როდესმე თუ წარმოგიდგენიათ თავი თქვენი შვილის ადგილას სკოლაში, ნებისმიერ გაკვეთილზე? მე, პირადად მქონდა ბედნიერება, რამდენიმე გაკვეთილს დავსწრებოდი. მასწავლებლების კომპეტენციის შესამოწმებლად კი არა, უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორ იყვნენ ჩართულები ბავშვები პროცესში და საერთოდ, როგორ გრძნობდნენ თავს გაკვეთილზე.
პირველი გაკვეთილიდან დავიწყე და მეექვსე გაკვეთილზე, სიმართლე გითხრათ, უკვე ვიტანჯებოდი. ჩვენი შვილები ნამდვილად გმირები არიან ყოველდღიურად რომ 6-7 გაკვეთილს უძლებენ. ნამდვილად დამღლელი პროცესია, თუ მასწავლებელმა რაიმე სიახლე და "გამოსაცოცხლებელი" ელემენტები არ ჩართო გაკვეთილის მსვლელობისას.
ამ ერთდღიანი დაკვირვების შემდეგ, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მასწავლებლების სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მეთქმის. ყველა მათგანი სათანადოდ დაიხარჯა და წუთიც არ დაუკარგავთ გაკვეთილზე, მაგრამ... სამწუხაროდ, მათი საუბარის, მათი ნაამბობის დიდმა ნაწილმა გაკვეთილზე უშედეგოდ ჩაიარა, ჰაერში გაიფანტა ბევრი კარგი ინფორმაცია, რომელიც ბავშვებმა, უბრალოდ, ვერ აღიქვეს. რატომ? ეს არც ბავშვების ბრალია და ბოლომდე არც მასწავლებლების. უბრალოდ, დიდი ხანია სწავლებისთვის მხოლოდ საუბარი, კითხვა-პასუხი, თხრობა და გამოკითხვა დღევანდელ ბავშვებს აღარ აკმაყოფილებთ. მეტი თვალსაჩინოება სჭირდებათ, მეტი ინტერაქცია და მეტი ვიზუალური ეფექტი. გეოგრაფია, ისტორია, თუნდაც საბუნებისმეტყველო საგნები სპეციალური ვიზუალური მასალის გარეშე ძალიან დამღლელია ბავშვისთვის, რომელსაც ისედაც ბევრი სტრესის გადატანა უწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს საშუალება საგაკვეთილო პროცესში ეკრანზე აჩვენოს ის, რის ახსნასაც მასწავლებელი სიტყვიერად ცდილობს. ეს ყველას დააინტერესებს, დროსაც დაზოგავს და გამოაცოცხლებს მეხუთე გაკვეთილზე თითქმის მიძინებულ ბავშვებს.
ეკრანი, პროექტორი, პრეზენტერი აუცილებელია სწავლებისთვის არამარტო სკოლაში, თუნდაც სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე, უმაღლეს სასწავლებელში, ორგანიზაციებში, რომლის თანამშრომლებიც ტრენინგებს გადიან. ეს არ არის მიუწვდომელი ფუფუნება, დღეს ეს სერვისი ხელმისაწვდომი ხდება და უკვე არაერთი სასწავლო დაწესებულება აღიჭურვა მისით. შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ და თავად ნახოთ, რა ფასად არის შესაძლებელი ამ ტექნოლოგიის შეძენა. ამით სწავლების ხარისხი და შესაბამისად, შედეგი, საგრძნობლად მოიმატებს.
რა თქმა უნდა, ბევრი გვყავს ისეთი მასწავლებელი, რომელიც მწირზე მწირი რესურსითაც ახერხებს კარგი შედეგის მიღწევას, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან, მასობრივად საგაკვეთილო პროცესის გაჯანსაღებისთვის კი თანამედროვე ტექნოლოგიები აუცილებელია.