14 წლის გიორგი ვენკოს შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო. დედა ქართველი ჰყავს, მამა კი ამერიკელი. ბიჭმა 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში, ბროწლიანის სათნოების სახლის დასახმარებლად. ამ ფულით მოხუცებს წყალი გაუყვანა, სახურავიც გამოუცვალა და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკში შეძლო. 14 წლის ბიჭი საქველმოქმედო საქმიანობას დღესაც აგრძელებს. თანხის მოძიებას მშობლებისგან დამოუკიდებლად ახერხებს, უფროსები მის საქმეში არ ერევიან. გიორგის კიდევ ორი ძმა ჰყავს, რომლებიც ასევე ჩართულები არიან ქველმოქმედებაში.
ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ამ ქართველ-ამერიკელი ოჯახის გაცნობა, რომლის სამი ვაჟიც ასეთი ენთუზიაზმით ცდილობს ჩვენი შეჭირვებული თანამემამულეების დახმარებას.
გიორგის ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მის ოჯახს საქართველო განსაკუთრებით უყვარს. დედამისმა, თიკა სვანიძე-ვენკომ 21 წლის ასაკში დატოვა საქართველო და ჰოლანდიაში წავიდა. უცხო ქვეყანაში თავისი ქვეყნის სიყვარული ვეღარ დაიტია და გაუჩნდა სურვილი, სხვებისთვისაც გაეცნო ის. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, იცხოვრა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასდროს დაუკარგავს:
- გრონინგენში დავამთავრე უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობა და ტურიზმი. პროფესიით, მუსიკოსიც ვარ. ვიდრე ჰოლანდიაში წავიდოდი, ილიას სახელობის უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე ვისწავლე 2 წელი. გრონინგენში სწავლის დამთავრების შემდეგ, ჰოლანდიაში ერთ-ერთ დიდ ტურისტულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. დამყავდა ძალიან დიდი დელეგაცია მოსკოვში, პეტერბურგსა და სკანდინავიის ქვეყნებში. იმდენად მოსწონდათ რუსეთი, სულ ვფიქრობდი, რუსეთი რომ ასე მოსწონთ, საქართველოში რომ ჩავიყვანო, რა დაემართებათ-თქო. ისე გამოდიოდა, რუსეთზე რომ უნდა მესაუბრა, ჩემდა უნებურად, საქართველოზე გადავდიოდი. ვუყვებოდი მათ ჩვენს ტრადიციებსა და წარსულზე. ხალხში აღტაცებას იწვევდა ჩემი მონაყოლი, ტურის ბოლოს ინტერესდებოდნენ, იყო თუ არა ტურები საქართველოს მიმართულებით. შემდეგ შევთავაზე ჩემს კომპანიას, მაგრამ, მათ ვერ წარმოედგინათ, საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველო ასე თუ დააინტერესებდათ ადამიანებს. უარი მითხრეს საქართველოს მიმართულებით ტურის გაკეთებაზე, მაგრამ, დამპირდნენ, მე თუ გავაკეთებდი, ხელს შემიწყობდნენ. საქართველოსთან დაშორება ძალიან რთულია, თუ სულით ქართველი ხარ. ამას სხვაგან ვერ იპოვნი იმიტომ, რომ საქართველო მართლაც უნიკალურია. მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე ვიცხოვრე, მაგრამ საქართველო არსად განმეორებულა. ჩემი მონატრება გადავიტანე ჩემს ბიზნესში და გავხსენი კომპანია "თიკა ტური“. წინასწარ ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ ვგეგმავდი ტურის გაკეთებას საქართველოს მიმართულებით და ჩემდა გასაოცრად, უამრავმა ტურისტმა გამოთქვა აქ მოგზაურობის სურვილი . მერე დავამატე ტურები და სამი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჩამოვიყვანე საქართველოში
- თავიდან რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?
- სასწავლებლად წავედი გრონინგენის უნივერსიტეტში. როცა კომპანია გავხსენი, შევხვდი ჩემს მეუღლეს. ის ამერიკელია, სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი მატარებელში. მაშინ 30 წლის ვიყავი და ვიფიქრე, რომ ის ჩემი ოცნების მამაკაცი იყო. მანამდე არავინ მომწონდა. ვიცოდი, არ გავთხოვდებოდი, სანამ ჩემი ოცნების მამაკაცი არ შემხვდებოდა ცხოვრებაში. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ნიუ-იორკში, ერთ წელიწადში დავქორწინდით. შემდეგ სინგაპურში გადავედით საცხოვრებლად. ჩემი მეუღლე მუშაობს ერთ-ერთ შვედურ-ჰოლანდიურ ქიმიურ კომპანიაში, დააწინაურეს და სწორედ ამიტომ გადავედით იქ საცხოვრებლად. ჩააბარეს აზიის 36 ქვეყანა, ასევე ახალი ზელანდია და ავსტრალია. სამ წელიწადში შეგვეძინა სამი ბიჭი - გიორგი, ლევანი და თემური. მე გავაგრძელე ჩემი ბიზნესი და ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. დავიწყე სინგაპურიდან, მალაიზიიდან, ბრუნეიდან, ინდონეზიიდან და ტაილანდიდან ტურისტების შემოყვანა საქართველოში. საქართველო ჩემი მამოძრავებელი ძალა და ენერგიაა. მის ირგვლივ ვბრუნავ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდე და ეს ჩემთვის იმ ტკივილის შემსუბუქებაა, რასაც მისგან განშორებით ვგრძნობ. შემდეგ საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავედით. 2008 წელს, ომის გამო ტურიზმი გაჩერდა. ჩემი დედამთილი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტია, მას ვთხოვე და გავაფორმეთ მემორანდუმი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც კარგი პროექტები გაკეთდა. უკვე 6 წელია ამსტერდამში ვცხოვრობთ. იქ დაბრუნებისას გავხსენი ქართული კულტურისა და სასულიერო ცენტრი, სადაც საკვირაო სკოლა გვაქვს, ჩემი ბიჭებიც აქ დადიოდნენ. გვაქვს სიმღერის, კულინარიის, ჭადრაკის გაკვეთილები. მეუფე დოსითეოზთან ერთად, გავხსენით ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. მამაოები და მეუფე ბელგიიდან ჩამოდიან წირვის ჩასატარებლად. აქ ბევრი ბავშვი ინათლება და ბევრი წყვილი იწერს ჯვარს. ვატარებთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს და ჩამოგვყავს სხვადასხვა ანსამბლი საქართველოდან. ჩემი კომპანიის მოგების დიდი ნაწილი ხმარდება საქართველოში ქველმოქმედებას.
- რამდენად ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში?
- ძალიან ხშირად ჩამოვდივარ. ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, თვეების განმავლობაში ვრჩებოდი. მერე ბაღი და სკოლა დაეწყოთ და ამდენ ხანს ვეღარ ვრჩებოდი. ჩემი ბიზნესისთვის წელიწადში 4-ჯერ მაინც მიწევდა ჩამოსვლა. ახლა 10-ჯერ მაინც ჩამოვდივარ.
- მოგვიყევით თქვენს შვილებზე, რას საქმიანობენ ისინი და საიდან გაუჩნდა გიორგის იდეა, რომ საქველმოქმედო ღონისძიება გაემართა თავშესაფრის დასახმარებლად?
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩემს შვილებთან ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს უცხო ენაზე. ქართულად გამართულად წერენ, კითხულობენ, მღერიან და ცეკვავენ. ქართული სულით გავზარდე. მინდოდა, საქართველოსთან მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ. გიორგი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანია, ბავშები აღსარებასაც ამბობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ის ამსტერდამის ინტერნაციონალურ საერთაშორისო სკოლაში სწავლობს და ბავშვი რომ ხედავს, ჩართული ვარ საქველმოქმედო პროცესებში, საქართველოზე ვფიქრობ, აქედან ალბათ მასაც გაუჩნდათ დახმარების გრძნობა. 4-5 წლისები იყვნენ, როცა ყაზბეგში მიმყავდა, მაშინ ცუდი გზა იყო და სულ ამბობდნენ, რა ცუდი გზაა, ეს უნდა გავაკეთოთო. 12 წლის იყო გიორგი, როცა მითხრა, რომ უნდოდა საქართველოს დახმარება და დაინტერესდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. სიღნაღის რაიონში გვაქვს სოფელი, სადაც მე და ჩემმა ძმამ ბავშვობა გავატარეთ. რეგიონებზე უფრო მაქვს ყურადღება გადატანილი. თეატრებსაც ვეხმარები, ვცდილობ, რომ რეგიონები გავაცოცხლო. სოფლის სკოლებში ბავშვებმა ინგლისური არ იცოდნენ და დიდი ხნით რომ ჩამოვდიოდით, გაკვეთილებს ვატარებდით. გიორგის შევპირდი, საქართველოში რომ ჩავალთ, ერთად მოვიკითხოთ, ვის სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენი დახმარება და იმას დაეხმარეთ-თქო. გვითხრეს, რომ ბროწლიანის სათნოების სახლიში 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს და მივედით. ბავშვი ძალიან შეწუხდა და უთხრა, სამი რამ მითხარით, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ და დაგეხმარებითო. შეხვდა დირექტორს და მან უთხრა, რომ წყალი სჭირდებოდათ, არ ჰქონდათ სარეცხის მანქანა და სახურავი იყო გამოსაცვლელი, წყალი ჩადიოდა სახლში. ჩამოვიდა თუ არა, მივიდა თავის სკოლასთან, უთხრა, რომ ხალხს დახმარება სჭირდებოდა საქართველოში. სკოლაში განცვიფრდნენ, 12 წლის ბავშვს საიდან მოუვიდა მსგავსი იდეა და გვერდით დაუდგნენ. ჩამოაყალიბა ფონდი "დავეხმაროთ საქართველოს“. გააკეთა პრეზენტაციები, მოიწვია მშობლები. ჩამოაყალიბა კლუბი სკოლაში, სადაც 30 ბავშვი გაწევრიანდა. ბავშვებს გამოუცხადა, რომ ვისაც გინდათ ჩემს კლუბში გაწევრიანება, 200 ევრო უნდა შემოიტანოთო. რვა თვეში მოაგროვა 12 ათასი ევრო. სულ თვითონ მოაგვარა ყველაფერი, თავად დარეკა, ჩამოვიდა საქართველოში და ჭაბურღილი გაიყვანა. წყლის პრობლემა მოაგვარა, სარეცხი მანქანა მაშინვე უყიდა, რომ ხელით აღარ ერეცხათ. გახსნაზე მერიც ჩამოვიდა. გიორგი 13 წლის იყო, ლევანი 12-ის და თემუკა 11-ის. ეს რომ დაინახეს ლევანმა და თემუკამ, მითხრეს, რომ თავადაც უნდოდათ რაღაც გაეკეთებინათ. გავარკვიეთ, რომ კიდევ რამდენიმე სათნოების სახლი იყო კახეთში. თემუკა წნორის მოხუცთა თავშესაფარში რომ მივიყვანე, 11 წლის იყო და ორივე ვუთხარი, თქვენ ერთ სახლს უპატრონეთ-თქო, მაგრამ უარი მითხრეს, ცალ-ცალკე მივხედავთო. ისინიც ეხმარებიან ამ სახლებს. გიორგიმ სახურავის გამოსაცვლელადაც გააკეთა პროექტი, 70 ათასი ლარი ჯდებოდა, დაახლოებით. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ეს თანხა თავად შეაგროვა და გამოცვალა. ფანჯრებიც გამოცვალა და სახლი გაარემონტა. ახლა უნდა რომ მზის გამათბობელი დაუყენოს, რაც დაუზოგავთ თანხას და მოხმარდება ბენეფიციარებს. რუსთაველის თეატრში დააჯილდოვეს, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედი.
- როგორც ჩანს, ბავშვებმა მაგალითი თქვენგან აიღეს...
- დიახ, ჩემი მეუღლეც სულ ცდილობს დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას. განვახორციელეთ დიდი ინვესტიციები. რესტორან "მარანის“ ადგილას მეხუთე საუკუნის გოგირდის აბანოა და საშინელ მდგომარეობაში იყო. აგურ-აგურ გავაკეთეთ. ჩამოგვყავს უამრავი სტუმარი, ვაცნობთ ქართულ კულტურას, ვატარებთ მასტერკლასებს.
- საქართველოდან მოშორებით ცხოვრობთ, ყველაზე მეტად რა გენატრებათ ხოლმე?
- ჰოლანდიაში მენატრება მზე და სითბო, რაც აქ არ არის. განსხვავებულია ურთიერთობებიც. ყველაფერი მენატრება. ჩემი მეუღლე და შვილები ქართულს ყველაფერს აფასებენ. ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს და ძალიან უყვართ. აქ ხალხი გაცივებულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გიღიმის და გესალმება, ეს უბრალოდ კულტურაა და გულიდან არ არის წამოსული.
- თუ განსხვავდება დედებსა და შვილებს შორის
ურთიერთობები
საქართველოსგან და როგორ მოახერხეთ, რომ თქვენს შვილებს ასე ყვარებოდათ საქართველო და ესაუბრათ, როგორც მშობლიურ ენაზე?
- ძალიან განსხვავდება. შვილი დედასთან ვერ მივა, თუ წინასწარ არ დაურეკა და არ გააფრთხილა. ურთიერთობები ფორმალური და გაცივებულია. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ოჯახური სითბო და სიყვარული. ასე ვზრდი ჩემს შვილებს. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყოთ, ბავშვებმა იციან ქართული სიყვარული. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩემს გარშემო ბავშვები არიან. მათთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჩემი ბიზნესი. 24 საათი მათთან ვიყავი, როცა ვჭირდებოდი. ენის სწავლა, კითხვა, სიმღერები, ყველაფერში ვეხმარებოდი. როცა დაიძინებდნენ, მერე ვაკეთებდი სამსახურის საქმეებს. გვიყვარს მოგზაურობა, სპორტით ვართ დაკავებული, დავრბივართ, გიტარაზე და ფორტეპიანოზე უკრავენ ბიჭები. მასწავლებლებიც კი ქართველები გვყავს. ჩემი ყველას მირჩევნია. რასაც ჩადებს მშობელი შვილში, იმას დაინახავს მომავალში. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილები ასეთები არიან. ჩემი მეუღლე ამერიკელია, ბევრი ოჯახი მინახავს, სხვა ქვეყანაში დედაც ქართველი რომაა და მამაც და ბავშვმა რომ მაინც არ იცის არც ქართული ენა და არც ქართული კულტურა. ეს კატასტროფა და დაღუპვაა თავიანთი იდენტობის. ჩემს შვილებს სხვა ენაზე არ ველაპარაკები. ინგლისურად ლაპარაკობენ მამასთან, ინგლისურად სწავლობენ სკოლაში, ჰოლანდიური და ჩინურიც იციან, უცდიათ ჩემთან ინგლისურად დალაპარაკება, მაგრამ ყოველთვის მითქვამს, რომ არ ვიცი ინგლისური, ქართულად მელაპარაკეთ - თქო. ეცინებათ ხოლმე, აბა მამას ლაპარაკს როგორ იგებო და ვეუბნები, მარტო მამიკოს ინგლისური მესმის, თქვენიდან ვერ ვიგებ-თქო. მე რომ მათთან სხვა ენაზე ლაპარაკი გამეგრძელებინა, რა თქმა უნდა, ქართულს დაივიწყებდნენ.
თამარ იაკობაშვილი
14 წლის გიორგი, რომელმაც მოხუცებულთა დასახმარებლად 40 ათასი ევრო შეაგროვა