ქობულეთში 57 წლის მამაკაცი ფუტკრის მსგავსმა მწერმა, ბაზმა დაკბინა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მამაკაცს ნაკბენი რამდენიმე ადგილას ჰქონდა.
ბაზს საკმაოდ მსხვილი, 3,5 სმ-მდე სიგრძის სხეული აქვს, რომელიც ხშირი ბუსუსით აქვს დაფარული.
მწერის ნაკბენით გამოწვეულ სახიფათო შედეგებზე სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ უსაუბრიათ სპეციალისტებს.
ექიმი ალერგოლოგი, ნინო ლომიძე, ამბობს:
"ალერგიული თვასაზრისით ყველაზე სერიოზული გართულება შესაძლებელია მოჰყვეს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენს, რომელიც ხშირად მსუბუქი ლოკალური, ხოლო იშვიათად ძალიან მძიმე სისტემურ რეაქციას - ანაფილაქსიურ შოკს იწვევს. პირველი დახმარება ნესტრის მოცილებაა, ასევე საპნიანი წყლით ნაკბენის ჩამობანა, რომ არ ინფიცირდეს, ცივი საფენის დადება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად და ანტიალერგიული პრეპარატებისა და ადგილობრივი ალერგიის საწინააღმდეგო გელების გამოყენება, ხოლო რთულ შემთხვევაში ადგილობრივი სტეროიდული კრემების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით."
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე:
"კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება. თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები.