თუ თქვენ რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი ხართ, ერთხელ მაინც მოუსმენდით ამ უტკბილეს სიმღერას. ეს საოცრად მუსიკალური ბავშვები და-ძმა - ისააკი და ნორა არიან.
ისინი სწორედ თავიანთი მუსიკალური ნიჭის წყალობით და სოციალური ქსელების საშუალებით გაიცნო მსოფლიომ. და-ძმის შესაძლებლობებმა და განსაკუთრებულმა ტალანტმა გულგრილი არც ქართული აუდიტორია დატოვა. მათ ვიდეოებს ”ფეისბუქის” ქართველი მომხმარებლები ხშირად აზიარებენ და ზოგიერთი უკვე მათი ერთგული მსმენელიც კი გახდა.
ისააკი და ნორა წარმოშობით სამხრეთ კორეიდან, სეულიდან არიან, თუმცა ოჯახი საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კემპერში ცხოვრობს. მთავარი წარმატება ოჯახს კუბურმა სიმღერამ, ”Veinte Anos”, მოუტანა. ეს სიმღერა ტრადიციული კუბური რეპერტუარიდანაა, ის 1935 წელს გილერმინა არამბურუმ და მარია ტერესა ვერამ დაწერეს.
პატარა მუსიკოსების ვიდეომ გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში 27 მილიონი ნახვა დააგროვა.
ისააკი 11 წლისაა. ის საყვირსა და დრამზე უკრავს, 8 წლის ნორა კი, მღერის, უკრავს აკორდეონსა და უკულელეზე. ბავშვებს გიტარით აკომპანირებას მამა, სახელად ნიკოლასი უწევთ, მათ ვიდეოებში ჩანს ბავშვების ბიძია ტომასიც, რომელიც აკორდეონსა და ტუბაზე უკრავს.
ალბათ იკითხავთ, სად არის ბავშვების დედა. ცხადია, არც ისაა უსაქმოდ. ვიდეოები სწორედ ბავშვების დედის, კეტრინის გადაღებულია.
ნორას ულამაზესი ხმა აქვს და ძალიან მომხიბვლელი ნატურით გამოირჩევა, მისი მიმიკები, მუსიკალურობა უჩვეულო და ბავშვურ სამყაროში გამოგზაურებთ. გოგონა და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში წარმოუდგენლად პოპულარულია. ინტერნეტში წარმატება კი მათ პირველი ალბომის გამოშვებაში დაეხმარა. ალბომს Jazz (& Love) Studies ჰქვია.
მუსიკოსების რეპერტუარი ძირითადად ჯაზის პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ ამასთანავე, ისინი მსმენელს ბევრ განსხვავებული ჟანრის მუსიკალურ ნომერს სთავაზობენ. ისააკსა და ნორას სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას მამა და ბიძა ასწავლიან. მამა ამბობს, რომ ნორას, რომელიც ასეთი შთამბეჭდავი ხმით გამოირჩევა, ვოკალის პედაგოგი საერთოდ არ ჰყავს, რომ ბავშვებში ეს ნიჭი თანდაყოლილია და ყოველივეს ძალიან მარტივად ითვისებენ.