5 წლის ანასტასია დევდარიანს ბევრი ადამიანი იცნობს. როგორც ტასოს დედა, სალომე ესართია გვიყვება, ბავშვს კომუნიკაცია და თამაში უყვარს. ხშირად, ანასტასია დედის, მასწავლებლის, ექიმის როლებს ირგებს და ეს პროცესი ძალიან მოსწონს. უყვარს ხატვა და კითხვა. სალომე მის შესახებ გვიამბობს:
- თავადაა ძალიან ინტერესიანი ბავშვი. "რატომ"-ს ვეძახით იმიტომ, რომ ყველაფერზე ამ კითხვას სვამს. მთელი დღე ველაპარაკები, რასაც მეკითხება, ვცდილობ, სრულფასოვნად ვუპასუხო წიგნებიდან, ინტერნეტიდან. ყველა საშუალებას ვიყენებ. სხვანაირად არც თავად ისვენებს, ვიდრე სრულყოფილ პასუხს არ მიიღებს. კომუნიკაცია ძალიან უყვარს. ინტერნეტი, ტელეფონი და სხვა ტექნიკა ნაკლებად მოსწონს.
- ერთი შვილი გყავთ?
- არა, უფროსი გოგო მყავს, 14 წლის.
- ვიდეოები დადგმულია თუ თამაშის პროცესში იღებთ?
- არ არის დადგმული. შუა თამაშის დროს ვრთავ ტელეფონს და ვიღებ ჩვენს თამაშს. ვთამაშობთ დედაშვილობანას, დაქალობანას, მასწავლებლობანას და ასე შემდეგ. ძირითადად ეზოშია, დაძნებამდე არ შემოვდივართ სახლში.
- რა გამოხმაურება აქვს ვიდეოებს?
- ვიდეოებს ძირირთადად დადებითი გამოხმაურება აქვთ, უარყოფითი არ მახსენდება. რამდენჯერმე წამიკითხავს კომენტარი, რომ ანასტასია ძალიან დიდურია. დედა ზრდის, როგორც დიდსო, თუმცა ასე არ არის. მე ჩემს შვილს ლაღად ვზრდი, მასთან ერთად თავადაც ვიზრდები. ძალია ბევრ რამეს ვსწავლობ ტასოსგან. როგორც მას უნდა, ისე ვეთამაშები. მე რომ დიდების სარეცხს ვრეცხავ, ეს თოჯინებს ურეცხავს კაბებს, რაღაცას რომ ვაკეთებ სამზარეულოში, ტასო თავის პატარა ჯამში ამზადებს პარალელურად. ჩემთან ერთად იზრდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვუშლი. მაგრამ, ლაღია. მისი სწავლა თამაშის ფონზე ხდება. მულტფილმების ყურებაც უყვარს, მაგრამ წიგნის კითხვა ურჩევნია.
- თავად თუ აკვირდება, ვინ როგორ ეხმაურება მის ვიდეოებს?
- საერთოდ არ აინტერესებს. რამდენჯერმე ყოფილა, ტელეფონი რომ მიჭირავს, მეუბნება, რომ დავდო და ყურადღება მივაქციო.
- სხვა რა მისწრაფებები აქვს?
- ძალიან უყვარს ხატვა. როგორც კი ჩამოჯდება, ხატვას იწყებს. ზოგადად, მისი მისწრაფება ურთიერთობებია. ძალიან უყვარს სამზარეულოში რაღაცების კეთება, ოღონდ მართლა გამოსდის მომზადება. ნამცხვარს ჩემთან ერთად აცხობს.
- ხომ არ აპირებთ მომავალში "იუთუბ" არხის გახსნას?
- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ ვთვლი, რომ ეს დადებითად აისახება მასზე იმიტომ, რომ ერთხელ ინტერვიუ გვქონდა და მგონია, რომ ძალიან ინერვიულა. ეს ბუნებრიობას უკარგავს. ვიდეოებს არც ჯგუფებში ვდებ, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ბევრი ადამიანი ნახულობს. ეს უბრალოდ ჩვენი გართობის, თამაშის ამსახველი ვიდეოებია, რომლებსაც სხვებს ვუზიარებთ...
თამარ იაკობაშვილი