ქალი, რომლის გადასარჩენადაც, მისი ვაჟები, ძმები - ნიკა და რატი ქართველიშვილები თბილისის ქუჩებში ტაქსაობდნენ, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ნიკა ქართველიშვილმა ”ფეისბუქზე” დაპოსტა და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ" - წერს ნიკა ქართველიშვილი.
54 წლის დედის გადარჩენის მიზნით, ძმებმა ტაქსაობა დაიწყეს. მათ ტაქსზე იყო წარწერა ”#მაიასთვის, სიცოცხლის გადასარჩენად”. ერთ-ერთმა მოქალაქემ ძმებს საკუთარი მანქანაც ათხოვა. საზოგადოების ნაწილი აქტიურად იყო ჩართული თანხის შეგროვების საქმეში.
ნიკა და რატი სამძიმრის უამრავ წერილს იღებენ:
”თუ გგონიათ რომელიმემ ბრძოლა წააგეთ, ძალიან ცდებით...
ეს სამყარო გამოცდაა, რომელიც უნდა ჩააბაროს ადამიანმა...
თქვენ და თქვენმა დედიკომ ყველაზე დიდი ბრძოლა მოიგეთ ამ სამყაროში, დედაშვილობის სიყვარული... დედამ გაგზარდათ საოცარი შვილები და თქვენ თავი გადადეთ გამზრდელი დედისთვის ...
დედაშვილობაზე დიდი სიყვარული არ არსებობს დედამიწაზე და ამ სიყვარულისთვის და თავგანწირვისთვის დაგაჯილდოებთ უფალი აუცილებლად, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ...
მოვა დრო და ეს უდიდესი ტკივილი უდიდეს სიხარულად გადაგექცევათ რადგან მარადიულობა იმ ქვეყნადაა...
"ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა"
უფლის მარადიული სასუფეველი ქალბატონ მაიას, საქართველისთვის მიცემული ასეთი საოცარი მაგალისთვის...
თქვენ მოიგეთ ყველაზე მთავარი.. ბრძოლა სულიერებისთვის”, - სწერს ძმებს ერთ-ერთი მეგობარი.