80 წლის ნანა მეგრელიშვილი საზოგადოებას ”რადიო თავისუფლებამ” გააცნო. ის მარტოხელა ბებოა ვერის აღმართიდან, რომელიც თავისი ახლანდელი და განვლილი ცხოვრების შესახებ გვიამბობდა. ამბობდა, რომ ბევრი ადგილი ჰქონდა ნანახი, მაგრამ სვანეთი არასოდეს ენახა და ამ ულამაზეს კუთხეში მოგზაურობა ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.
ნანა ბებოს ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ოცნებები ხდება, მით უფრო თუ ისეთი ადამიანები გამოჩნდებიან, როგორიც თბილისიდან რვა წლის წინ საცხოვრებლად სვანეთში გადაბარგებული მასწავლებელი ნათია ნაცარაშვილია.
ნათიამ დღეს ნანა მეგრელიშვილის ოცნება რეალობად აქცია და ის მესტიაში ჩაიყვანა. როცა mshoblebi.ge ნათიას დაუკავშირდა, ის და ნანა ბებო მესტიაში ერთ-ერთ მუზეუმს ათვალიერებდნენ.
ნათიამ გვითხრა, რომ ნანა მეგრელიშვილი მესტიაში ხუთშაბათამდე დარჩება, მანამდე კი ის დაათვალიერებს მუზეუმებს, ეწვევა ჰეშკილის ქოხებს და რა თქმა უნდა, დააგემოვნებს სვანურ სამზარეულოს. მისი თქმით, ნანა ბებო ახლა ძალიან გახარებული და ბედნიერია.
”ახლა მუზეუმში ვართ, ვისაუზმეთ დილით და მერე გამოვედით მუზეუმში. აღფრთოვანებულია, ძალიან გახარებული და ბედნიერია იმით, რომ აქ არის და რომ ოცნება აუხდა. ცოტა დაიღალა კიდეც.
დღეს და ხვალ სვანეთში დარჩება და ზეგ გვექნება ფრენა იმიტომ, რომ მერე აქეთ ამინდი უარესდება, ხუთშაბათს მოფრინავს თბილისში. ვიდეო რომ ვნახე, გავიგე, რომ სვანეთში ჩამოსვლა მისი ოცნება იყო, რომ მესტიაში არ იყო ნამყოფი, გამიჩნდა იდეა რომ ჩამოგვეყვანა. ვაჩვენებთ მუზეუმებს, სვანურ კერძებს დავაგემოვნებინებთ, ხვალ ჰეშკილის ქოხებზე ავიყვანთ და ბუნებაში გავალთ, სვანეთს დავათვალიერებთ”, - გვეუბნება ნათია.
ხატია ვარდოსანიძე