არის გარდაცვალება ისეთი, როგორსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ვუძებნით ახსნას და არის გარდაცვალება ისეთიც, როცა მიდიხარ და თან რჩები, რჩები უამრავი ადამიანის გულში და შენზე მოყოლილი მოგონებებით ყოველ ჯერზე თავიდან იბადები... სწორედ ასეთი განცდა დამეუფლა, როცა ჩემს რესპონდენტს, საქვეყნოდ ცნობილ, ყველასთვის საყვარელ სახალხო არტისტზე, გივი ბერიკაშვილზე ვთხოვე საუბარი.
გივი ბერიკაშვილის უფროსი შვილიშვილი ანო მაისურაძე:
- რაც უფრო გადის დრო, მეტად ვხვდები, რამდენად რთულია მის გარეშე ყოფნა. თუკი შეეძლო, სადმე მასთან ერთად ვყოფილიყავი, სულ ერთად ვიყავით. ზოგჯერ ძალიან ძნელია იმის გააზრება, რომ შენი ოჯახის წევრი უნდა გააიგივო დიდ ადამიანთან, ისეთ სახალხო ვარსკვლავთან, როგორიც გივი იყო. ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. დილით ადრე იღვიძებდა, სახლში ყველას ეძინა და ჩვენ ერთად ვსაუზმობდით, შვრიის ფაფას მივირთმევდით, მერე სკოლის ავტობუსამდე მიმაცილებდა, ან თვითონ მივყავდი.
სულ ჩვენთან იყო და ამიტომაც მიჭირს ცალკეული ფრაგმენტების გამორჩევა ჩვენი ურთიერთობიდან, თანაცხოვრებიდან. მის გარდაცვალებამდე ბოლო 2-3 წელი არ ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ. მანამდე რაც თავი მახსოვს, ჩემი დაბადებიდან მოყოლებული, ყველანი ერთად ვიყავით. ჩემი შვილი ელისაბედი რომ გაჩნდა, მოდიოდნენ პაპა და ბებო, მთელ დღეს ჩვენთან ატარებდნენ, დასაძინებლად მიდიოდნენ უკან.
მიუხედავად იმისა, რომ გივისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი, მეც და ჩემს ბიძაშვილებს - გივიკოს და ელენეს, არასდროს გამოგვარჩევდა ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, მე და გიო ყოველთვის ერთად დავყავდით გასართობად, სანამ ელენე დაიბადებოდა.
- როგორ შეხვდა ბატონი გივი შვილთაშვილის, თქვენი შვილის ელისაბედის დაბადებას?
- ჩვენ ახლა ვცხოვრობთ საბურთალოს ქუჩაზე. თამარაშვილზე იყო ჩვენი სახლი, სადაც ბოლოს გივი ცხოვრობდა. იპოდრომს გადმოჭრიდა ფეხით და მოდიოდა ელისაბედის სანახავად, თვითონ კი არ გვთხოვდა, მომიყვანეთ ბავშვი, მანახეთო. ისე ერთობოდა ელისაბედთან, არავის გვაწუხებდა. ინტერვიუებშიც აქვს ნათქვამი: "უკვე აღარ მეშინია არაფრის, ბედნიერი კაცი ვარ, შვილიშვილებს ხომ მოვესწარი, შვილთაშვილებსაც მოვესწარიო". მეორე შვილთაშვილსაც, გივიკოს შვილ მაშოსაც მოესწრო, ოღონდ ძალიან პატარას.
- როგორი განცდა იყო თქვენთვის დიდი მსახიობის დიდ სცენაზე ხილვა?
- მე რომ პატარა ვიყავი, თეატრში როლებზე აქტიურად აღარ იყო დაკავებული. უფრო მეტად საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობდა. "იუმორინას" კულისებში ვარ გაზრდილი. "პიგმალიონის" პრემიერაზე შოკირებული დავრჩი, გივის სცენაზე გამოჩენისას იმდენად დიდი ამბავი ატყდა... მეორე მოქმედების ბოლოს ჩნდებოდა, ჯერ ზურგით იჯდა, მერე ბრუნდებოდა წინ მაყურებლისკენ და ამ შემობრუნებისას გასაოცარი იყო მაყურებლის ოვაციების ხილვა, ჩერდებოდა ყველა და ყველაფერი, ხალხი ფეხზე დგებოდა და 15-წუთიანი ტაშის მერე, ისევ გრძელდებოდა სპექტაკლი. საერთოდ, როცა მას სცენაზე ვხედავდი, გული მიჩუყდებოდა.
პაპა 83 წლის გარდაიცვალა... 85 წლის იუბილე რომ გადავუხადეთ, იუბილესთვის ჩავწერე მისი მეგობარი მეწაღეები, გამყიდველები, ყასბები, მოკლედ ყველა ის ადამიანი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ. მინდოდა გაეზიარებინათ ჩვენთვის გივიზე მოგონებები. ზოომაღაზიაში ისე იტირა პაპას გახსენებაზე გამყიდველმა ქალმა, ძლივს დავამშვიდე. ტაქსის მძღოლს რომ მოვყავარ ძველ სახლში, მეკითხება, იცი, აქ ვინ ცხოვრობდაო?
- ბატონი გივი გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა?
- არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონია, ასაკში ყველა მოხუცს აწუხებს რაღაც და გივის შემთხვევაშიც ასე იყო. ბოლოს რომ ავად გახდა, თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში, სიცხე ჰქონდა წინა დღეს. რომ ვეუბნებოდით, წავიდეთ საავადმყოფოშიო, იუარა, დილას წავალო. მართლაც, დილით თავისი ფეხით წავიდა და მისვლისთანავე ისე გართულდა სიტუაცია, რომ მაშინვე ჟანგბადი დასჭირდა. ფილტვების ანთება აღმოაჩნდა, რომელიც თურმე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. გარდა სიცხისა, გამოკვეთილი სხვა სიმპტომები არ ჰქონია...
- რას გვეტყვით ბებოზე, ქალბატონ ლეილა კაპანაძეზე?
- მართლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა ლეილა, ყველას წყალი წაგვიღებდა. ეს ის ქალია, რომელმაც გივი მოიყვანა იქამადე, სადამდეც მოიყვანა. ვერავინ იტყვის, რომ ლეილას გარეშე გივი, გივი იქნებოდა... რაღაც პერიოდი, როცა პაპას როლები არ ჰქონდა და დაკავებული მსახიობი არ იყო, ძმაკაცები სთავაზობდნენ სხვა სამუშაოს, "წამოდი, სადმე იმუშავე, ოჯახი გყავს სარჩენი, დარაჯად დადექიო". გივიმაც, ვფიქრობდიო რაღაც მეღონაო, ოჯახისთვის უნდა მიმეხედაო... სწორედ ასეთ რთულ მომენტში ივაჟკაცა ბებომ. სანამ გივის გამოუჩნდებოდა ახალი როლები და გივი გივი გახდებოდა, ლეილამ აიღო თავის თავზე მთლიანად ოჯახის რჩენა.
ახლა ბებო ჩვენთან ცხოვრობს. გივის გარდაცვალების მერე ლეილა რომ არა, სხვას ბევრად გაუჭირდებოდა. ძალიან ძლიერი ქალია, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად რაღაცები უკვე აღარ შეუძლია, შინაგანად მაინც მხნედ არის.
- პროფესიით მარკეტერი ხართ, მსახიობების წრეში აღზრდილ გოგოს არტისტობაზე არ გიფიქრიათ?
- ჰობის დონეზე როგორ არა, მიფიქრია. თეატრში და სპექტაკლებშიც მითამაშია, ვმღეროდი კიდეც, მთლად შორს არ ვარ სამსახიობო ცხოვრებისგან, ფრაგმენტულად მაქვს სასცენო გამოვლინებები, თუმცა არჩევანი მაინც სხვა პროფესიაზე შევაჩერე.
- სოფელ კოლაგიდან არის ბატონი გივი, სტუმრობდით მასთან ერთად სოფელს?
- კოლაგში არის პაპას სახელობის ქუჩა. კახეთში არ გვაქვს არაფერი, თუ ჩავდივართ, სტუმრად ჩავდივართ. ერთადერთი საზაფხულო აგარაკი გვაქვს წვერში, რომელსაც სეზონურად ვსტუმრობთ.
რუსკა კილასონია