სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგს საკვები და ტანსაცმელი სჭირდება, ზოგს კი თანხის გადაუხდელობის გამო ბინიდან აგდებენ. თუმცა, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც სხვის სიკეთეს ბოროტად იყენებენ და თაღლითობენ. შემოგთავაზებთ რამდენიმე მოტყუებული ადამიანის ისტორიას და რეკომენდაციას, როგორ უნდა გაარჩიოთ, ვინ ითხოვს რეალურად დახმარებას და ვინ თაღლითობს.
სალომე მამუჭაძე:
- რამდენიმე თვის წინ, ან შეიძლება 1 წელიც იყოს გასული, შემხვდა ერთ-ერთი დედის მიერ დაწერილი პოსტი, რომ სჭირდებოდა თანხა თავისი ავადმყოფი პატარისთვის. ვთხოვე ანგარიშის ნომერი და გადახდის ეტაპზე რომ მივედი, ანგარიშის მფლობელი აღმოჩნდა სხვა პიროვნება, რომელიც მე და კიდევ რამდენიმეს, დახმარების მსურველს, სრულიად სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიდა.
საბოლოოდ, ძიებების შემდეგ გავედით დედაზე, რომელსაც ნამდვილად სჭირდებოდა ჩვენი მხარდაჭერა. ამ გოგოს მართლა ჰყავდა შვილი ავად (სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა დაიღუპა ბავშვი) და გვერდში დგომას საჭიროებდა, თუმცა ეს თაღლითი არათუ ეხმარებოდა, არამედ ამ თანხებს თავად იყენებდა, საკუთარი ინტერესების მიხედვით. საწყალ დედას შეჰპირდა, თითქოს მის დასახმარებლად ეძებდა ადამიანებს და თანხებს არიცხვინებდა კიდეც, თუმცა ჩარიცხული თანხით თვითონ სარგებლობდა და მხოლოდ 2-ჯერ მიაწოდა გაგზავნილი საკვები, ბავშვის ჩასაცმელი და 50 ლარის ოდენობის თანხა, როცა უკვე ჩვენც ჩავერიეთ. მანამდე დღეების მანძილზე ისაკუთრებდა იმ ქალის თანხას.
სოციალურ ქსელში კიდევ რამდენიმე მომხმარებელი წერს საკუთარ ცუდ გამოცდილებაზე:
ინტერნეტბანკით ჩავურიცხე ერთ ქალს და საერთოდ სხვა სახელი და გვარი დამიწერა, გადავამოწმე და იმაზე დიდი ბავშვები ჰყავს, რასაც ამბობს. მოტყუებული დავრჩი. დახმარების სურვილი დავკარგე, არავის აღარ ვენდობი. ნახევარზე მეტს ყალბი ექაუნთები აქვს და მგონია, არც ჰყავთ სინამდვილეში პატარა შვილები. მე ვეხმარებოდი ერთ ქალბატონს, საკმაოდ დიდხანს. მჯეროდა, რომ ძალიან უჭირდა და საჭიროებდა ხელის გამართვას. ჩემს საკუთარ შვილს მოვაკელი ბევრჯერ რაღაც, რომ მისთვის მეყიდა. მერე კი აღმოვაჩინე, რომ არც მარტოხელა იყო, როგორც წერდა, ქმარიც გვერდით ჰყავდა, სახლიც ჰქონდა, სოციალურიც ერიცხებოდა და მაინც გამუდმებით ითხოვდა დახმარებას - ხან გაზის ფულს, ხან დენის ფულს... ტანსაცმელს რომ შესთავაზებდი, ეგ არც უნდოდა, მხოლოდ ფულის ჩარიცხვა... ერთ მრავალშვილიან დედას ვეხმარებოდი ჩემი შვილების ერთხელ ან ორჯერ ნაცვამი ძალიან კარგი ტანსაცმლით. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ამ ტანსაცმელს ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში ყიდდა და შვილებს არც აცმევდა. ასეთი ადამიანები სულ გიკარგავენ დახმარების სურვილს.
რეკომენდაციები, როგორ შეიძლება დაიცვათ თავი თაღლითებისგან:
გადაამოწმეთ, პირადი პროფილით ითხოვს დახმარებას თუ ყალბი გვერდი აქვს. შეამოწმეთ, რამდენად ემთხვევა ანგარიშის ნომერში მითითებული სახელი და გვარი რეალურად იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელსაც ეხმარებით. ყურადღება მიაქციეთ პოსტის ქვეშ დაწერილ კომენტარებს, შესაძლებელია სხვა ადამიანები წერდნენ, რომ პირი, რომელიც დახმარებას ითხოვს, თაღლითია თუ სხვისი სახელით ითხოვენ დახმარებას, დაუკავშირდით მათ, რამდენად მიიღეს თქვენ მიერ გაღებული სიკეთე. გახსოვდეთ, გაუზიარეთ თაღლითობის ყველა მცდელობა სხვა ადამიანებსაც, რომ ისინიც არ შევიდნენ შეცდომაში.
თამარ იაკობაშვილი