ნებისმიერი მშობლისთვის აქტუალურია თემა, სად წაიყვანოს ბავშვის შაბათ-კვირას, სად გაატაროს ნაყოფიერად და საინტერესოდ დრო ისე, რომ მშობელიც კმაყოფილი დარჩეს და ბავშვიც, და მშობელს დარჩეს კმაყოფილების განცდა იმით, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთა შვილისთვის. სამწუხაროდ, თბილისში ძალიან არ ვართ მშობლები განებივრებული მსგავსი სივრცეებითა თუ აქტივობებით. ამიტომ ორმაგად სასიხარულოა, რომ "ბიბლუსში" განახლდა "წიგნის კითხვის საათი", რომელსაც შარშან ჩაეყარა საფუძველი და ბევრისთვის ოჯახურ სასიამოვნო ტრადიციადაც იქცა. "კითხვის საათის" იდეა და განხორციელება "ბიბლუსის" თანამშრომელს, ერთ ძალიან კარგ გოგონას - ნინი ჯაფარიძეს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ნინი რამდენიმე თვის წინ ნაადრევად გარდაიცვალა. თუმცა მისი წამოწყებული საქმე მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს და ნინის პატივსაცემად ღონისძიებას "ნინის კითხვის საათი" დაერქვა.
5-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის, ეს საუკეთესო ადგილია და იდეალური სივრცე. აქ ბავშვები ეჩვევიან მოსმენას, ფიქრს, ანალიზს, კითხვების დასმას, უყვარდებათ წიგნები, ხვდებიან ცნობილ და საყვარელ ადამიანებს და ღონისძიების ბოლოს სახალისო საქმიანობებშიც ერთვებიან. გარდა ამისა, ყველა მონაწილისთვის ორგანიზატორებს სასიამოვნო საჩუქრები აქვთ მომზადებული და იმის გათვალისწინებით, რომ დასწრების ფასი მართლაც მიზერულია - 5 ლარი, ალბათ არც ერთი მშობელი არ იტყვის უარს ასეთ გარემოზე მისი შვილისთვის.
პირველი შეხვედრა 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე შედგება. მშობლებს პატარებთან ერთად ელოდებიან "ნინის კითხვის საათზე" - ბავშვებს უმასპინძლებს და საბავშვო ზღაპრებს წაუკითხავს დათო ველიჯანაშვილი, მსახიობი და სატელევიზიო შოუს წამყვანი - "ხარ თუ არა VI კლასელზე ჭკვიანი?''.
პატარებს ელოდებათ უამრავი ბუშტი, ტკბილეულობა და საჩუქრები...
შეხვედრა "ბიბლუსი გალერეაშია" დაგეგმილი, კანდელაკის 7-ში
დასწრების ღირებულებაა 5 ლარი.