სვანეთში სულ ცოტა ხნის წინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სოფელ ცხუმარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ძმებ არღვლიანებს შორის შელაპარაკება მოხდა. შედეგად, ბესიკ არღვლიანმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმას - ლაშა არღვლიანს.
ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 48 წლის ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. პატიმრობის აუცილებლობა პროკურორმა მირანდა მუმლაძემ იმით ახსნა, რომ არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. მისივე განამარტებით, არღვლიანმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმავალვა სცადა.
ბრალდებულმა კი თქვა, რომ მიმალვა არ უცდია, არამედ თავის მოსაკლავად გაქცა. ის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებული ძმის მკვლელობას აღიარებს. "დანაშაული მაქვს, მანქანა არ მივეცი და ჩემი ბრალია ეს ყველაფერი... რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა. არ არსებობს იმის საშიშროება, რომ მე მივიმალო. მაშინაც გავიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ძმის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა იმიტომ, რომ მივმალულიყავი. ისიც ვიცოდი რომ დასაჭერად მოდიოდნენ", - თქვა მან. (იხილეთ ვრცლად)
გარდაცვლილი ლაშა არღვლიანი მათემატიკის მასწავლებელი იყო. სოფელ ცხუმარის მცხოვრებლები საყვარელ მასწავლებელს ემშვიდობებიან და იხსენებენ:
"გასახსენებელი ბევრია, რაც თქვენთან არის დაკავშირებული, რომელიც ცრემლიან ღიმილს მოგგვრის ადამიანს, შენ ხომ იუმორის მეფე იყავი, მუდამ ღიმილიანი, სიკეთით სავსე, ლამაზად მომავალი თაობის აღმზრდელი. შენი მოსწავლეები და კოლეგები გაკვეთილებს ვერ ატარებენ ლაშა, ვერ წარმოუდგენიათ უშენოდ იმ დერეფნებში ტრიალი, სადაც ყველა დეტალი, ყოველი კუთხე-კუნჭული შენს თავს აგონებთ. მოსწავლეეები მერხებზე თავდამხობილი ქვითინებენ, მასწავლებლები დამუნჯებულან... სოფელი ცხუმარი დათრგუნულია და ვეღარ წარმოუდგენია უშენოდ გათენებული ყოველი დილა..." "შემაძრწუნებელი ტკივილია ამ ვაჟკაცის ტრაგედია! უფლმა განუსვენოს, სადაც მართალნი განისვენებენ!" "ღმერთო, რამხელა ტკივილია ოჯახის, მთელი საგვარეულოსა და სოფლისათვის".