სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და გრიპის ეპიდზედამხედველობისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, იმის დემონსტრირებისთვის, რომ აცრა უვნებელი და სასარგებლოა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მოადგილემ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ვაქცინაცია ჩაიტარეს.
აცრის გაკეთების საშუალება ჰქონდათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც.
"აცრის საუკეთესო დრო არის ახლა. ნახეთ, რომ მე დღეს გავიკეთე აცრა, გრიპის საწინააღმდეგო აცრა მოგეხსენებათ, რომ ძალიან უსაფრთხოა, არავითარ გართულებებს ის არ იწვევს. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამოუშავებას აცრის შემდეგ, სჭირდება 10 დღე დაახლოებით, 2 კვირა. ამიტომ აცრის შემდეგ შეიძლება ადამიანს დაემართოს გრიპი, მაგრამ ის ჩაივლის აუცილებლად იოლ ფორმებში. გრიპის აცრის დამცველობითი უნარი არის დაახლოებით 70%-მდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფომ სხვა წლებთან შედარებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე დიდი დოზა შეიძინა.
მისივე შეფასებით, საქართველოში აცრების გაკეთების კულტურა სულ უფრო მეტად მკვიდრდება.