულიერი საზრდო აუცილებელია ჩვენი შვილების ზნეობრივი განვითარებისთვის. წიგნებში ზნეობრივი თემები მეტად წინ უნდა იყოს წამოწეული, ეს ხომ დღევანდელი საზოგადოების სერიოზული პრობლემაა. ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებს სწორი რელიგიური აღზრდა“, - ამბობს დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნინო ღვინიაშვილი.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია ყველა ის სიახლე, რომელიც ბავშვებისთვის სასარგებლო და საჭირო ლიტერატურის გამოცემას შეეხება.
ჯერ კიდევ 2013 წელს ყველასთვის დიდ მოვლენად იქცა „სახარება ბავშვებისთვის“, უნიკალური გამოცემა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა. კონსულტანტი დეკანოზი აკაკი (მეგრელიშვილია). ავტორები არიან გოჩა კაკაბაძე და მამუკა შენგელია. მათივე საოცარი მხატვრობითა და ხელწერითაა გაფორმებული წიგნი - დიახ, ტექსტები ილუსტრირებულიც არის, ხატების სახით და თანაც, ეს ხელნაწერია და არა ნაბეჭდი ასოები, რაც კიდევ უფრო ორიგინალურს, სათუთს და ძვირფასს ხდის მას.
თავის დროზე გამოცემას დამსახურებული აღიარება და დადებითი გამოხმაურებები ხვდა წილად პატარა მკითხველებისა და მათი მშობლებისგან. მოგვიანებით, გამომცემლობას არაერთი წერილი მისდიოდა, მისი ხელახალი გამოცემის თხოვნით.
გამომცემლობა "პალიტრა L-მა" მკითხველების თხოვნა, როგორც ყოველთვის, გაითვალისწინა და ძალიან მალე, სულ რაღაც ერთ კვირაში, „სახარება ბავშვებისთვის“ ხელახლა გამოიცემა! ოდნავ სახეცვლილი ყდით, იმავე გუნდის მიერ შექმნილი და ისეთივე უნიკალური და ძვირფასი. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა პატარა მკითხველის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს! ასე რომ, არ გამოტოვოთ!