7 წლის გოგონას ბებიის თანდასწრებით იტაცებდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას, ოთხშაბათს მოხდა. ბავშვი პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეა და შემთხვევაც სკოლასთან მოხდა.
უცნობის საეჭვო ქცევის გამო ბებიამ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
”მთავარის” ცნობით, მომხდარს ადასტურებს პედაგოგი, რომელმაც მშობლები მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილა.
”ამ ფაქტის შესახებ გავიგე ერთ-ერთი მშობლისგან. ბავშვს უცნობი პიროვნება მოეფერა. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ყველა მშობელს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, - აცხადებს ირმა კალმახელიძე.
mshoblebi.ge პირველი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს ესაუბრა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვს ქუჩაში ვიღაც მიეფერა.
”ვიღაც მიეფერა ქუჩაში ბავშვს და ბებიამ წიოკი ატეხა, სექსუალური მანიაკი იყო და ეტყობა მოტაცება უნდოდაო, ასე ამბობენ სკოლაში”, - გვეუბნება ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
როგორც mshoblebi.ge-ს შს სამინისტროში უთხრეს მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.