"2 წლის ბავშვს სჭირდება უნარებისა და ტვინის ცენტრების განვითარება, რომ უფრო სწრაფად ისწავლოს წერა-კითხვა" - საბავშვო ხელოვნების სტუდიის საქმიანობა
"2 წლის ბავშვს სჭირდება უნარებისა და ტვინის ცენტრების განვითარება, რომ უფრო სწრაფად ისწავლოს წერა-კითხვა" - საბავშვო ხელოვნების სტუდიის საქმიანობა
საბავშვო ხელოვნების სტუდიის - Happy Kids Art Club დამფუძნებელი თამარ სულხანიშვილი პროფესიით მხატვარია და ინჟინერიც. მან გადაწყვიტა თავისი გამოცდილება ბავშვების აღზრდისთვის დაეთმო და ადაპტირებულ სახელოვნებო გაკვეთილებს 2010 წლიდან ატარებს. სტუდიაში იღებენ პატარებს 2,5 წლიდან 11 წლამდე. ისინი სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული - პროგრამაშია ხატვა, ძერწვა და ორიგამი. საბავშვო ხელოვნების სტუდიაში ქართულ და რუსულენოვანი ჯგუფებია ჩამოყალიბებული. სტუდიის მისიაა შემოქმედებითი გზით, ადრეული ასაკიდან ბავშვების გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა.
mshoblebi

- ქალბატონო თამარ,
როგორ გაჩნდა სტუდიის შექმნის იდეა?

- ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში - საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ნაკლოვანებები იყო სახელოვნებო კუთხით, ეს პრობლემა ჩემს შვილებსაც შეეხო. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ საავტორო პროგრამა შევქმენი, რომელიც ადაპტირებულია პატარა ბავშვებისთვის. აქტივობები ასაკის მიხედვით არის გაწერილი. გვყავს: სკოლამდელი ჯგუფები - 2,5 წლიდან 5 წლამდე; მოსწავლეები - 6-8 წლის ბავშვები; მოზარდები - 9-დან 11 წლამდე. ბავშვობაში ვინც ხატავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ყველა მხატვარი გახდება, ეს არც არის საჭირო. სტუდიის მუშაობა გათვალისწინებულია ბავშვის ზოგად, ესთეტიკურ განვითარებაზე. ძირითად პროგრამასთან ერთად, მათ ვასწავლით ხელოვნების ადაპტირებულ ისტორიას, დაგვყავს მუზეუმებში, სადაც ვრცლად ვესაუბრებით სხვადასხვა თემაზე. ვატარებთ ჩინური ხელოვნების ვორქშოპს ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
mshoblebi
mshoblebi

- თქვენი
გაკვეთილები რა უნარებს ავითარებს მოსწავლეებში?

- ზოგადად, მოტორიკა ვითარდება. 2 წლის ბავშვს სჭირდება უნარებისა და ტვინის ცენტრების განვითარება, რომ უფრო სწრაფად ისწავლოს წერა-კითხვა. ხატვის დროს, ვასწავლით ფერების მეცნიერებას, ანუ ფერების შეხამებას. ისინი ავლენენ დიდი ფანტაზიის უნარს. ბავშვების უმრავლესობამ ხატვა არ იცის და შიშის გრძნობით მოდიან. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, შიში პირველი წუთებიდანვე ქრება და ბავშვი მომყვება. რა თქმა უნდა, თავისუფლებას ვაძლევ შემოქმედებითი მუშაობის დროს, ამასთან ერთად ჩემი მეთოდებით ვუხსნი, რა და როგორ გააკეთოს. ევროპული ქვეყნების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ეწევიან ამ სახის მოღვაწეობას, ისინი უფრო დამოუკიდებლები, თავისუფლები არიან და მომავალში ნებისმიერ პროფესიას შემოქმედებითად უდგებიან.
mshoblebi
mshoblebi

- გამოფენებს როდის აწყობთ?

- ბავშვების შემოქმედება ვლინდება მათ ნამუშევრებში. ყველა სასწავლო წელს გამოფენით ვასრულებთ. ღონისძიებები ძირითადად, ზამთარში და გაზაფხულზე გვაქვს. პრიორიტეტული თემაა მოდა და გარემოს დაცვა. გვაქვს პროექტი "ქაღალდის შოუ", ორ წელიწადში ერთხელ ვატარებთ, რომლის ფარგლებში ბავშვი ნარჩენებისგან თავისთვის კოსტიუმს ქმნის. მერე მის დემონსტრირებას გამოფენაზე ახდენს. ვახორციელებთ პროექტს "დარგე ხე", ქალაქგარეთ ისეთ ადგილს ვირჩევთ, სადაც ხეების ნაკლებობაა და იქ ვრგავთ მშობლებთან ერთად. ბოლოს მთაწმინდის ტყეში ვიყავით, ნარგავები ჩვენი ძალებით შევიძინეთ.
mshoblebi
mshoblebi

- მშობლებს ხომ არ უჩნდებათ რაიმე სურვილი მეცადინეობასთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ ნახონ, თავისი შვილი როგორ მუშაობს?

- სტუდიას საერთო სივრცე აქვს. ამდენად, მშობელს ესმის გაკვეთილი როგორ ვითარდება, ბავშვი ემოციურად თავს როგორ გრძნობს, როგორ იქცევა - ყველაფერს ხედავს. ხშირად ვაწყობთ მასტერკლასებს, მათ ვამთხვევთ თბილისობას, ან სხვა ნებისმიერ დღესასწაულს. ამ დროს ბავშვები, რომლებიც სასეირნოდ დადიან, შემოგვიერთდებიან ხოლმე. ფერწერული გაკვეთილის მასტერკლასებს ვატარებთ შოპინგ ცენტრებში, ასევე ბუნებაში დავდივართ. ბავშვები სიამოვნებით მონაწილეობენ ასეთ ღონისძიებებში და ყოველთვის კმაყოფილები მიდიან სახლში.
mshoblebi

- კულინარიული პროგრამაც გაქვთ, რას მოიცავს?

- პერიოდულად სხვადასხვა თემატიკის კულინარიული მასტერკლასები გვაქვს. ასევე ორგანიზაციებისთვის კორპორატიულ მასტერკლასებს ვატარებთ. ბავშვებს კულინარია იცით რატომ აინტერესებთ? ძერწვა ხომ ყველას უყვარს (ჩვენ ქართულ თიხას ვიყენებთ), ცომი და თიხა თითქოს მსგავსია დამუშავების თვალსაზრისით, ამიტომაც მოსწონთ. მენიუშია ორცხობილები, საახალწლო ჯინჯერბრედი, პიცა, რეცეპტი "ბებოს ღვეზელი" და ა.შ. საშემოდგომოდ ჩურჩხელები გავაკეთეთ.
mshoblebi

- სიახლეების შესახებ გვიამბეთ.

- ქალბატონებისთვის გვაქვს მასტერკლასი, რომელიც ტურისტებისთვისაც გავითვალისწინეთ. პროექტში "არტი და ღვინო" ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა, ასაკის მიუხედავად, რაც შემდეგს გულისხმობს. ქალბატონი, რომელმაც ხატვა არ იცის და აინტერესებს მოსინჯოს თავი ამ ამპლუაში, მოდის ჩვენთან. ის ორ საათს გაატარებს ლამაზად და მეთოდურად, კარგად დახატავს თუ ცუდად, ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარია განიტვირთოს, მე ზოგადად ჩამოვუყალიბებ, როგორ უნდა წაუსვას საღებავი და რჩევებს მივცემ, მაგრამ მას შეუძლია დახატოს ისე როგორც შეუძლია. ძალიან საინტერესო პროცესია, რა თქმა უნდა, ყველას თავისებური და განსხვავებული ნამუშევარი გამოსდის. სამუშაო მასალა ჩვენთან გაიცემა, თან ახლავს ერთი ჭიქა ღვინო და ყველი. ე.ი. დავხატეთ, ცოტახანს დავისვენეთ და ვისაუბრეთ, მერე ისევ დავხატეთ... ქალბატონებს ნახატი მიაქვთ სახლში და იქ აწყობენ მის პრეზენტაციას (იღიმის). ძირითადად, რუსული და ინგლისურენოვანი ქალბატონები, ზოგჯერ წყვილებიც მოდიოდნენ. ერთხელ, მანგლისის ტყეში, სუფთა ჰაერზე წავიყვანეთ ტურისტები და გაკვეთილი იქ ჩავატარეთ. ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩვენი ვებ-გვერდი www.happykidsclub.net/ge/ დაათვალიეროს და დაწვრილებით გაიგოს ამათუიმ პროგრამის შესახებ.
ნანული ზოტიკიშვილი
385
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?