პიტბულმა იყნოსა, გამძვინვარდა და პატარა გოგონას თავში ეცა ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიგონიათ ამბავი დედის ინსტინქტის საოცარ ძალაზე, რომელიც ქალებს აიძულებს, ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი გადაარჩინონ შვილები. ახალგაზრდა ამერიკელი დედის ამბავიც ერთ-ერთი მათგანია.
23 წლის ტეხასელმა ჩელსი კემპმა მართლაც დაუჯერებელი სიმამაცე გამოავლინა და შვილის სიცოცხლე იხსნა ისე, რომ საკუთარი ჩააგდო საფრთხეში. ეს ინსტინქტი ყოველთვის ნამდვილად არ "მუშაობს" - ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა დედებსაც კი მძიმე სიტუაციებში თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი ჰქონიათ, ვიდრე დედობრივი... ამიტომაც იყო, რომ ჩელსის შემთხვევაზე ალაპარაკდნენ და ტელევიზიებითაც კი გააშუქეს.
ჩელსი თავის მეგობრებს დათანხმდა, რამდენიმე საათით მიეხედა მათი პიტბულისთვის. ძაღლი მოსიყვარულე და ალერსიანი იყო იმ მომენტამდე, სანამ ჩელსის ორი წლის გოგონა მაკენზი არ მიუახლოვდა, რომ მოფერებოდა. ჩელსის სახლშიც ჰყავდა ძაღლი, რომელთანაც ბავშვი საკმაოდ ყოფილა გაშინაურებული. როგორც ჩანს, მაკენზის თავისი ძაღლის სუნი ასდიოდა, რომელიც პიტბულმა იყნოსა, გამძვინვარდა და პატარა გოგონას თავში ეცა...
გოგონას დედა არ დაიბნა და ნამდვილი მონადირესავით მიაფრინდა ძაღლს, ერთი ხელი ღრმად ჩაყო ძაღლის ხახაში, მეორეთი მისი თავი დაიჭირა და... ერთ წამში ყურზე უკბინა, რომ როგორმე ბავშვისთვის მოეშორებინა ცხოველი. თან ფეხებს ურტყამდა და ყველაფერს ესროდა, რაც ხელთ ხვდებოდა.
ცნობილია, რომ პიტბულები ერთხელ თუ მოიქცევენ ყბაში რამეს, ძნელად ანებებენ თავს. დედის შეტევებს ძაღლი კარგა ხანს იგერიებდა, მერე ბავშვს მიანება თავი და დედასთან ბრძოლა განაგრძო. სწორედ ამ დროს შემოცვივდნენ პოლიციელები და ძაღლი ადგილზე მოკლეს, ბავშვი კი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ქირურგები 7 საათი უკერავდნენ ჭრილობებს.
საბედნიეროდ, ბავშვს არც სისხლძარღვები და არც თვალები არ ჰქონდა დაზიანებული, ერთ კვირაში კი შინაც გაწერეს. დედას კი საკმაოდ სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული ხელები და მასაც მკურნალობის კურსი დასჭირდა.
სხვათა შორის, ამერიკაში ყოველწლიურად 4,5 მილიონ ადამიანს ესხმიან თავს ძაღლები, შემთხვევათა 50%-ის დროს მსხვერპლი ბავშვები არიან.