დინა მირცხულავა ქართველი მწერალია, რომელმაც ექვსი თვის წინ, შვილთან, 13 წლის ილიკოსთან ერთად, საფრანგეთში, ემიგრაციაში გადაწყვიტა წასვლა. ამბობს, რომ ახლა ”საშოვარზე გასული, გაწიაწებული სული და ცარიელი ადამიანია უსამშობლოდ.”
წავიდა იმიტომ, რომ აქ ”ყველგან დაბლოკეს” და მუშაობა ვერსად დაიწყო. ყველაზე მეტად მეგობრები, მშობლები და ძმის საფლავი ენატრება. დინას ცხოვრებაში ბევრი ტკივილია, მაგრამ ამასთანავე სასიამოვნო სიახლეც - პარიზმა მას დიდი სიყვარული აპოვნინა. მწერალი ახლა დანიშნულია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს. საერთოდაც, გვეუბნება, რომ მისი ყველა გეგმა საქართველოს უკავშირდება.
- ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ვიყავი და რაღაცები არ მეპატია, აბსოლუტურად ყველგან დავიბლოკე, ვეღარსად დავიწყე მუშაობა. მცხეთის მუნიციპლაიტეტში ვმუშაობდი, საიდანაც გამომიშვეს, წერა-კითხვა არ იცისო. მერე ვერსად ვერაფერი ვერ ვიშოვნე და გადავწყვიტე, რომ ემიგრანტობას შევდგომოდი. ახლა საშოვარზე გასული, გაწიაწებული სული ვარ, ძალიან ცარიელი ადამიანი ვარ სამშობლოს გარეშე და ძალიან მინდა დაბრუნება. რომ არა შვილი, მშობლები, ალბათ, ერთი დღეც არ დავრჩებოდი.
ერთხელ მყავდა ნანახი, ვიზუალის გამო დამამახსოვრდა იმიტომ, რომ ძალიან სიმპატიურია და აქ, სასტუმროში შევხვდით ერთმანეთს.
აღმოჩნდა, რომ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. მისი სახელი მერეც ხშირად მესმოდა, როცა ვნახე, უცებ აღვიდგინე და ასე დაიწყო ურთიერთობა. უცნაური ის იყო, რომ როცა შევხვდი, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ჯოხით დადიოდა. ვიფიქრე, რომ ეს კაცი ინვალიდი იყო, ასე ჩავთვალე და მზად ვიყავი იმისთვისაც, რომ ეს ინვალიდი ბიჭი უფრო ახლოს გამეცნო. აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანია.
და რაც მთავარია, ჩემი ადამიანია... როცა პირველ პაემანზე წავედი მასთან და კიბეებზე ავდიოდი, მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობდი : "ღმერთო, ეს ნაბიჯები არ მანანო-თქო " და უკან გზაზე იმავე კიბეებზე რომ ჩამოვდიოდი, უკვე მიყვარდა... ძალიან მიყვარდა... ასე მარტივად ხდება ნამდვილი სიყვარულები...
- არა, პირველი ქორწინების დროს დედამთილმა არ დამიწუნა, მაგრამ პირველი ქორწინების შემდეგ, აბსოლუტურად ყველა სადედამთილო მიწუნებდა. ერთმა კი ძალიან მატკინა გული. ხშირად მესმოდა, განათხოვარია, ბავშვიანია, დაბალია, მეგრელია... ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის იყო, რომ ვიყავი განათხოვარი და მყავდა შვილი.
- ძალიან რთულია, მე მაგალითად ძალიან დიდი დაღი დამასვა ამან, ექვსწლიანმა სტრესმა, ეს არის ურთულესი, არ შეიძლება თვითონ დედა სხვას დედობას ნაკლად უთვლიდე, იქ, სადაც ჩემი შვილი ნაკლად მიიჩნეოდა, არ ღირდა ყოფნა და გაჩერება. ყველაზე ცუდი, რასაც ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ - მე დავიწყე საპირისპიროს მტკიცება, ვამბობდი, რომ არა, განათხოვარი ქალებიც კარგები ვართ, კარგი დედები ვართ, შეიძლება კარგი ცოლები ვიყოთ და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ, რომ ამას შევწირე ჩემი ცხოვრების ექვსი წელი, შევწირე ჩემი სიმშვიდე. საბოლოოდ კი აქედან არაფერი გამოვიდა. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, არ ჰქონდა აზრი ბრძოლას.
- შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ ვიცნობ აქაურ ქართველებს. რამდენ ქალაქშიც ჩავიდოდი, რატომღაც ყოველთვის მაფრთხილებდნენ, რომ ქართველებს არ გაეკარო. ძალიან ცუდი რაღაც უნდა ვთქვა ახლა, მაგრამ რამდენჯერაც არ დავუჯერე იმ ადამიანებს, ყოველთვის მივხვდი, რომ მართლა არ უნდა გავკარებოდი. მაქვს აქ ქართველებთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. იმდენად ახლობელმა ადამიანმა მითავაზა, წარმოუდგენლად რომ მიმაჩნდა. ჰგონიათ, რომ როცა საზღვრებს გასცდებიან, იქ ადამიანობა აღარ მოეთხოვებათ, არადა, არ არის ასე.
- ყველაზე მეტად ოჯახი მენატრება, ჩემი მეგობრები მენატრებიან. იმდენად სუფთა და ალალები, იმდენად კარგები არიან. აქ რაც ვნახე ამ ექვს თვეში, მეგობრობის როგორი ფორმაც ვნახე, საქართველოში ასეთი რამ არ მინახავს. არ არსებობს ასეთი რაღაც ჩემს სამეგობროში - გაუტანლობა, ერთმანეთზე ჭორაობა. სუფთა, ალალი ურთიერთობები მენატრება იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ ახასიათებს ასეთი უშუალო ურთიერთობები. აქ ადამიანური ურთიერთობების დეფიციტია.
ისეთი კარგები არიან ჩემები, რომ არასოდეს არაფრის არ მეშინოდა, ბოლომდე დამიცავდნენ, ბოლომდე მიერთგულებდნენ, აქ ეს განცდა არ მაქვს, რადგანაც ვიცი, რომ მარტო ვარ, სრულიად მარტო. ჩემი შვილიც აქ არის და ეს ძალიან მეხმარება სირთულეების დაძლევაში. ახლა რომ წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ილიკოს გარეშე ვყოფილიყავი, ცუდად ვხდები.
ზოგჯერ, თემა რომ მელევა ხოლმე, ჩემს საქმროს ვეხუმრები, მოდი, ვიჩხუბოთ, რაღაც უნდა მეტკინოს, რომ დავწერო მეთქი, თუ რაღაც არ გეტკინა და საიდანმე სევდა არ მოვიდა, ვერაფერს შექმნი. ასევე, სიჩუმე, ყველაზე მთავარი მუზისთვის არის სიჩუმე, ვგიჟდები მარტო ყოფნაზე, შეიძლება ათ ადამიანთან ვიდგე და "გასული" ვიყო ამ დროს სადღაც, ხელით უნდა შემეხო, რომ ჩემი ყურადღება დაიმსახურო და აი მაშინ იქმნება, მაშინ იწერება და თუ იმ წუთას არ ჩავწერე რაღაც, რაც მომივა გონებაში, იბუტება მუზა, წავა და მერე აღარ მოდის ის ამბავი, მთავრდება იქ ყველაფერი.
- რომ გითხრათ ახლა მისი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია თქო - არა, არ არის ასე, იმიტომ, რომ მე მაინც დავწერ, მაგრამ როცა მეუბნება, რომ აი ეს ძალიან კარგია და ჩემს გვერდზე მინდა წავიღო, ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა, მიხარია. მკითხველი არის, კი, კარგი მკითხველია და ახლა ვეხუმრები, წერაც არ დაიწყო-მეთქი. შორს რომ ვართ, რაღაც აზრები მოსდის ხოლმე და ვეუბნები, კონკურენტი არ გამომიჩნდეს-თქო.
ხატია ვარდოსანიძე