ბოლო დროს სოციალურ ქსელში საშიში კამპანია დაიწყო. კონკრეტული ადამიანების მიმართ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, პირდაპირი ცილისწამებაა და მათი ღირსების შემლახავი ინფორმაცია. ამჯერად ბრალდებები რეჟისორის, ნიკოლოზ საბაშვილის მიმართ გამოჩნდა. პოსტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი აქვეყნებს სათაურით: "გააზიარეთ, რათა თქვენი შვილიც არ მოხვდეს არაბი კაცების მკლავებში." აღწერაში კი აღნიშნულია, თითქოს ნიკოლოზ საბაშვილი დადის სოციალურად დაუცველ ოჯახებში და 15-16 წლის გოგონებს არაბულ ბარებში მუშაობის დაწყებას სთავაზობს. პოსტის ავტორის თქმით, თითქოსდა საბაშვილს გოგონები რეალურად არაბი მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების მიზნით მიჰყავს ბარებში. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს.
რასაკვირველია, ინფორმაცია მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა თავად რეჟისორისთვის.
აი, როგორ ეხმაურება ნიკოლოზ საბაშვილი ამ ბრალდებას:
"მაპატიეთ, აქამდე ვერ გამოვეხმაურე ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციას, ვერ ვიტყვი, რომ არ იმოქმედა ამ ყველაფერმა, მეტსაც გეტყვით, შემზარა კიდეც, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის დამწერი გამომჟღავნდეს. საქმე ჩემს ლანძღვა-გინებას და წყევლას არ ეხება, მე მეტსაც ავიტან და ბევრი ტალახის სროლაც ამიტანია, ღმერთმა შეუნდოთ ყველას, ვინც ასე იქცევა, თუმცა მართლა საშიში ყოფილა სოციალური ქსელის დაუცველობა. იმედი მაქვს, გამოძიება სწრაფად წარიმართება და გაირკვევა ამ სიბინძურის ავტორი. ეს არ არის ცილისწამება, ეს არის მკვლელობა, რომ არა ჩემ გვერდით მდგომი ადამიანები, შეიძლება მართლა გადავყოლოდი ამ ამბავს. ვრცლად მოგაწვდით ინფორმაციას, აზრზე რომ მოვალ, მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის."
ნიკოლოზ საბაშვილს თანადგომას უამრავი ადამიანი უცხადებს და ფიქრობენ, რომ ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
ესაა მომენტი, როცა ნიჭით და ჯანსაღი კონკურენციით ბრძოლა არ შეგიძლია და ამიტომაც, იყენებ ბინძურ გზასა და ხერხებს. როგორი ამაზრზენია. ესეთი ბოროტების და ცილისწამების მომგონი ადამიანები არიან ყველაზე უბედურები, წარუმატებლები და დაჩაგრულები. ამიტომაც მათ ანიჭებთ სხვისი გამწარება ბედნიერებას. ნიკა, შენ იმდენად მაგარი ხარ, რომ უბრალოდ ეს ბოროტული დარტყმაც უნდა მოიგერიო. იმედი მაქვს, გამოიძიებენ ასეთ უმსგავსობას... ბევრს შურს თქვენი და არ არის გასაკვირი, თუ რამე ტალახს გესვრიან. ჩემო ნიკა, არ ინერვიულო, თვითონ ის პიროვნება დაიხრჩობა თავის ბოღმაში. თქვენს გვერდით მიგულეთ. მანამდე ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის მეუღლეც აღმოჩნდა ასეთი თავდასხმის მსხვერპლი. მას გოგონების ტრეფიკინგში ჩართვას სწამებდნენ. საკითხზე ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტს, ანა თავხელიძეს გავესაუბრეთ:
"როდესაც საჯაროდ მსგავსი ტიპის ინფორმაცია ვრცელდება, ფაქტობრივად, დანაშაულის შესახებ შეტყობინებაა. სადაც დანაშაულს შეეხება საქმე, ყველა შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, კონკრეტულ შემთხვევაში მართლა ჰქონდა თუ არა ფაქტს ადგილი, რა მტკიცებულებები მოიპოვეს, დაიკითხოს გამავრცელებელი და თუ დადგინდება, რომ ეს არის ცრუ შეტყობინება ან ინფორმაციის გამავრცელებელი მისცემს ცრუ ჩვენებას, შემდგომში მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. არსებობს მექანიზმი, გავრცელებული ინფორმაციის გამო იმიტომ, რომ კონკრეტულმა პირმა ჩათვალა, რომ მისი პატივი და ღირსება შეილახა, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს ფაქტის უარყოფა. ნებისმიერ პირს შეუძლია ამაზე იდაოს. საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაადგინოს ვინ არის შემქმნელი, სად იმყოფებოდა კონკრეტულ მომენტში და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ამას დაადგენს საგამოძიებო ორგანო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად".
სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანების მიმართ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება. იმედია, რამდენიმე დამნაშავის გამოვლენისა და კანონმდებლობის მიხედვით გასამართლების შემდეგ სხვებს აღარ გაუჩნდებათ ცილისწამების სურვილი.
რას პასუხობს ქართველი რეჟისორი, რომელსაც ბრალს ირანელების არასრულწლოვანებით "მომარაგებაში" სდებენ