"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო.
წმიდა ფსალმუნთმგალობელი და წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა". მართლაც, საოცარია და უსაზღვრო განგება ღვთისა. ჭეშმარიტად, ამ განგებით, თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, გამორჩეული ვიქმენი ეპისკოპოსად ღვთივდაცულისა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამწყსოსი.
ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომელმაც მომიწოდა ესოდენ დიდი მსახურებისათვის. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და საპატიო ჯვარი, რომელსაც მაკისრებს მაღალი ღმერთი.
მუხლს ვიყრი საქართველოს ეკლესიისა და ახლადშექმნილი ეპარქიის მრევლის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება.უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რითაც ბეთლემის გამოქვაბული თუ გერგეტის წმიდა სამება იქნა აშენებული ამ კუთხის ღირსეულ წინაპართა მიერ. ისინი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით… ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს მათ, როგორც `კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი და ჰაეროვანნი".
მოხევენი საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც მისვლაც კი აღმსარებლობას უტოლდებოდა.
დღესაც, ჩვენს მეტად მძიმე და აპოკალიფსურ დროში, განსაკუთრებულია მისია მთისა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისა.
მე მხოლოდ ის დამრჩენია, მახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: "კაცად – კაცადმან თავისი ტვირთი იტვირთოს" და, აგრეთვე: "ჯერ არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ".
წმიდა წერილში უფალი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად მოციქულისაგან ითხოვს: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი". ე.ი. არა – შენნი, არამედ – "ჩემნი"… თქვენია სამწყსო ხევისაც და სრულიად საქართველოსი, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ.
მაცხოვარი ეუბნება მოციქულს: "რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ხელნი შენნი და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს".
ძრწოლა მიპყრობს, როდესაც გონების თვალით ვჭვრეტ ჩემს ტვირთს ღვთის წინაშე, რომელიც უხილავად აქ მყოფს.
ვიღებ ამ ხარისხს, როგორც ღვთის ნებას თქვენი გონიერი გულით გაცხადებულს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მივიღებ ისევ ღვთისადმი და თქვენი ლოცვებისადმი სასოებით, თქვენი მამამთავრული შემწეობის იმედით.
გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გმადლობთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და ეგზომ დიდი ნდობისათვის.
ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შევძლო კეთილად აღვასრულო ნება უფლისა – სადიდებელად ღვთისა და სასიკეთოდ ჩვენი დედა ეკლესიისა." (68, 2002, 10).
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა მეუფე პეტრეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და სტეფანწმინდისა და ხევის მღვდელმთავრად დაადგინა. კურთხევის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს ამ სიტყვებით მიმართა და ბრძანა:
"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსო პეტრე!
აღსრულდა განგება ღვთისა და დღეს მადლი სულისა წმიდისა – "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი – გარდამოვიდა შენ ზედა და გეწოდა ეპისკოპოსი სტეფანწმიდისა და ხევისა. ეს არის ისტორიული მოვლენა იმიტომ, რომ ხევი და დარიალის ხეობა არის საქართველოს კარიბჭე, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი რწმენით, შემართებითა და ვაჟკაცობით მუდამ იცავდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როდესაც მტერი ცდილობდა სწორედ დარიალის კარიბჭიდან შემოსულიყო საქართველოში. და აი, დღეს, განგებითა ღვთისათა, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ხევსა და სტეფანწმიდას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს.
დიდია პატივი, რომელიც მიიღე ღვთისაგან, მაგრამ, ამაზე დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაგეკისრა. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ სულიერად ამაღლდეს ხალხი, განმტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, ამოქმედდეს ეპარქიის ყველა ტაძარი და მონასტერი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გამრავლდეს და განმტკიცდეს მოსახლეობა ამ ისტორიულ კუთხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენზე მეტად ჩვენი წინაპრები ხარობენ იმიტომ, რომ ორიათასი წლის მანძილზე ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვმადლობთ უფალს, რომ ღვთის წყალობამ ამ უძველესი კუთხის ეპისკოპოსად შენი დადგინება ინება. თუ პიროვნების შინაგანი ცხოვრება სწორად ვითარდება, როცა ადამიანს დიდება ეძლევა, პარალელურად იმაზე მეტი თავდაბლობა უნდა მიეცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ, უწინდელივით, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, ქველმოქმედებისა და სიკეთის მაგალითი იქნები. შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ მოსახლეობა გამრავლდეს ამ კუთხეში იმიტომ, რომ ეს სჭირდება არა მარტო ხევს, არამედ მთელ საქართველოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხარში ამოგიდგება სამღვდელოება, რომელიც იქ ერთგულად მსახურობს. ხელისუფლება და მთელი მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარხარ და პატივს გცემს იმ იმედით, რომ ღმერთი მუდამ თქვენი მფარველი იქნება. მიიღეთ ეს კვერთხი მღვდელმთავრისა, როგორც სიმბოლო ძალისა და უფლებისა, ამავე დროს, ღვთის შეწევნისა. დალოცეთ თქვენი სამწყსო, აქ მდგომარენი და სრულიად საქართველო, რათა მოვიდეს ჩვენ ზედა მადლი სულისა წმიდისა, ამინ.
ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ და ბედნიერ დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ ყაზბეგის მოსახლეობას, უპირველესად კი მათ, ვინც ჩამოვიდა ამ ბედნიერ დღეს, რათა ჩვენთან ერთად აღევლინათ ლოცვა.ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
"თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რაც გამოვიარე" - ილია მეორე