"ვისწავლე იმის სწორად გამოყენება, რაც მაქვს" - ინტერვიუ ციხიდან
"ვისწავლე იმის სწორად გამოყენება, რაც მაქვს" - ინტერვიუ ციხიდან
ია ანთაძე: ამ ინტერვიუს, ალბათ, ბევრი ადამიანი წაიკითხავს, სულ მცირე, ორი მიზეზით. ჯერ ერთი, ყოველთვის საინტერესოა წარმატების გულწრფელი ისტორიები, მით უმეტეს, თუ წარმატება ადამიანის სულიერ ცხოვრებას ეხება. მეორეც, ეს ინტერვიუ ციხეშია ჩაწერილი და წარმატების ისტორია, რაც უკვე ვახსენე, სწორედ ციხეში შეიქმნა. როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, მიხეილ თოდუა ცალი ფეხით ციხეში იყო, ცალი ფეხით - გარეთ; გული იმედით ჰქონდა სავსე და თან არ ავიწყდებოდა, რამდენჯერ გასცრუებია მსგავსი იმედები. საქმე ის იყო,
რომ მიხეილი პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოსგან დღე-დღეზე პასუხს ელოდა მის თხოვნაზე, რომ სასჯელის დარჩენილი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალათ. მანამდე ორ პრეზიდენტს სთხოვა შეწყალება. მიხეილ თოდუა 2013 წლიდან ცხრაწლიან სასჯელს იხდიდა აკრძალული ნივთიერების („ექსტაზის“) ფლობისთვის. ეს მისი მეორე პატიმრობა იყო ერთი და იმავე მიზეზით. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ბოლო აბზაცში ზმნები წარსულ დროში დავწერე. ინტერვიუს ჩაწერიდან ზუსტად ერთ კვირაში მიხეილისთვის ციხის ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო! დიდხანს ვფიქრობდი, ჩვენს ფორმატში როგორ ჩამეტია ჩემი ემოციები, შთაბეჭდილებები... როგორ ამეხსნა თქვენთვის, რა ვისწავლე ამ ორსაათიანი შეხვედრის დროს. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემზე უკეთ ჩვენი სტუმარი გიამბობთ საკუთარ თავზე. გაიცანით საოცარი ადამიანი, მუსიკოსი მიხაილო, იგივე
მიხეილ თოდუა, რომლის გულშემატკივრად ვრჩები, გაცნობის დღიდან - სამუდამოდ.

- მიხეილ, ძალიან ცნობილ პოეტს, ნობელის პრემიის ლაურეატს, იოსიფ ბროდსკის, ეკუთვნის ფრაზა: “ციხის ფორმულა - ეს არის სივრცის უკმარისობა, ანაზღაურებული დროის სიჭარბით”. მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენ დაამსხვრიეთ ეს ფორმულა იმით, რომ შეცვალეთ ციხეში დროისა და სივრცის აღქმა?


- დავიწყოთ იმით, რომ საკმაოდ დიდი დრო დავუთმე იმის გაცნობიერებას, რა მოხდა და წინ რა მელოდებოდა. მერე გარკვეული დრო დავუთმე საკუთარი თავის შეცნობას - ჩემი სისუსტეების ძებნას და ამ სისუსტეებთან გამკლავებას. ერთგვარი წესი შევიმუშავე, საკუთარ თავს როგორ ვებრძოლო ამა თუ იმ სისუსტის დასამარცხებლად. შემდეგ შევეჯახე ასეთ ფაქტს, რომ მივხვდი, რამდენად ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს გააზრებული ცხოვრებისთვის და გადავწყვიტე, რომ თუ ცხრა წელი უნდა ვყოფილიყავი ციხეში, აქედან ისეთი გავსულიყავი, რომ დარჩენილი წლები, რაც უნდა მეცხოვრა, გზის გაკვალვაში აღარ დამეხარჯა. მიზნად დავისახე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ აქვე, ციხეში მიმეღწია გარკვეული წარმატებისთვის. ვფიქრობდი, ისეთი პლატფორმა შემექმნა, რომ გათავისუფლების შემდეგ აქ შეძენილი ცოდნის რეალიზება დამეწყო. საკუთარ თავთან ძალიან ბევრი სირთულე მქონდა. დავიწყე იმის ძებნა, თუ რისი კეთება მინდოდა საერთოდ, ცხოვრებაში; რა იყო ჩემი მოწოდება. და გადავწყვიტე, რომ ეს იყო მუსიკა.

- მოდით, აქ შევჩერდეთ. როდის და როგორ დადგა ეს შემობრუნების მომენტი, როდესაც დროის გაყვანა კი აღარ იყო თქვენი ამოცანა (რაც არის ციხის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა), არამედ - ამ დროის გამოყენება.

- ზუსტად ეგ იყო ჩემი და კიდევ რამდენიმე მეგობრის პრინციპი. მყარად გადავწყვიტეთ, რომ დრო არ გაგვეყვანა, დრო გამოგვეყენებინა. ანუ გადავწყვიტეთ, რომ გვეცხოვრა და ფარ-ხმალი არ დაგვეყარა. ეს ნიშნავდა, რომ სოციუმი უნდა გაგვერღვია და სიახლეები შემოგვეტანა; უნდა შევჭიდებოდით სტიგმებს ციხეში, გვებრძოლა და დაგვერღვია სქემა, როცა ადამიანებს რაღაცის კეთება კი უნდოდათ, მაგრამ რცხვენოდათ. ვფიქრობ, გარკვეულწილად, დავარღვიეთ კიდეც სტიგმები. მაშინ სხვა ციხეში ვიყავი, მე-17 დაწესებულებაში. ბოლო სამი წელია, აქ ვარ, მე-16-ში. ზოგადად, ადამიანებს გვჩვევია, რომ სხვების გავლენის ქვეშ ვხვდებით. იმ ციხეში ისეთი გავლენები იყო, რაც ადამიანებზე სერიოზულად მოქმედებდა. თუ მყარი, მდგრადი ხასიათი არ გქონდა, გაგიჭირდებოდა, შენი სათქმელი გარეთ გამოგეტანა და გამოგექვეყნებინა. ამის მიუხედავად, პირველი, რაც გავაკეთეთ, ოთხმა ადამიანმა თეატრალური დასი ჩამოვაყალიბეთ. გადავწყვიტეთ, რომ დაგვედგა სპექტაკლი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“.

- ესე იგი, როდესაც გადაწყვიტეთ, რომ უნდა გეცხოვრათ და დრო უნდა გამოგეყენებინათ, პირველი ამბავი, რაც ამის შემდეგ მოხდა, ის იყო, რომ თეატრალური დასი ჩამოაყალიბეთ?

- პრემიერა გვქონდა რუსთაველის თეატრში 2016 წელს. ესე იგი, მუშაობა 2015-ში დავიწყეთ. დაახლოებით ორი წელი დაგვჭირდა, რომ განზრახვა სისრულეში მოგვეყვანა. საქმე ის იყო, რომ ჩვენ ოთხი - ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ რომელიმე ოთხკაციანი სპექტაკლი არ მოვირგეთ იმიტომ, რომ გვინდოდა, მეტი ადამიანი ჩაგვერთო ამ საქმეში. რეალურად იყვნენ მსურველები, მაგრამ თავს იკავებდნენ ზუსტად იმ გავლენის გამო და შიშის გამო, რომ ვინმეს ისინი აბუჩად არ აეგდო.

- დროსთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ახლა სივრცეზეც ვთქვათ. როგორც მე მესმის, ციხეში პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ სივრცე შეზღუდულია, არამედ, ასევე დიდი პრობლემაა, რომ პირადი სივრცე არ არსებობს. თქვენი შემთხვევა უნიკალურია იმით, რომ შეძელით, შეგექმნათ თქვენი პირადი სივრცე - მუსიკალური სტუდია. ეს არის პატარა ოთახი, რომლის გამოყენება ლიმიტირებულია, მაგრამ ის ადგილია, სადაც ხელს არავინ გიშლით, აკეთოთ, რაც გიყვართ და გამოგდით.


- მე ამას დავარქმევდი, რომ ვისწავლე იმის სწორად გამოყენება, რაც მაქვს. სწორად და მაქსიმალურად.

- აბა, როგორ?

- პირველი, რასაც აქ, ციხეში ვაკეთებდი, საკუთარი თავისთვის არ დამიტოვებია ერთი წუთი იმისთვის, რომ რაღაც უაზრო ფიქრებს გავყოლოდი. ყოველი წუთი, ყოველი წამი განსაზღვრული მქონდა - როდის რა უნდა მეკეთებინა. ზოგჯერ დრო ფიზიკურად არ მყოფნიდა. მჭირდებოდა დრო, რომ რაღაც დამემთავრებინა და ვერ ვასწრებდი. ადამიანები მეხუმრებოდნენ, ციხეში ხარ 9 წლით და დრო არ გყოფნის - რაღაც ცოტა არ ჯდება ლოგიკაშიო (იცინის). რეალურად ასე იყო. მთავარი ის არის, რომ მიზანი დავისახე. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ იმ მიზნისთვის მიმეღწია. ჩემს იქით ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, ვისაც, თურმე, ძალიან ვჭირდები; ვისთვისაც ცხოვრების მთავარი ადამიანი აღმოვჩნდი. იმდენად ჩემი თავისუფლება არ მიხარია, რამდენადაც ჩემი გასვლით, ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს გავახარებ. ის სიხარული, რომელსაც მას მივანიჭებ აქედან გასვლით - ეგ მიხარია ყველაზე მეტად. გულახდილად გეუბნებით, ყოველგვარი პათოსის გარეშე. ძალიან რთულია, რომ მთელი ეს პერიოდი სხვაზე ხარ დამოკიდებული, თუნდაც, შენს ოჯახზე. უნდა გარჩინონ, მოთხოვნილებები გაქვს, ელემენტარულად, ფული უნდა მოგაწოდონ, რომ, თუნდაც, საპონი იყიდო. სხვაზე დამოკიდებულება გათავისუფლების შემდეგ კიდევ რომ გაგრძელდეს, ალბათ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გავაკეთე და, მადლობა ღმერთს, რომ შევძელი, - გათავისუფლების შემდეგ (ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ) პირნათლად ვარჩენ ჩემს ოჯახს. რაც მთავარია, ჩემი საყვარელი პროფესიით ვიმუშავებ და არ მომიწევს იმის კეთება, რისი კეთებაც არ მინდა. განაგრძეთ კითხვა
491
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლია
0
უფალი შეეწიოს,
09:41 / 17-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?