"არასრულწლოვნებმა არაოფიციალურად რომ იცხოვრონ ერთად და შვილიც ჰყავდეთ, ამის საწინააღმდეგო ნორმა ახლანდელ კოდექსში არ იძებნება" - ვინ აგებს პასუხს კანონის წინაშე და ვინ - არა?
"არასრულწლოვნებმა არაოფიციალურად რომ იცხოვრონ ერთად და შვილიც ჰყავდეთ, ამის საწინააღმდეგო ნორმა ახლანდელ კოდექსში არ იძებნება" - ვინ აგებს პასუხს კანონის წინაშე და ვინ - არა?
ოფიციალურად ქორწინება, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია,  შესაძლებელია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან. რას ითვალისწინებს კანონი არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ და რა სასაჯელი არსებობს ფაქტის დაფარვის შემთხვევაში, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე.
- ვინაიდან ჩვენი საუბრის ინტერესი არასრულწლოვანია, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანი არის 18 წლამდე ასაკის პირი. ოფიციალური ქორწინება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, მხოლოდ 18 წლის ასაკიდან დაიშვება. შესაბამისად, არასრულწლოვანთა ქორწინება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია.
ადრე იყო შესაძლებელი 16 წლის პირების დაქორწინება, ანუ სამოქალაქო ქორწინების გაფორმება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ეს წესი ახლა ამოღებულია. თუმცა არასრულწლოვნებმა არაოფიციალურად რომ იცხოვრონ და შვილიც ჰყავდეთ, ამის საწინააღმდეგო ნორმა ახლანდელ სამოქალაქო კოდექსში არ მოიძებნება, ასე რომ, ამაზე პასუხსაც ვერ მოსთხოვენ. თანაცხოვრებას კანონი ვერ უკრძალავს, მთავარია 16 წელს მიღწეულები იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთი რომ იყოს 16 წელს მიუღწეველი და მეორე სრულწლოვანი, მაშინ უკვე დანაშაულთან გვექნება საქმე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება სრულწლოვნის მიმართ, თუკი ის წინასწარი შეცნობით დაამყარებს სქესობრივ კავშირს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

- რა სასჯელი არსებობს, იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვანს 16 წელს მიუღწეველ პირთან აქვს დამყარებული სქესობრივი კავშირი?

mshoblebi
- აღნიშნული
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ სრულწლოვანმა დამნაშავემ წინასწარ იცოდეს, რომ პირი, რომელთანაც ამყარებს ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს, 16 წელს მიუღწეველია. ამ მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 9 წლამდე ვადით.
ხოლო მეორე ნაწილი (თუ დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი, ორი ან მეტი პირის მიმართ, ორსულის მიმართ, ან დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ) - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 10 წლამდე.

- თუ სრულწლოვანს 16 წელს მიუღწეველ პირთან აქვს სქესობრივი კავშირი, ფაქტის შეუტყობინებლობის გამო ვინ შეიძლება აგოს პასუხი კანონის წინაშე და ვინ - არა?

mshoblebi
- სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სამი კატეგორიის დანაშაული - ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე. ეს დაყოფა ხდება სასჯელების მიხედვით. სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი თანახმად, ყველა ის პირი აგებს პასუხს, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ზოგადად ყველა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამის თაობაზე არ შეატყობინებს პოლიციას.
ვინაიდან სრულწლოვნის მიერ 16 წელს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამ დანაშაულის შეუტყობინებლობა დასჯადია 376-ე მუხლის მეორე ნაწილით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 6 წლამდე.
რაც შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, აქ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ პირმა ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია კონკრეტულად სამი დანაშაული, ესენია:
  • წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გამოყენება, დამზადება ან გასაღება. ( 255-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)
  • არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში (255 პრიმა მუხლი).
  • სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ( 255.2.-ე მუხლი).
- ასე რომ, აღნიშნული დანაშაულების დამალვა ისჯება, მაგრამ თუ ფაქტი ახლო ნათესავმა დაფარა, ის ვერ დაისჯება იმიტომ, რომ მას აქვს უფლება, არ გასცეს ინფორმაცია ახლო ნათესავის წინააღმდეგ. მშობლების როლი ამ შემთხვევაში ძალიან დიდია, როდესაც ხედავს, რომ შვილს მოჰყავს 15 წლის ბავშვი ცოლად, ხელი უნდა შეუშალოს, იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენაში შეუწყებს ხელს. შეიძლება მშობელმა არ განაცხადოს, მაგრამ ფაქტი ხომ შეიძლება მაინც გახდეს სხვებისთვის ცნობილი. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ დაუშვებელია 16 წელს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი. აქ ხაზგასასმელია ის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე სუბიექტი, დანაშაულის ჩამდენი პირი უნდა იყოს სრულწლოვანი, ანუ 18 წლის, 17 წლისამ რომ დაამყაროს 15 წლის ასაკთან სქესობრივი კავშირი, მაშინ ის აღარ ისჯება კანონით, იმიტომ რომ, ორივე არასრულწლოვნები არიან. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს, დანაშაულის ჩამდენი უნდა იყოს სრულწლოვანი და მან წინასწარ უნდა იცოდეს რომ 15 წლის პირთან ამყარებს სქესობრივ კავშირს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად 140-ე მუხლზე ვსაუბრობთ, რომელიც ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს გულისხმობს. სხვა შემთხვევაში, მაგ. არანებაყოფლობით კავშირის - გაუპატიურების დროს, რომლის დროსაც პირი სქესობრივს კავშირს ამყარებს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, 14 წლის ასაკის მოზარდიც აგებს პასუხს, იმიტომ, რომ სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა 14 წლიდან დგება.

- გვესაუბრეთ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადაზე. რა შემთხვევაში კარგავს აზრს საჩივრის შეტანა?


- სისხლის სამართლის კოდექსი ხანდაზმულობის ვადებსაც მუხლების სიმძიმის მიხედვით ადგენს. მაგალითად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თუ გავიდა:
2 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
  • 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
  • 15 წელი ამ კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს,
  • 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
  • ასე, რომ ჩვენს ძირითად განსახილველ 140-ე მუხლზე ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი.

- არის შემთხვევები, როცა გოგოს მშობლებს არ შეაქვთ საჩივარი სრულწლოვნის მიმართ, რომელთანაც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაშია მათი 16 წელს მიუღწეველი შვილი

- ყველამ ვიცით, რომ არის შემთხვევები, როცა ძველი ტრადიციების მიმდევარი მშობლები გათხოვილ თუ მოტაცებულ გოგოებს სახლში აღარ აბრუნებენ, გოგოს სურვილის მიუხედავად. ამ ფორმით გოგოს „სახელის გატეხვას“ უფრთხილდებოდნენ და ამის გამო ბევრი იძულებით ქორწინებაც მომხდარა. აღნიშნული ქმედებაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა. ქორწინების იძულება - ადრე სართოდ არ არსებობდა დანაშაულის ამგვარი ფორმულირება, ახლა არსებობს. ასე რომ, არავის, მათ შორის რასაკვირველია მშობლებსაც, არ აქვთ უფლება აიძულონ შვილი დაქორწინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მშობელი პასუხს აგებს- რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ფაქტი, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, არასრულწლოვან გოგოს, 44 წლის მამა მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

- რა სასჯელი ემუქრება ადამიანს, რომელიც პირს ქორწინებას აუძილებს?

- ამ შემთხვევაში მამა, პასუხს აგებს სწორედ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ვახსენე, კერძოდ ესაა სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლით გათვალისწინებული - ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, − აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ იგივე ქმედება პირმა განხორციელდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ან არაერთგზის, ქმედების ჩამდენი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ადრე მომმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა შეყვარებულმა წყვილმა და მთხოვდნენ დახმარებას. ამბობდნენ, რომ მათ სურდათ დაქორწინება, მაგრამ გოგოს მშობლები იძულებით სხვაზე ათხოვებდნენ. იმ დროს რომ ყოფილიყო ეს მუხლი, ვფიქრობ გოგოს მშობლები ასეთ რამეს ვეღარ გაბედავდნენ და ხელს ვეღარ შეუძლიდნენ შეყვარებულ წყვილს დაქორწინებაში.
mshoblebi

- თუ გაუპატიურების მსხვერპლმა არასრულწლოვანმა გააჩინა ბავშვი და დანაშაულის ჩამდენი პირიც არასრულწლოვანია, ამ შემთხვევაში რას ითვალისწინებს კანონი მამობის აღიარების შესახებ?

- როცა საქმე ეხება გაუპატიურებას, როგორც უკვე ზემოთ ვისაუბრე, ჩვეულებრივ დადგება ამ დანაშულისთვის პასუხისგებლობის საკითხი, თუ პირი უკვე არის 14 წელს მიღწეული. რაც შეეხება მამობის აღიარებას, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის დადგენა ხდება ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. თუკი მამა წინააღმდეგია ან უარყოფს მამობას, მამობის დადგენა ხდება სასამართლოს წესით. მას შემდეგ, რაც დადგინდება მამის ვინაობა, მას შეიძლება დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. ხოლო თუკი მას არ ექნება მატერიალური შესაძლებლობა გადაიხადოს ალიმენტი, რჩენის ვალდებულება შეიძლება დაეკისროს ბავშვის პაპასა და ბებიას.

რუსკა კილასონია

alt"შვილებს მშობლების ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნიათ, სანამ..." - რა ქონებრივი უფლებები აქვთ ოჯახის წევრებს ერთმანეთში

alt"სოფელში დედ-მამის სახლი რომ არ გაეყიდათ, ძმას და რძალს ყოველთვე ფულს ვუგზავნიდი, ბოლოს კი..." - ემიგრანტი ქალის სევდიანი ისტორია

altბინის დამქირავებელმა რომ არ მოგატყუოთ და რისკები რომ აიცილოთ თავიდან - იურისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
2900
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
მიკვირს იმ.გოგოების სკოლასაც რომ არ ამთავრებენ და "თხოვდებიან"ანუ სექსი უნდათ და ამას რომ ბავშვი მოჰყვება და პასუხისმგებლობა და ოჯახი დედიბა მეუღკეობა რძლობა მულობა ბიცოლობა რამდენი ახალი როლი ელოდება ამას ვერ საზღვრავენ.
04:52 / 02-02-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?