ბავშვებთან ერთად ავტომანქანით გადაადგილებისას სპეციალური სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება. ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში განიხილება.
აღნიშნული ცვლილება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხებათ. თუმცა, ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი მშობლის თქმით, მათი 12 წლის შვილები იმდენად მაღალი და მძიმე წონისაა, რომ მათი სპეციალური სავარძლით გადაადგილება მგზავრობისას სერიოზულ დისკომფორტს შექმნის. კანონპროექტში გათვალისწინებულია, რომ ვალდებულება 135 სანტიმეტრამდე ბავშვების შემთხვევაში იქნება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისაა". ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 1012 16 წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა, 21 კი გარდაიცვალა. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სპეციალური სავარძლის გამოყენება 70%-მდე ზრდის მათი გადარჩენის შანსს.
სპეციალურ სავარძლებს თავად აქვთ მითითებული დასაშვები ზომა და წონა, შესაბამისად, მშობლებს ბავშვის სიმაღლისა და წონის მიხედვით ინდივიდუალურად მოუწევთ მათი შეძენა.
თამარ იაკობაშვილი