ნიკი სამნიაშვილის ემოციურმა "ფეისბუქპოსტმა" საზოგადოების ყურადღება უმალ მიიქცია. ახალგაზრდა ავადმყოფი მამის გადასარჩენად სამსახურს ეძებს.
როგორც mshoblebi.ge-სთან ნიკი ამბობს, მამას ჯანმრთელობის პრობლემები ერთი წლის წინ შეექმნა.
- მამას 1 წელია დაუდგინდა სიმსივნე. რამდენიმე ექიმის გამოცვლის და არასწორი დიაგნოზის შემდეგ მოვხვდით ალექსანდრე თავართქილაძესთან, რომელიც ძალიან კარგი ონკოლოგია და მისი უზომოდ მადლიერი ვართ მთელი ოჯახი. მამას ყველანაირად გვერდით დაუდგა, იმედიც მოგვცა. სავადმყოფოში გადმოყვანიდან 5 დღეში გვითხრეს, რომ ფილტვზე აქვს მე-4 სტადიის სიმსივნე. მამას მდგომარეობა რთულია... მთელი 1 წელი გავაცდინეთ... ნეტავ თავიდანვე ბატონ ალექსანდრესთან მოვსულიყავით, მამა ასე არ დაიტანჯებოდა.
- ოპერაცია გაუკეთდა?
- დიახ, მანამდე სადაც ვიყავით, იმ კლინიკაში ჩაუტარდა და როგორც გავიგეთ, "საცდელი" ოპერაცია ყოფილა... მე დღემდე ვერ გავიგე საცდელი რას ნიშნავს. მიხვდით ალბათ, ტყუილად გაჭრეს.
- ხელახლა ოპერაციის გაკეთებაზე არაფერს გეუბნებიან ექიმები?
- არ შეიძლება ოპერაცია, მეტასტაზები მოდებულია მთელ ორგანიზმში და ოპერაცია კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ახლახან დავამთავრეთ ქიმიო და ჰორმონოთერაპიის სრული კურსი და 10 დღეში ვიწყებთ გაძლიერებულ მკურნალობას. მთავარია, მამას ორგანიზმა გაუძლოს.
- სამსახურს ეძებ...
- კონსერვატორიის კურსდამთავრებული ვარ. მაგისტრატურა დავამთავრე შარშან. მამას გამო სკოლაში მუშაობასაც დავანებე თავი, რომ მასთან მეტი დრო გავატარო. მუსიკას ვასწავლიდი ბავშვებს. ახლა ვეძებ მშვიდ, მყუდრო კაფეს, სადაც საღამოობით შემეძლება დაკვრა. ამ ფორმით მამას წამლების თანხასაც დავაგროვებ და მოვუვლი კიდეც, უფრო მეტი დრო მექნება. მამას წამლებზე, ექიმებთან მე დავდივარ. მთელი ოჯახი ერთად ვდგავართ, ერთმანეთს ვეხმარებით. დედა პენსიონერია, მამაც და მამიდაც, ჩვენ მამიდასთან ვცხოვრობთ თბილისში. ჩემი ძმა უმუშევარია ამ ეტაპზე... მაგრამ ღმერთის წყალობით ბევრი ადამიანი გვეხმარება. აი, ძალიან ბევრი და მათ გარეშე მე ვერაფერს გავაკეთებდი. საქველმოქმედო კონცერტიც ჩავატარე მამიკოსთვის 22 სექტემბერს. ძალიან მინდა სადმე დავუკრა. საღამოობით დრო მაქვს და ვერ ვეგუები, რომ უმოქმედოდ ვარ.
- მამა რას გეუბნება?
- დიდი ტკივილები აქვს და ამის ატანა მიჭირს... ხედავს, რომ ყველაფრის ფასად დღე და ღამე მის გვერდით ვართ. ამბობს, "ბედნიერი ვარ, თქვენ რომ მყავხართო". უზომოდ მადლიერია სრულიად უცნობი ადამიანებით, რომლებიც გვეხმარებიან... ცრემლებს ვერ მალავს... მამიკო ძალიან თბილია...
თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ნიკის ოჯახს, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:
GE35BG0000000161372872 საქართველოს ბანკი
მიმღები - ნინო სამნიაშვილი
GE51LB0711191483692000 ლიბერთი ბანკი
მიმღები - ნინო სამნიაშვილი
პირადი ნომერი 18001028847
რუსკა კილასონია