მარიამ ძაგნიძის ამბავი სოფი გოიხმანის ბლოგზე გამოქვეყნდა. სოფის ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს - მან სიმსივნე დაამარცხა და ახლა სხვა ადაიანების ამბებს გვიყვება, სხვებს ეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში.
ეს კი მარიამის ამბავია:
"მარიამ ძაგნიძე, 23 წლის დიაგნოზი: იუნგის სარკომა, მესამე სტადია, ავთვისებიანი.
ორი ულამაზესი გოგოს დედიკო.
ექიმი - კახა თოდუა
მოგიყვებით ჩემ ისტორიას, მე ვარ მარიამი 23 წლის, ორი გოგონას დედიკო. თუ როგორ გადავლახე ეს ურთულესი გზებიი...
დამეწყო ბეჭის ტკივილი. მივედი ექიმთან. გადავიღე რენტგენი, მითხრეს ნერვის ანთება, დავიწყე მკურნალობა. მთელი 6 თვე ვმკურნალობდი ნერვის ანთებაზე, მაგრამ უშედეგოდ ტკივილი დღითიდღე მატულობდა და მისივდებოდა ბეჭი, მიმასწავლეს ერთი ქალი, რომელიც თავად ამზადებდა წამლებს, მკურნალობდა ნერვის ანთებას. ჩავიტარე ორი კურსი, მაგრამ შედეგი არ მქონდა, ტკივილმა უფრო მომიმატა.
ტკივილი რომ ვერაფრით გავიყუჩე, წავედი დევდარიანთან - ნერვოპათალოგთან. რომ მოვუყევი ჩემი მდგომარეობა, მითხრა ასეთ პატარა ასაკში ნერვის ანთება არ ხდებაო, მითხრა, რომ სერიოზული მისახედი ვიყავი და წადი, კატე გადაიღეო.
მეორე დღეს წავედი ძალიან ძლიერი ტკივილებით, გადავიღე კატე, ავუხსენი ექიმს ჩემი მდგომარეობა. შემიყვანეს. პროცედურის გადაღების დროს ამიტყდა ისტერიკული ტირილი, ნახევარსაათიანი გადაღება გაგრძელდა ერთი საათი. ამ დროს ფიქრებით სხვა სამყაროში დავფრინავდიი, მაეჭვებდა ყველას გაოცებული სახეები, ვიკითხე, რა მჭირს-თქო და არავინ მიპასუხა. მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო კარგად!
გამიშვეს ბიოფსიის ასაღებად. არ ამიღეს ბიოფსია, მშობლის თანხმობა მოითხოვეს. მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ. დაურეკეს დედას, ბიოფსიაა საჭირო და თქვენი თანხმობა გვინდაო. დედამ გაოგნებულმა უთხრა წამიერი პაუზის შემდეგ - ხელი არ დაადოთ, ხვალვე მოვფრინავო... წამიყვანეს თბილისში, გავიკეთე ბიოფსია და დამიდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, "იუნგის სარკომა", მესამე სტადია... გავიკითხეთ და მიგვასწავლეს კახა თოდუა.
კახა ექიმმა მაშინვე მითხრა, ნუ გაქვს ყურები ჩამოყრილი, შენს შვილებს დედა ეყოლებათ და ხელსაც შეგინარჩუნებო. მე ამ დროს გადარეული ვტიროდი... მოიკრიბე ძალა, სხვანაირად არ გამოვა, მე მარტო ვერაფერს ვიზამ შენ თუ შემართებით არ იქნებიო, მართალია სახარბიელო მდგომარეობა არ გაქვს, მაგრამ შენ თუ სულ იტირე, მე ვერ გიშველიო!
დამინიშნა ორი კურსი ქიმიოთერაპიის. მთავარი იყო, როგორ შედეგს მოგვცემდა ქიმიები, ქიმიებმა კარგი შედეგი გამოიღო და დაინიშნა ოპერაცია - ბეჭის ძვლის ამოკვეთა. ვნერვიულობდი, ჩემ შვილებს ჯანმრთელი დედა სჭირდებათ-თქო, მოთქმით ვტიროდი, სულ სხვა სამყაროში ვიყავი!
5-საათიანი ურთულესი ოპერაცია გაკეთდა! ორი თვის შემდეგ დამინიშნა ისევ ქიმიები - 33 გადასხმა. ერთი წლის შემდეგ ისევ შევნიშნე იღლიაში რაღაც პატარა ბურთულასავით, გავიკეთე ისევ მეორე ოპერაცია - ლიმფური კვანძების ამოკვეთა, შემდეგ დამენიშნა სხივები - ჩავიტარე 36 დასხივება!
უფლის წყალობით, დღეს კარგად ვარ. სამ თვეში ერთხელ ვიტარებ კვლევებს! და დღეს ვზრდი ორ ულამაზეს გოგონას! მინდა გითხრათ, "კიბო" სასიკვდილო განაჩენი არ არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი!"