ბოლო დროს მედიასაშულებებიდან ხშირად გვესმის საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულიმიწისძვრის შესახებ ინფორმაცია. საბედნიეროდ, უმრავლესობა მცირე სიმძლავრისაა და ნგრევას არ იწვევს. რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში სეისმოაქტივობის თვალსაზრისით, რამდენად მზად ვართ და როგორ უნდა დავიცვათ თავი მიწისძვრის დროს - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძეს გავესაუბრეთ:
- საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. თქვენ თუ გადახედავთ ბოლო ერთი, ორი ან თუნდაც ათი წლის მონაცემებს, მიწისძვრები ყოველთვის ხდებოდა საქართველოში. გააქტიურებული არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.
- საქართველოში თუ არსებობს განსაკუთრებული რისკის ზონები, სადაც ყველაზე ხშირადაა მიწისძვრის ეპიცენტრი?
- რეალურად, მთლიანად ტერიტორია არის სეისმურად აქტიური. თუმცა, ხშირი მიწისძვრების კუთხით ყველაზე მეტად აქტიურია რაჭის სეგმენტი, ჯავახეთი და კახეთის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი.
- რა ზიანის მოტანა შეუძლია პატარა ბიძგებს, რომლებიც არ იწვევს ნგრევას?
- პატარა ბიძგებს ზიანი არ მოაქვს, უბრალოდ ასეთი ტიპის მუდმივი რყევები ინფრასტრუქტურისთვის არ არის კარგი. ამიტომ, ინფრასტრუტურაც შესაბამისად უნდა იყოს დაპროექტებული, რომ გაუძლოს ხოლმე მუდმივ ბიძგებს.
- საქართველოში როგორც ძველი, ასევე თანამედროვე შენობები, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და რამდენბალიან მიწისძვრებზეა გათვლილი?
- ამ ინფორმაციას არავინ ფლობს იმიტომ, რომ ინსპექტირების სამსახური საქართველოს ფაქტობრივად არ ჰყავს. მსოფლიო ბალის სისტემას აღარ იყენებს, საქართველო ჩამორჩენილია ამ კუთხითაც და ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ განათლების კუთხით. სერიოზული პრობლემებია, ფაქტობრივად, ქვეყანას სპეციალისტები აღარ ჰყავს.
- რეგიონში ატომური ელექტროსადგური გვაქვს, რა საფრთხეს წარმოადგენს ხშირი მიწისძვრები და რა სიძლიერის ბიძგს შეიძლება გაუძლოს მან?
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება, როგორც ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, ასევე სხვა დიდი ნაგებობები, რომლებსაც საფრთხის მოტანა შეუძლია. უარესი ბომბი გვაქვს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სახით ქვეყანაში, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. საბჭოთა კავშრიდან მოგვსდევს მემკვიდრეობა, ერთია რაზეა გათვლილი და მეორეა, რა მდგომარეობაშია ნაგებობა. ეს ორი ცნება ერთმანეთს არ ემთხვევა. ღმერთმა იცის, რა ხდება. არავის ეს არ შეუმოწმებია. მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით, მე თამამად ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ენგურის ჰიდროელექტროსადგურს და მის უსაფრთხოებას რუსი მეცნიერები სწავლობენ, რაც ტრაგედიაა ამ ქვეყნისთვის.
- რეკომენდაცია რომ მისცეთ ადამიანებს, როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს?
- ჩამოცვენილი საგნები რომ თავში არ მოგხვდეთ, მაგიდის ქვეშ უნდა შეხვიდეთ ან საყრდენ ბოძებთან უნდა დადგეთ. ლიფტში არ შეხვიდეთ და კიბეები არ გამოიყენოთ. ეს ძირითადი წესებია, მაგრამ არაფერი არ გიშველით, თუ შენობამ ვერ გაუძლო.