ამბავი, რომელსაც ნინო საღირაშვილი გვიამბობს, ჩვენთვის უცხო არ იქნება, რადგან ხშირად გვსმენია და ალბათ ყველა შევსწრებივართ ფაქტს, როცა სრულიად უცნობ ადამიანებს უნებურად თუ მიზანმიმართულად, გულს ვტკენთ... ამიტომ ვერავინ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება...
3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო სასტიკია, თვითონ გაუღიმოს ყველას და ყველაფერს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან გულს ხშირად უკლავს ვიღაც უგულოს (უკაცრავად, მაგრამ აქ ეს სიტყვა აუცილებლად უნდა მეთქვა. უფრო მძაფრიც შეიძლებოდა, მაგრამ თავს შევიკავებ მიზეზთა გამო) მიერ წამოსისინებული საშინელებები, რომელიც ლახვარივით ესობა და როგორც თავად ამბობს, მის გულში გაჩენილ ნაიარევს კიდევ უფრო აფართოებს...
- მინდა მოგიყვეთ ჩემ შესახებ. დავიბადე 1992 წლის 17 ოქტომბერს, მცხეთაში. სამი წლის ვიყავი, როდესაც დავიწვი - სახის მძიმე დამწვრობა მივიღე, არაერთი ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 5 წლის ასაკში გერმანიაში გადამიყვანეს სამკურნალოდ. მართალია, ოჯახს ჩემი მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა, მაგრამ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ. ერთი წელი ვიყავი გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მივედი სკოლაში. იმ პერიოდში რთული იყო ყველაფერი, რადგან მესმოდა, ჩემს ზურგს უკან როგორ კითხულობდა ყველა, თუ რა მჭირდა? ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ბავშვებსაც უჭირდათ ჩემთან თამაში, სანამ არ მიხვდნენ, რომ მეც მათნაირი ვიყავი...
მაგრამ ყველაზე რთული ის წუთები იყო, როცა ჩემზე ჩურჩულებდნენ. გადიოდა წლები, მე კი ვხვდებოდი, რომ ჩემი ნაიარევების გამო, უფრო და უფრო ვიქცევდი გარშემო მყოფების ყურადღებას. ხშირად მოურიდებლად იშვერდნენ თითს ჩემკენ, - ნახე რა სჭირს, რას ჰგავსო. ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო... როგორც აღვნიშნე, მძიმედ მქონდა დამწვარი ყელი და თავს ვერ ვწევდი მაღლა, ხელს ვერ ვშლიდი, ტანზე უამრავი ნაკერი, ნაწიბური დამრჩა... გავიზარდე და ჩემთან ერთად ეს ნაწიბურებიც იზრდებოდა. განაგრძეთ კითხვა