თუ თქვენი შვილი ჩიფსებით წახემსებაზე უარს ვერ ამბობს, თქვენ კი მას ამ პროდუქტის მიღებას უკრძალავთ, მალე ამის გაკეთება აღარ მოგიწევთ - ბაზარზე "ჩიკორის" ბრენდით ვაშლის ჩიფსები გამოდის. ახალი პროდუქტი საცალო სექტორში ამ კვირას გამოჩნდება და 80-გრამიან შეფუთვით გაიყიდება.
ამ დრომდე "ჩიკორის" ვაშლის ჩიფსი წონით ან სპეციალური შეკვეთით იყიდებოდა. თუმცა მომხმარებელს ახლა უკვე მისი შეძენა საცალო ქსელებშიც შეეძლება.
"ჩიკორი" როგორც მის სხვა პროდუქტს, ვაშლის ჩიფსებსაც 100%-ით ქართული პროდუქტისგან ამზადებს. გამოყენებულია ვაშლის 2 ჯიში - ფუჯი და გრანი სმიტი, რომელიც ქართულ მიწაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში ის მინერალების და ვიტამინების 80%-ს ინარჩუნებს. ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ არც შაქარს და არც რაიმე ხელოვნურ დანამატს. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ ვაშლის ჩიფსთან ერთად, მსგავს მოსახერხებელ შეფუთვაში ქლიავის ჩირიც გამოგვეშვა." - აცხადებს "ქარელის ხილის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი სანდრო მათიაშვილი.
ამ ჯანსაღი პროდუქტით შესაძლებელია, რომ ბავშვებმა კვებით რეჟიმში ტრადიციული ჩიფსი ჩაანაცვლონ.
შეგახსენებთ, რომ "ჩიკორის" მწარმოებელი კომპანია "ქარელის ხილი" ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს პროდუქციის აქტიური წარმოება დაიწყო. ბრენდი უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის ჩეხეთი, ლიეტუვა და რუსეთი.
"ქარელის ხილის" მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანია ფლობს ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
ამ ეტაპზე "ჩიკორის" ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი შოკოლადში ამოვლებული სახით.
2019 წლიდან "ქარელის ხილი" "სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება.