როგორ თამაშობდნენ ძველად ქართველი ბავშვები და როგორი იყო ძველი ქართული სათამაშოები
როგორ თამაშობდნენ ძველად ქართველი ბავშვები და როგორი იყო ძველი ქართული სათამაშოები
ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი სოფიო ჯაფარიძე გვესაუბრება ძველ ქართულ თამაშობებსა და სათამაშოებზე, ასევე თამაშის დანიშნულებაზე.

- რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის როგორც ფოლკლორისტისთვის ამ საკითხის კვლევა? რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნისთვის, ერისთვის?

- ბავშვის აღზრდის ქართული ხალხური წეს-ჩვეულებების ეთნოგრაფიული კვლევით, ვფიქრობ, ყველა ქართველი უნდა ინტერესდებოდეს, განსაკუთრებით კი მშობლები და პედაგოგები, ასევე ბაღის აღმზრდელები. ამით, უპირველესად, ჩვენი მამ-პაპების პრინციპებსა და პრიორიტეტებს გავიგებთ, ჩვენამდე მოღწეულ თამაშთა თაურსაწყისს დავძებნით და მათი გამძლეობის საიდუმლოს ვეზიარებით, ოჯახის მნიშვნელობას,
თაობათა ერთობის უდიდეს სიკეთეს, ზღაპრებისა და ნანების აუცილებლობას, მშობლებისა და შვილების ერთმანეთთან თუ შრომა-გარჯასთან მიმართების მნიშვნელობას გავიაზრებთ და ამით ერის სამომავლო ცხოველმყოფელობის უდიდეს საფუძველს შევქმნით. ეს საფუძველი ქართველ ერს, ეთნოსს, კვლავაც მოაკრებინებს სასიცოცხლო ძალებს და შეაძლებინებს ღირსეულად დგომას „სხვა ერთა შორის“. 
თუნდაც მხოლოდ ქართული ხალხური თამაშების შესწავლა უდიდესი რესურსი იქნება თანამედროვე სასწავლო ცენტრებისთვის. რადგან ამ კვლევის შედეგები მათ პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას მისცემს, მათი რეალიზაციით კი ბავშვის ფიზიკური, ზნეობრივი და ინტელექტუალური ფორმირების პროცესის სწორად წარმართვას შეძლებენ. ეს კი, მოგეხსენებათ, თანამედროვე ამორფული საგანმანათლებლო სისტემის პირობებში, უმნიშვნელოვანესი და უპირველესი ამოცანაა.

- თუ ცნობილ ჰოლანდიელ კულტუროლოგს, თამაშის არსის მკვლევარსა და საპროგრამო წიგნის „HOMO LUDENS“ (კაცი მოთამაშე)
ავტორს, იოჰან ჰაიზინგას ვერწმუნებით - თამაში კულტურაზე ძველია.
თამაშის პირველი ძირითადი ნიშანი ის არის, რომ ის თავისუფალია, ის არის თავისუფლება. თამაში არ არის „ჩვეულებრივი“ ან „ნამდვილი“ ცხოვრება. პირიქით, ის გამოსვლაა ამ ცხოვრებიდან საკუთარი გამიზნულობის მქონე აქტივობის დროებით სფეროში. პატარა ბავშვმაც კარგად იცის, რომ თამაშისას „ისე, ტყუილად“, „უბრალოდ გასართობად“ მოქმედებს. თუ რამდენად აქვს ამ შეგნებას გადგმული ფესვი ბავშვის სულში, განსაკუთრებით კარგად ჩანს ერთი ეპიზოდიდან, რომელსაც თავის დროზე ერთი ბავშვის მამა შეესწრო თავისი ოთხი წლის შვილის თამაშისას: პატარა ერთიმეორეზე მიწყობილი სკამებიდან პირველზე იჯდა და „მატარებლობანას“ თამაშობდა. მამა მოეფერა ბავშვს, მაგრამ პასუხად მიიღო: „მამა, არ შეიძლება ორთქლმავალს აკოცო, თორემ ვაგონები იფიქრებენ, ნამდვილი არ არისო“. ეს ნიშნავს, რომ „ისე, ტყუილად“ თამაში სულაც არ გამორიცხავს თამაშის უდიდესი სერიოზულობით წარმართვას, მასში სრულ ჩაძირვას. ყოველ თამაშს შეუძლია ერთხანს სავსებით დაიმორჩილოს მოთამაშე.
თავისი ადგილითა და ხანგრძლივობით თამაში გამოეყოფა ჩვეულებრივ ცხოვრებას. ჩაკეტილობა და შემოსაზღვრულობა კიდევ ერთი ნიშანია თამაშისა. ის „თამაშდება“ გარკვეული დროითი და სივრცითი საზღვრების შიგნით.
mshoblebi
თამაში იწყება, შემდეგ კი, გარკვეულ მომენტში წყდება. ის „გათამაშდება“. ერთხელ რომ გათამაშდება, მეხსიერებაში რჩება როგორც გონითი წარმონაქმნი ანდა გონის მონაპოვარი, ხდება გადაცემადი, იქცევა ტრადიციად და მუდამჟამს შეიძლება განმეორდეს, თუგინდ უშუალოდ დამთავრებისთანავე, როგორც ბავშვების თამაში, ჭადრაკის პარტია, გარბენი, თუგინდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორც მისტერია. ეს განმეორებადობა თამაშის ერთ-ერთი არსებითი თვისებაა. ის ახასიათებს არა მხოლოდ თამაშს, როგორც მთლიანობას, არამედ მის შინაგან აგებულებასაც. თამაშის თითქმის ყველა მაღალგანვითარებულ ფორმაში განმეორების, რეფრენის, თანმიმდევრული ცვლის ელემენტები რაღაც ერთიანი ჯაჭვის მაგვარს ქმნის. ყოველი თამაში იშლება თავის სათამაშო სივრცეში, სათამაშო მოედანზე. ამ სათამაშო მოედნის შიგნით საკუთარი და უპირობო წესრიგი სუფევს. ამაში ჩანს თამაშის კიდევ ერთი პოზიტიური ნიშანი - თამაში ქმნის წესრიგს, მეტიც, ის არის წესრიგი.
სხვათა შორის, ქართველებს გვქონდა სახალხო მისტერია, ბერიკაობა, რომელიც უზუსტესად მოიცავდა ჰაიზინგას მიერ ჩამოსახელებულ თამაშისთვის ნიშნეულ უმთავრეს ელემენტებს. მართალია, ბერიკაობა, მისი არსით არ იყო თამაში, მაგრამ თამაშობრივ ყველა ელემენტს აერთიანებდა – დაწყებული საკრალური სივრცით, მისი უცვლელი დრამატურგიით, ჩაკეტილი სივრცითა და შემოსაზღვრულობით, უპირობო წესრიგითა და განმეორებითობით.
სადღეისოდ, შეიძლება ამ სახალხო დღესასწაულსაც თამაში ეწოდოს, რადგან უკანასკნელ ხანს მისი რიტუალური საფუძველი მინავლული ან სრულად მივიწყებულია. თავის დროზე კი უძველესი ხალხური კარნავალი ბუნების აღორძინებისა და ნაყოფიერებისადმი მიძღვნილი უდიდესი დღესასწაული იყო, რომელიც ყველიერის კვირაში იმართებოდა. ყველიერის თამაშები მთელი წლის განმავლობაში ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან დიდი მარხვის წინ ხალხი მხიარულებასა და ლხინს ეძლეოდა.
ხალხური თამაშების მკვლევარები თანხმდებიან, რომ აღზრდის საწყისად შრომა მიიჩნევა, რადგან ბავშვთა თამაშობებში აქტიურად ვლინდება შრომითი ელემენტები. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვებს შრომას ადრეული ასაკიდანვე აჩვევდნენ.

mshoblebi
საქართველოში 5-6 წლიდან პატარები უკვე ასრულებდნენ იოლ სამუშაოებს. გოგონები მეტწილად დედის უახლოესი დამხმარენი იყვნენ საოჯახო, საქალებო საქმეში, ასეთი იყო: ჭურჭლის დარეცხვა, პატარა და-ძმების მოვლა, კერვის, ქსოვის სწავლა, ფრინველის, პირუტყვის მოვლა და სხვა.
ვაჟს კი უმეტესად მამა აჩვევდა შრომას, მაგრამ 15-20 წლამდე მას მძიმე საქმეს არ ავალებდნენ, უფრთხილდებოდნენ როგორც ოჯახის საძირკველსა და მემკვიდრეს, ამიტომ მსუბუქ საქმეებს აკეთებინებდნენ. ვაჟი შრომით საქმიანობას მწყემსობით იწყებდა. მას წყალს მოატანინებდნენ, თანდათანობით ასწავლიდნენ ხარების უღელში შებმას და გამოხსნას, ურმის გამართვას. ვაჟები მამას მინდვრის სამუშაოებში ეხმარებოდნენ: ბარვაში, თოხნაში, მოსავლის აღებაში.
ეს შრომითი ელემენტები ბავშვთა თამაშობებშიც ვლინდებოდა. ისინი ბაძავდნენ დიდებს, ცდილობდნენ თვითონვე შეექმნათ სათამაშოები და აერჩიათ სასურველი თამაშობანი. თამაშს, რა თქმა უნდა, თვითნაკეთი სათამაშოებით იწყებდნენ. მაგალითად, სამეგრელოში, ბიჭებს უყვარდათ ლელო-ბურთი, რომლის სათამაშოდ განკუთვნილ ბურთს პირუტყვის მოთელილი ბალნისგან აკეთებდნენ. გაზაფხულზე საქონელს ბეწვი სცვივა, ამ ბეწვს მოაგროვებდნენ, მოთელავდნენ და თან ეტყოდნენ - „ბურთო, ბურთო, კარა-კარა, ხესა და ქვასავით გამაგრდი“ და ამ ბურთით თამაშობდნენ შემდეგ.
ჰყვარებიათ ასევე, რიკტაფელა, მას - თამაშობდნენ ხის კავის ფორმის ბრტყელი ხე იარაღით, რომელსაც ბურთს ურტყამდნენ, რიკი მრგვალი გადახერხილი ხე იყო, ტაფელი კი, დასარტყმელი ხე.
მშვილდკოდალა - თხილის ჯოხს მოხრიდნენ (მშვილდი), ბოლოებზე მავთულს ან მსხვილ ძაფს გამოაბამდნენ, მოჭიმავდნენ, მასზე ხის ისარს მოათავსებდნენ, შემდგე თოკს ხელს გაუშვებდნენ და ისარს ისროდნენ.
ხუთი ქვა ასე ითამაშებოდა - აიღებდნენ წყლის ნაპირიდან მოტანილ მრგვალ ხუთ ქვას. ერთ ქვას ხელში დაიჭერდნენ და სხვები ამ ერთი ქვის სროლით უნდა აეკრიფათ ყველა ერთ ხელში. ჯერ თითო-თითოს, შემდეგ ორ-ორს, შემდეგ სამ-სამს, შემდეგ ოთხივეს საჩვენებელი, ცერა და შუა თითით გაკეთებულ კარში შეყრიდნენ.
წისქვილობანა ასეთი იყო - ჩალის ღეროსგან გააკეთებდნენ წისქვილის ბორბალს, როცა გაწვიმდებოდა, მას წისქვილის ბორბალივით წყალს მიუშვერდნენ და უხაროდათ, ბორბალი რომ ბრუნვას დაიწყებდა.
სოფლის ბავშვების საყვარელი თამაშები იყო ასევე: ასკინკილა, ღინღილო, ოქროს ღილო, ძერა-ძერა, კენჭაობა, ტაშორია, დამალობანა, ქინძისთაობანა, სათოფელა, ლახტაობა, ლელობურთი და სხვა.
თქვენ თამაშის განმავითარებელ ფუნქციაზე მკითხეთ, მართლაც, ძალიან საინტერესოა, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თამაშები ყმაწვილთათვის. ირკვევა, რომ გარდა ფიზიკური წრთობისა: სწორად ორგანიზებული თამაშობანი ბავშვებს კოლექტიურობისა და მეგობრობის გრძნობას უღვივებს; აჩვევს მათ წესისა და რიგის დაცვას, უწრთობს ნებისყოფასა და ხასიათს, უყალიბებს სიმტკიცეს, სიძნელეთა და დაბრკოლების გადალახვის უნარს, უძლიერებს აქტიურობისა და ინიციატივის გამოვლენის სურვილს.

mshoblebi
საგულისხმო მოსაზრება აქვს თამაშისა და სათამაშოს მნიშვნელობაზე აკაკი წერეთელს, „ჩემს თავგადასავალში“ ის წერს: „ქართველების ოდენი სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუაგონებასა და სხეულს წვრთნის, ავარჯიშებს“.
დიდი მგოსანი თვლიდა, რომ ბავშვი „მეტი გულისყურით ეკიდებოდა იმ თამაშს, რომლის სათამაშო საკუთარი ხელით ჰქონდა დამზადებული და კარგადაც იცოდა ამ სათამაშოს არსი. ქართულ სათამაშოებს ბავშვები თავის ხელით აკეთებდნენ, მაგალითად, ტაფა-რიკს თვითონ გამოსჭრიან ხოლმე, შვილდ-კოდალს იკეთებენ, ბურთს თავის ხელით იმზადებენ და ეს შრომა კიდევ უფრო აყვარებს პატარა პატრონს თავის საკუთრებას. ნაყიდი სათამაშოები და მუქთად ნაშოვნი ტიკინები ქალაქებში მუქთახორობას აჩვევენ ყმაწვილებს და უფრო უფუჭებენ ხასიათს. ეს მე ჩემ თავზე გამომიცდია!
სხვისი გაკეთებული და ნაყიდი სათამაშოები არაფრად მიმაჩნდა და ჩემს გაკეთებულს კი ვუფრთხილდებოდი ხოლმე. პატარებს უყვართ დიდების მიბაძვა და მეც რომ ხუხულა სახლებსა და ბეღელ-სასიმინდე-წისქვილებს ავაშენებდი ხოლმე, ჩემს სიამოვნებას საზღვარი აღარ ჰქონდა, თავი მომქონდა, რომ მე თვითონ ვაკეთებდი. აბა, წარმოიდგინეთ სოფლელი ბავშვი, რომელსაც თავის ხელით გაკეთებული ბურთი ხელში უჭირავს და თავისუფლად გაჰკრავ-გამოჰკრავს ხოლმე ხტუნვითა და სირბილით“.
ამ ამონარიდში აკაკი მისთვის ჩვეული გონიერებითა და სისადავით მშვენივრად აღწერს როგორც თამაშის, ისე სათამაშოს, განსაკუთრებით კი ხელნაკეთი სათამაშოს, უპირატესობასა და მნიშვნელობას ყმაწვილთათვის.

- როგორი იყო ქართული ხალხური თამაშები? რას უკავშირდებოდა და რა საგანმანათლებლო მიზანი ჰქონდა ან არ ჰქონდა? ყველაზე ძველი ქართული თამაში რომელია?

- მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი თედო სახოკია მოგონებათა წიგნში - „როგორ ვიზრდებოდით ძველად“, თავისი სოფლის მკვიდრთა ყოველდღიური თავშექცევის აღწერას გვთავაზობს. ვფიქრობ, ამ მასალაზე დაყრდნობით ნამდვილად შესაძლებელია ქართული თამაშობების საგანმანათლებლო, აღმზრდელობით თუ შემეცნებით ღირებულებაზე მსჯელობა:
„სათამაშოდ და დროს გასატარებლად ხან მეზობლის ბავშვები გადმოვიდოდნენ ჩვენს ეზოში, ხანაც ჩვენ გადავდიოდით მათთან. საბავშვო თამაშობასა და გართობაში პირველი ადგილი ეჭირა სათამაშო კარავის გაკეთებას ჩხირებისაგან. კარებიც მოწნული ჰქონდა ჩვენს კარვებს. მოწნული ქოხები, ადვილი და სახელდახელოდ საკეთებელი, სადგომად და საცხოვრებლად სამეგრელოში მაშინ იშვიათი არ იყო. ასეთი ქოხები პროტოტიპი უნდა ყოფილიყო აქაური ძველებური სახლებისა“.

mshoblebi
მაგრამ ყველაზე საუკეთესო ადგილი „კაკალთან“ იყო, ეს ყველაზე ტკბილი მოსაგონარი ყოფილა როგორც თედოსთვის, ისე ყველა მისი თანატოლისთვის. კაკლის ხის ძირას თავს იყრიდნენ თურმე სოფლის საუკეთესო მეჩონგურენი, ჩონგურის ხმაზე კი ცეკვავდნენ სოფლის ქალ-ვაჟნი. ისინი ჯერ წყვილ-წყვილად ცეკვავდნენ და მზე რომ გადაიხრებოდა, დაიწყებოდა „მხარული“ თამაშობა, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად ხანშიშესულებიც მონაწილეობდნენ. „ყველანი იყვნენ ახოვანნი, ჯანსაღები, წარმოსადეგნი და ლამაზები. ჩიას, ჩაგვერას (ტანმორჩილი, დაბალი) დახაშლებულს (ფილტვებით დაავადებული) ძალიან იშვიათად ნახავდით, ან თუ იყო ასეთი ვინმე სოფელში, ერიდებოდა „ჯარში“, „შეყრილობაში“, „კაკლის ხის ძირას“ გამოჩენას.
„მხარულის“ მოცეკვავეები ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს ხელებს, გააკეთებდნენ ოცი, ოცდაათი ქალ-ვაჟისგან შემდგარ წრეს. წრის ორპირად გაიმართებოდა შაირების თქმა. მოშაირეთ სიმღერით, შეწონილად ბანს აძლევდნენ და სიმღერას რიტმულად აყოლებდნენ ფეხებს. კარგა ხნის ასე თამაშის შემდეგ ქალები გამოეცლებოდნენ წრეს, მამაკაცები კი აქეთ-იქით ერთმანეთს მხრებზე გაშლილ ხელებს დაადებდნენ და იმავე სიმღერით განაგრძობდნენ წრის შემოვლას, მხოლოდ სიმღერას და ფეხების გადაბიჯების ტემპს უმატებდნენ. ეს სისწრაფე გადადიოდა მაღლა შეხტომაზე, მოთამაშენი თითქმის ერთი ადლის სიმაღლეზე ასცდებოდნენ მიწას. ასე რამდენჯერმე შემოუვლიდნენ წრეს და თამაშობაც გათავდებოდა.
ფერხულს, მცირე შესვენების შემდეგ, მოჰყვებოდა შეჯიბრება სირბილში. გადასარბენად დანიშნული იყო ასე ნახევარი კილომეტრის მანძილი. ამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, 12-15 წლის ბიჭები. გამარჯვებულის ჯილდო იყო მისი სახელი, რომელსაც მოიხვეჭდა თავისი სიმარჯვით ტოლებისა და დიდების თვალში.
სირბილს მიაყოლებდნენ ბურთაობას. მობურთალნი ორ მოპირდაპირე ჯგუფად გაიყოფოდნენ; გამარჯვებულად ითვლებდა ის ჯგუფი, რომელიც თავის ლელოში გაიტანდა ბურთს.
რიგი ბიჭებისა „ჩოგანის“ თამაშობას გამართავდა. მეტრიანი ჯოხი ძირში ბრტყლად მოკაუჭებული იყო ბურთის საცემად. „არჩევანი მე, არადანი - შენ“-ის ძახილით მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფოდნენ და თითოეული ჯგუფი ცდილობდა „ჩოგანის“ ცემით ბურთი ლელოზე გაეტანა. ამ თამაშობაში ღონე იმდენად არ იყო საჭირო, რამდენადაც სიმარდე და გამჭრიახობა.
ყოველივე ეს დასრულდებოდა იმით, რომ მედღეობენი, დიდი თუ პატარა, კაკლის ხის ძირას მოიყრიდნენ თავს და გაიმართებოდა ჭიდაობა დიდებისა ცალკე და პატარებისა ცალკე. ჭიდაობაში გამარჯვებულნი, როგორც მორბენალნი, სჯერდებოდნენ მაყურებელთა ქებას და მათ შორის სახელის გავარდნას.
მთელი ეს აღწერილობა არის სრულყოფილი მოდელი ყველა თაობის წარმომადგენლის ჰარმონიული და სინქრონული, ხმა თუ აზრშეწყობილი სანიმუშო ურთიერთობის, ასევე დიდ-პატარის სხეულის დაუსრულებელი, თითქმის დაუნდობელი წრთობის, ქართველთა შემოქმედებითობის რეპრეზენტაციისა და საზოგადოდ, პერფექციონიზმამდე მისული საზოგადოების არსებობის.
ასეთი საზოგადოება კი ბავშვთა ცხოველი აზროვნების, კეთილშობილი განცდებისა და ესთეტიკური განვითარების წყარო ხდებოდა. ეროვნული საბავშვო თამაშობანი კი უმნიშვნელოვანესი აღმზრდელობითი საშუალებაა, ისინი საუკეთესოდ გამოხატავენ ხალხის სულისკვეთებას, მათ მისწრაფებას. სწორედ ამ საკითხზე წერდა ისტორიკოსი და ეთნოლოგი, ქართული ხალხური თამაშების მკვლევარი, დედოფალების კატალოგის შემდგენელი, ნინო ღოღობერიძე, რომ გართობა-თამაშობებში მინიატურული მასშტაბით იჩენს ხოლმე თავს გარკვეული ნიშნები ხალხის ყოფის, წეს-ჩვეულებებისა და მსოფლმხედველობისაც კი. თამაშობების მიხედვით შეიძლება ერთგვარი წარმოდგენის შექმნა იმ ძველი რელიგიური წეს-ჩვეულებისა და რიტუალების შესახებაც, რომლებიც ბევრი მათგანის დასაბამად ქცეულა.
ბავშვთა ფსიქოლოგიურ სამყაროში მეტწილად ყოველდღიურ ცხოვრებაში დანახული და გაგონილი აისახება. ბავშვი უფროსების ცხოვრების, მსოფლმხედველობისა და რწმენის სარკეა. სწორედ ამიტომაც, ხალხის ყოფის მრავალი დამახასიათებელი მომენტი დაუყოვნებლივ რეზონირებს ბავშვთა თამაშობებში.
mshoblebi

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის შესაძლებელი ძველი თამაშების ადაპტირება თანამედროვე თამაშებთან?

- შესაძლებელიც არის და აუცილებელიც. დიდი ძალისხმევაც არ დასჭირდება ამგვარ შეთავსებას, რადგან ჩვენი დროის თამაშები, ფაქტობრივად, ჩვენი წინაპრების ნაანდერძევია მცირედი ცვლილებებითა და ინტერპრეტაციებით. სხვათა შორის, ინტერპრეტაციებს ძველი თამაშებიც ექვემდებარებოდა. ხშირად ნახავთ ერთი თამაშის რამდენიმე ვარიანტის აღწერას. მაგალითად, „რიკაობის“ ორი ვარიანტია აღნიშნული: ორმოსთან, კოდთან და ორი ჯოხის დასმით; „სალაობის“ 10 ვარიანტი გვხვდება, ზოგიერთს თავისი სახელწოდებაც კი აქვს. სალაობა ჩვენებური კლასობანა გახლავთ: სალაობა; ჭიკორაობა; ფოხუჭი; ქვასალაობა; ჩიკორი; ჩხირაობა; ჭორაობა.
„ქორობანას“ 7 ვარიანტია აღწერილი თავისი ძალიან საინტერესო სახელწოდებებით, მოდი ჩამოვასახელოთ ისინიც: ქორობანა, ქორაწიწილაობა, ქორაჯინჯილაობა, ქორიაბედობა, ქორის ბებია, ქორობზრიალა, ქორობუდობანა.
„დამალობანას“ (კუკუმალაობის) 3 ვარიანტი გვხდება.
ერთი თამაშის სხვადასხვა ვარიანტს, ვფიქრობ, ისიც განსაზღვრავს, რომ ამა თუ იმ თამაშში ყველა ასაკის ბავშვმა უნდა შეძლოს მონაწილეობა. თამაშთა ვარიანტულობაც სწორედ ამას ითვალისწინებს, ზოგიერთი ვერსია 5 წლის ბავშვებისთვისაა, ზოგი მხოლოდ 7-8 წლისებმა უნდა ითამაშონ, ზოგიერთ თამაშს კი მხოლოდ 12-15 წლის ყმაწვილები სჭირდება, რადგან ის თამაში სხვაგვარ ფიზიკურ მზაობას ითხოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა თამაში კოლექტიურია და მათში მონაწილეთა რაოდენობა 5-დან 20-მდე ბავშვს ითხოვს. კოლექტიური თამაშები ხომ ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავდა უკვე ყოფით ცხოვრებაშიც. უეჭველია, რომ ასე შეთამაშებული ბავშვები სადაგ, თამაშისგან თავისუფალ სივრცეშიც ერთმანეთის ერთგული თანამებრძოლნი და თანამოაზრენი იქნებოდნენ.

- თამაშზე საუბარი, ალბათ, წარმოუდგენელია სათამაშოების გარეშე. ძველი ქართველი გოგო-ბიჭები რა სათამაშოებით თამაშობდნენ?

- მკვლევართა აზრით, თოჯინებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ, ვიდრე სხვა სათამაშოებს. სავარაუდოდ, მათი ისტორია 4000 წელს ითვლის. ეგვიპტელები თოჯინებს თურმე ხის ბრტყელი ნაჭრებისგან ამზადებდნენ, იაპონელები - ქაღალდისგან, გერმანელები - ფაიფურისგან, ესკიმოსები კი - სელაპის ტყავისგან. საქართველოში, კონკრეტულად კი სამეგრელოში, პატარები, უმეტესად გოგონები, სიმინდის ღეროსაგან აკეთებდნენ თოჯინას და თამაშობდნენ „სახლობანას“, ჩალის ღეროსგანვე აკეთებდნენ აკვანს და შიგ ჩალის ღეროს თოჯინას აწვენდნენ. ხევსურეთში კი გაზაფხულზე დედოფალას ყაყაჩოსა და მინდვრის სხვა ყვავილებისგანაც კი ამზადებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მასალის სიმწირე სრულებით ვერ ანელებდა გოგონების დედოფალებისადმი სიყვარულსა და მათ მიმართ სერიოზულ, მშობლურ დამოკიდებულებას.
სხვადასხვა ქვეყანაში თოჯინებს რელიგიური რიტუალებისთვის იყენებდნენ. საქართველოშიც, თავდაპირველად, მათ რიტუალური ფუნქცია ჰქონდათ და მაგიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობდნენ: შესთხოვდნენ გამრავლებას, შვილიანობას, წვიმის მოყვანას. ასეთი დედოფალების სახელები იყო: „ლაზარე“, „გონჯა“, „საწვიმარი გუგა“.…
ადამიანთა მიმსგავსებით გაკეთებული დედოფალები უხსოვარი დროიდან არსებულან. ამას ის გვიმტკიცებს, რომ ასეთი პატარა ქანდაკებანი გვხვდება ძველ სამარხებში ჩაყოლებულ ნივთებს შორისაც და ჭურჭლისა თუ სხვა საგანთა მოხატულობაშიც.

mshoblebi
დროთა ვითარებაში, ხსენებულმა ქანდაკებებმა, ნელ-ნელა დაკარგეს საკულტო ფუნქცია. ადამიანის გამოსახულების პირველადი დანიშნულება მიიჩრდილა და თანდათანობით სათამაშოდ იქცა, თუმცა ძირეული ფუნქცია მაინც არ დაუკარგავს: ძალიან დიდხანს, ბოლო დრომდე, ადამიანის გამოსახულება მაგიურ საშუალებადაც რჩებოდა.
ასე ყოფილა, მაგალითად, იაპონიაშიც, უძველესი დროიდან მოყოლებული, იაპონიის მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანის მსგავს გამოსახულებებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: ისინი იყო ნაყოფიერების თილისმები, დაკრძალვის მონაწილე სარიტუალო ფიგურები, ბავშვების დამცავი ამულეტები, განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავი სპეციალური საჩუქრები. იშვიათად მათ ბავშვის სათამაშოს დატვირთვაც ჰქონიათ.
საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა კველევებმა ზოგან გამოავლინა სხვადასხვაგვარი სათამაშო, ადამიანის მაგვარი დედოფალები კი ჯერ არა. თუმცა, შეიძლება აღვნიშნოთ მათი საკულტო-რიტუალური „წინაპრები“ - როგორიცაა თიხისგან ტლანქად გამოძერწილი ადამიანის, ზოგჯერ ქალის გამოსახულება ახალციხის „ამირანის გორისა“ და ურბნისის „ქვაცხელების“ ადრეული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებში; ადამიანთა ბრინჯაოს ქანდაკებანი სტეფანწმინდის განძში (ადრეული რკინის ხანა); რკინის კაცუნა ვანში (ადრეანტიკური ხანა) და სხვ.
მრავალრიცხოვანი სათამაშოებიდან დედოფალა მსოფლიოს ყველა კუთხეში უსაყვარლესია გოგონებისათვის. ამ მხრივ არც ქართველი გოგონები ჩამორჩებიან სხვებს. საქართველოშიც, ბარში იქნება თუ მთაში, პატარა გოგო ყველგან თავს დასტრიალებდა თავის დედოფალას, ექცეოდა მას როგორც „ღვიძლ“ შვილს: მისი საშუალებით იწყებდა შესვლას ნამდვილი ქალური ცხოვრების სფეროში და თავისი მომავალი გარდაუვალი მოვალეობის პირველად აღქმასა და ათვისებას, სათანადო ჩვევების შემუშავებას. ეს კი ეხმარებოდა მასში დედობრივი გრძნობის გაღვიძებასა და გაღვივებას. ამას ცხადად მოწმობს დედოფალას ხევსურული სახელიც, ხევსური გოგონა თავის თოჯინას „შვილიკას“ ეძახდა.
ამასობაში ის ფხიზლად ადევნებს თვალ-ყურს თავისი დედის ყოველ მოქმედებას და დედოფალას მიმართაც იმავეს იმეორებს. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: ხალხის სინამდვილეში იყო შემთხვევები, როდესაც გათხოვილ ქალს თან მიჰქონდა სათამაშო დედოფალები და ქმრის ოჯახშიც ერთობოდა მათი მოვლით, ვიდრე ნამდვილი შვილი გაუჩნდებოდა. ამრიგად, დედოფალა და მისით თამაში საოჯახო ყოფას მართლაც ზედმიწევნით წარმოსახავდა.
ცალკე უნდა გამოიყოს მექანიკურად მოძრავი დედოფალები, რომლებიც ძველად სათამაშო დედოფალათა განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენდნენ.
გავიხსენოთ ცნობილი თეატრმცოდნის, ქართული თეატრის ხალხური საწყისების მკვლევარის, დიმიტრი ჯანელიძის დაკვირვება საქართველოში კუკების თეატრის შესახებ. ის დაწვრილებით განიხილავს VII საუკუნეში ბიზანტიელი დამპყრობლების მიერ თბილისის ციხე-სიმაგრისთვის ალყის შემორტყმის ამბავს, როდესაც: „თბილისის მცხოვრებლებმა იწყეს თავიანთი დაღუპვის მიზეზის საცინლად აგდება კვახის კუკების (თოჯინების) თამაშის მოწყობით. ამის მიხედვით მკვლევარი დაასკვნის, რომ უკვე VII ს-ში საქართველოში არსებულა „კუკების თამაში“.
მოძრავი დედოფალები საქ-ოს სხვა კუთხეებშიც ყოფილა გავრცელებული. თუშეთში, კახეთში, სამეგრელოსა და ხევსურეთში კუკა-მარიონეტების თეატრის არსებობაც კი არის დამოწმებული.
მთიულეთ-გუდამაყარშიც ადრე გაცილებით ხშირი ყოფილა ხალხური სათამაშოები და მოძრავი დედოფალები, რომლებსაც ხალხი „ძიძი-ქალებს“ ეძახდა. სვანეთში მათ „მოშპარდალ“ ერქვათ. მათაც ან ჯოხისგან აკეთებდნენ ან მატყლისგან. ზოგს ძაფი ჰქონდა თავზე შებმული და ისე ათამაშებდნენ, ზოგს კი სახსრებში ზონარი ჰქონდა გამობმული და მისი გამოწევით ამოძრავებდნენ დედოფალებს. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა ჩონგურის ან ფანდურის აკომპანიმენტი, რაც საკმაოდ გონებამახვილურად ხდებოდა: „ძიძი-ქალაზე“ გამობმულ კანაფს დამკვრელი გამოიბამდა მარჯვენა ხელის თითზე და ფანდურს რომ დაუკრავდა, იმ ხელის მოძრაობით სათამაშოსაც ამოძრავებდა დაკვრის რიტმით.
ძალზე საინტერესო და საგულისხმოა დედოფალებისთვის გამოყენებული მასალაც:
მთაში გავრცელებული ჩანს დედოფალების კეთება ნედლი მცენარეული მასალისგან. ცომის დედოფალები იშვიათად გამოიყენებოდა სათამაშოდ, მათ რიტუალური დანიშნულება უფრო ჰქონდათ.
ყველაზე ხშირად მაინც დედოფალას ტანი ჯოხისა თუ ჯოხებისაგან შედგება და ჯვარედინია. ეს მასალა, ალბათ, ერთი უძველესთაგანია დედოფალების კეთებაში, გადაჯვარედინება კი ყველაზე იოლი საშუალება სასურველი მოყვანილობის მისანიჭებლად. ამიტომ ის საქართველოს სულ სხვადასხვა კუთხის დედოფალებში გვხდება.
გადაჯვარედინების ფაქტზე საინტერესო დაკვირვება აქვს მკვლევარ ვერა ბარდაველიძეს, ის აღნიშნავს, რომ ჯვარი ყველა ქართველი ტომის ძველ ყოფაში ხან უზენაეს არსებას გამოხატავს, ხან კი ბავშვების სათამაშო დედოფალად არის ქცეული.
ის, რომ ჯვარი და დედოფალა ერთნაირად, ორი ჯოხის შეერთებით მიიღებოდა, კიდევ ერთხელ მოწმობს თოჯინის საწყის დანიშნულებას, მის რიტუალურ ფუნქციას.
mshoblebi

დედოფალას ფეხები საკმაოდ იშვიათად უჩანს, ზოგჯერ ისინი ჯოხის ორკაპა ბოლოთია წარმოდგენილი. ფეხები ხშირად შემოსილია ჭრელი წინდებით ან წუღებით.
თავ-პირი ან ჯოხის წვერზე დაბმული, მატყლით გამოვსებული ბრტყელ-მომრგვალო ბურთია, ან ქსოვილშემოჭერილი მრგვალი და ბრტყელი ღილი თუ ლითონის ფული, რომელიც ხშირად ჯვარედინად არის დაქარგული.
უთუოდ უნდა აღინიშნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღნუსხულ დედოფალათა ნაირნაირი სახელწოდება. დედოფალების ყველაზე უფრო გავრცელებული სახელებია:
„დედოფალა“, „ტიკინა“, „გუგა“, „კუკნა“, „კუკი“, „ძონძი-კუკი“, „კიკო“, „თოჯინა“, „თოჯა-ბიჭი“, „თოჯა-გოგო“, „შვილიკა“, ანუ „შვილუკა“, „ძიძი-ქალა“, „დალ“, „მოშპარდალ“, „ბიათაყვა“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ დედოფალათა ორივე სვანურ სახელწოდებაში შემორჩენილი „დალ“ - იქაური ნადირობის ქალღმერთის სახელია. ეს კიდევ ერთი მტკიცე მოწმობაა იმისა, რომ დედოფალები თავდაპირველად, მართლაც, ღვთაებათა გამოსახულებას გამოხატავდნენ.


ესაუბრა შორენა ტყეშელაშვილი
გამოყენებულია ფოტოები თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფეისბუქგვერდიდან და წიგნიდან "ქართული ხალხური დედოფალების კატალოგი", ავტორი ნინო ღოღობერიძე, თბ,. 1968 წ.

353
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?