10 თვის გიორგი გოგოლიძეს ექიმებმა იშვიათი დაავადება, ვესტის სინდრომი დაუდგინეს. ვესტის სინდრომი მიეკუთვნება საკმაოდ მძიმე და ძნელად სამართავ კრუნჩხვით სინდრომებს. ვესტის სინდრომი, ანუ ინფანტილური სპაზმი მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. ამ დროს, ბავშვის ფსიქიკური განვითარება ძლიერ ჩამორჩება და პროგრესირებად ხასიათს ატარებს. საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია, ამიტომ პატარა გიორგი საზღვარგარეთ საჭიროებს მკურნალობას. ბავშვის მდგომარეობის შესახებ, მისი დედა ქრისტი აბრამოვი გვესაუბრა, რომელიც საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ოჯახს ბილეთის შეძენის საშუალებაც არ აქვს, რომ პატარა საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში წაიყვანოს სამკურნალოდ. მისი მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება.
- ჩემი პატარა ათი თვისაა. სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, ნორმალური მატება ჰქონდა, კარგად იკვებებოდა. სამი თვისას მისცა დაბალი სიცხეები და პირველად მაშინ დაემართა გულყრა. გვყავდა იაშვილის კლინიკაში, ტატიშვილის კლინიკაში ორჯერ ვიწექით. დიაგნოზს ვერ უსვამდნენ, ვერ გებულობდნენ, რა იწვევდა გულყრებს. დროთა განმავლობაში ბავშვს დაეწყო ზრდაში ჩამორჩენა. ბოლო პერიოდში ძალიან მოუხშირა და ახლა დღეში 5-6 ჯერ ემართება გულყრა. 5-10 წუთი არის გათიშული, ვერაფერს ვშველით, თუ თვითონ არ გადაუარა. სანამ შეტევა დაეწყება უკვე გრძნობს და ეშინია, ტირილს იწყებს. მერე უცბად მოდუნდება, ჩაყუჩდება, კონტაქტზე აღარ გამოდის და ვიცი, რომ შეტევა ეწყება.
თავზე გადავუღეთ და იქ გამოჩნდა ფსიქომოტორული ჩამორჩენა. რის მიცემაც შეიძლებოდა, ყველა მედიკამენტი დავალევინეთ. ახლაც ვაძლევთ სამ მედიკამენტს, მაგრამ უშედეგოდ, შეღავათი საერთოდ არ აქვს, მაინც იგივე სიხშირით ემართება გულყრა. თუ გამიცივდა და ცუდად არის, უარესი სიტუაცია გვაქვს. ექიმმა გვითხრა, მე რაც შევძელი გავაკეთე, ჩემი რესურსი ამოვწურეო...
არადა, ძალიან მიჭირს. საკუთარი ძალებით და სახსრებით არ შემიძლია მისი საზღვარგარეთ წაყვანა. საბუთების გაგზავნაც თანხებთან არის დაკავშირებული და მე ამის თანხაც არ მაქვს. თვითმფრინავის ბილეთებსაც ვერ ვიყიდი. ექიმი მიმართვას არ მიწერს, რადგან ფიქრობს, რომ უიმედო მდგომარეობაა... როგორ შევეგუო, როგორ ვუყურო ყოველდღიურად როგორ მადნება ჩემი პატარა ხელებში, როგორ ვიყო უმოქმედოთ? ხან მგონია, რომ მისი ამ მდგომარეობის ყურებას ვეღარ გავუძლებ. ღამე ან მე არ მძინავს, ან ჩემს მეუღლეს, სულ ვდარაჯობთ, რომ ძილის დრო არ მოუვიდეს გულყრა, რაც ხშირად ხდება. ნეტავ ჩვეულებრივი ეპილეფსია ჰქონდეს, ის იმდენად საშიში არაა და არც ისე ხშირად ემართებათ.
მე და ჩემი დედამთილი დედა-შვილივით ვართ. ძალიან მიდგას გვერდით. უფროსი შვილი მყავს, რომელსაც ჩემი დედამთილი პატრონობს. მისთვის თითქმის აღარ მცალია და ძალიან სწყინს. ისიც სულ დათრგუნული და დასტრესილია. ხშირად მსაყვედურობს, რომ მისთვის აღარ მცალია. ეს ფაქტი კიდევ ცალკე მიკლავს გულს.
ვისაც გაქვთ სურვილი, დაეხმაროთ პატარა გიორგის, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:
საქართველოს ბანკი: GE25BG0000000601237400
პირადი ნომერი: 18001048873
მიმღები: მიხეილ გოგოლიძე
მერი ბლიაძე