"საავადმყოფოში, ჩქარა, ჩემი შვილი იქააო" - ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ცნობილი კლინიკა ატარებს
"საავადმყოფოში, ჩქარა, ჩემი შვილი იქააო" - ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ცნობილი კლინიკა ატარებს
ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა ყველა მშობლისთვის ნაცნობია. სამაგიეროდ, ცოტამ თუ იცის, ვინ იყო გივი ჟვანია, რომლის სახელსაც ეს კლინიკა ატარებს. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ამ ღირსეულ ექიმზე მეტი ინფორმაციის გაგება.

"სტუდენტებისათვისა და ავადმყოფებისთვის თავგადადებული ექიმი"- ასე იხსენებენ ცნობილ ბავშვთა ქირურგს გივი ჟვანიას ყოფილი პაციენტები და სტუდენტები. ის ფოთში 1927 წელს დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ კი სწავლა თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. 18 წლის განმავლობაში სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი იყო. ასევე
თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი, ბავშვთა ქირურგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

გივი ჟვანიას ორი შვილი ჰყავს და ორივე სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. მის შესახებ მისი ვაჟი, თემურ ჟვანია გვიყვება:

- უბრალო ოჯახში დაიბადა. სულ ოთხნი იყვნენ. ერთი იყო ნინა ჟვანია, რომელიც მერე ქალაქის მერის მოადგილე გახდა, მეორე მამაჩემი და კიდევ ორი და. და-ძმა ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებდა ხალხისთვის. ნინა ჟვანია დღემდე ახსოვს ხალხს" - ამბობს ბატონი თემური.

ყველა ავადმყოფს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილს. ამიტომ სცემდნენ პატივს. დასასვენებლად რომ მიდიოდა, წინა დღეებში ოპერაციას არ აკეთებდა იმიტომ, რომ ყველასთვის თავად უნდა მიეხედა და ამბობდა ხოლმე, გულით
ვერ წავალ და ვერ დავისვენებო. მე იქ დავისვენო და ეს აქ იყოს, არ შემიძლიაო. მძიმე ავადმყოფი თუ იყო, მამაჩემი მასთან რჩებოდა და უვლიდა. წამოვიდოდა, 2 საათი დაისვენებდა და ისევ მიდიოდა. მისთვის ავადმყოფი იყო მთავარი.

ძალიან კარგი მეგობარი იყო. მისი და რომ მუშაობდა მერის მოადგილედ, თავისი საჭიროებისთვის არ მივიდოდა თხოვნით. მეგობრისთვის მივიდოდა და გააკეთებდა. პედიატრიული ფაკულტეტის მამასავით იყო იმიტომ, რომ ყველა პედიატრს ყურადღებას აქცევდა. სტიპენდიას რომ მოუხსნიდნენ ან რომ რიცხავდნენ ფაკულტეტიდან, ყოველთვის ყველა სტუდენტს იცავდა. თუ დააშავებდა ვინმე რამეს, სტიპენდიის მოხსნით დაემუქრებოდა. თუ ის ეტყოდა, რომ სტიპენდია არ ჰქონდა, მამაჩემი ეუბნებოდა, ჯერ დაგინიშნავ და მერე მოგიხსნიო. გადაყოლილი იყო თავის სტუდენტებზე. მისი ისდეით და ნინა ჟვანიას მხარდაჭერით ამხელა კლინიკა აშენდა.
გივი ჟვანია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 20 სექტემბერს 92 წელი შეუსრულდებოდა. მისი ყოფილი სტუდენტი, ია სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
mshoblebi
"დღეს, თურმე, 92 წლისა გახდებოდა! არაჩვეულებრივი ქირურგი და პედაგოგი, სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დეკანი - ბატონი გივი ჟვანია! გულისხმიერი, თბილი, უსაყვარლესი, დიდი ადამიანი! ყველა პედიატრის მამა! სანამ ცოცხალი ვარ, მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები! მოვყვები ამ ამბავს, ღირს გახსენებად: 1990 წელი იყო, მე-4 კურსზე ვიყავი, 2 თვის მყავდა პირველი შვილი და ერთ ღამეს ბავშვის არაბუნებრივმა, ჩაბჟირებულმა ტირილმა გამაღვიძა. გავხსენი (მაშინ ტოლმებივით ვახვევდით ჩვილ ბავშვებს) და მარჯვენა საზარდულთან ამობურცულობა დავინახე - თიაქარი! თავზარი დამეცა. ღამის 3 საათი იყო - მახსოვს, იმიტომ, რომ საათს შევხედე და გავიფიქრე, როგორ უნდა დავურეკო-მეთქი... შვილის ტირილმა დამარეკინა... საავადმყოფოში, ჩქარა, ჩემი შვილი იქააო - მითხრა. გავცვივდით მე და ჩემი მეუღლე. თვითონ დაუსწრია მისვლა! - მაინც მინდა, ვნახოო... რომ დავინახე, მეგონა, ღმერთი დამხვდა საავადმყოფოში! გახსნა, ჯადოქრულად დაადო ორი თითი და ამობურცულობაც გაქრა და ბავშვიც გაჩუმდა. ეს კაზანოვა ჯერ საოპერაციო არაა, უნდა ვადროვოთ, შეიძლება, 2-3 თვეში ხვრელი თავისით დაიხუროს, თუ არადა, უფრო მოზრდილი იქნება ოპერაციისათვისო. ამ დროის განმავლობაში თუ კიდევ ჩაეჭედება, შენ თვითონ ჩასვამო (მასწავლა, - როგორც), თუ ვერ ჩასვამ, რა დროც არ უნდა იყოს, მირეკავო... დაიმედებული წამოვედი, მთელი ღამის ნაჩხავლებ შაკოსაც ჩაეძინა და მეც მკვდარივით მივეგდე. უცებ დედაჩემი მაღვიძებს - ჯგუფელი გირეკავსო. მივლასლასდი ტელეფონთან და გავშეშდი, - გოგო, დაიწყეს უკვე გამოძახება და სახლში რა გინდაო?! გამოცდა გვქონდა! ნევროლოგიაში! დამავიწყდა! არადა, ნასწავლი მქონდაა? - ქვას გავხეთქავდი! ვერ მივასწარი... სასწრაფოდ ისევ - ზარი ბატონ გივისთან! წუხანდელი სტუდენტი ვარ ისევ, ბატონო გივი-მეთქი, წამხდარი ხმით ვუთხარი... ასე სწრაფადო? გამოაქცუნე ისევო - დაფაცურდა ნათელი ადამიანი... და, მე - არა, ბატონო გივი, დღეს ნევროლოგიის გამოცდა გვქონდა და დამავიწყდა-მეთქი... შენ მომკალი, სულაბერიძეო, რომ მითხრა, ისევ დავიმედდი... მივადექი მეორე დღეს. - ავუხსენი ნოდარს და გადაგიტანა გამოცდა, მაგრამ, არ შემარცხვინო, იცოდეო... არ შემირცხვენია! "ხუთიანი" მომიხაზა ქავთარაძემ. იმავე საღამოს ზარი გაისმა, ტელეფონს ვუპასუხე და... ბატონი გივის საყვარელი ხმა: ნოდარიმ მითხრა, გასახელა შენმა პროტეჟემო, მადლობა, კაი გოგო ხარ, რომ არ შემარცხვინეო... დავჯექი და სიხარულით და სიყვარულით ვიტირე... ახლაც ვტირი... არავინ და არაფერი ვიყავი მე ბატონი გივისა, სრულიად არაფერი, გარდა მრავალთაგან ერთი სტუდენტისა... თუმცა, მეტი რაღა უნდა ვყოფილიყავი, ვთქვი ზევითაც - ყველა პედიატრის მამა იყო კაცი! ადამიანობის, პროფესიონალიზმის, პედაგოგობის ეტალონი."

"ბიოლოგიის გამოცდაზე,საკითხების გადაკითხვისას მომეჩვენა,რომ ძალიან ძნელი ბილეთი შემხვდა და ვერ დავწერდი. ამეტირა, ბატონი გივი მოვიდა,მკითხა და ჩემი შიშის შესახებ,რომ ვუთხარი, მითხრა, მთავარია, დაწერო, რაც იციო.. დამამშვიდა... ასე მივიღე ოთხიანი და იმ წელს ჩავაბარე კიდეც... სიცოცხლეში ვერ ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა."- იხსენებს მისი კიდევ ერთი სტუდენტი.

"აღარ იბადებიან სეთი სრულფასოვანი და გენიალური ადამიანები. ის იყო ადამიანი გენია. თან სრული ნატურალობით, ადამიანური უბრალოებით და დიდი ადამიანობით." - საუბრობენ მასზე

"ბატონ გივისთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა. საოპერაციო მაგიდასთან მასთან ერთად 10 წელი ვმუშაობდი. ის იყო არჩვეულებრივი ბავშვთა ქირურგი. ამ კლინიკაში მე სულ ახალგაზრდა ანესთეზიოლოგი მივედი. ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ბავშვთა მე–6 საავადმყოფოში მან გააერთიანა ყველა ბავშვთა ზოგადი ქირურგები და ბავშვთა ზოგადი ქირურგიული ცენტრი შექმნა. ბატონმა გივიმ ბავშვთა ზოგადი ქირურგიის დიდი სკოლა დატოვა. ასევე, ის იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი. ყველა პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მას მოიხსენიებს, როგორც მამას. იგი იყო სტუდენტზე ორიენტირებული და ძალიან უყვარდათ", – განაცხადა თსსუ–ს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ლია ძიძიგურიმა, გივი ჟვანიას 90 წლის იუბილეზე.

გივი ჟვანიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ყოფილ პაციენტებსა და სტუდენტებს კი სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.

თამარ იაკობაშვილი

42336
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
შაკო
0
ქალბატონო მზია, ახლაც იბადებიან კარგები მაგრამ სამწუხაროდ ცუდად ზრდიან მშობლები, მაგაშია საქმე. მოდაშია ბავშვის გათავხედება, მატერიალისტად და სნობად აღზრდა, გატუტუცება. 90% ასე ზრდის ბავშვებს. ბატონი გივის ბავშვობაში როგორი აღზრდა იყო აბა გავიხსენოთ.
11:14 / 04-10-2019
S
0
დიდებული ხალხი-გივი და ლეილა,ნინო და ივანე, მარგო და სხვები-ყველა პატიოსნების და ზნეობის ეტალონი.
10:32 / 04-10-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?