ბლოგერი გურამ შეროზია და ფსიქოლოგი ხატია ჯოხარაძე ერთმანეთს დაშორდნენ. მათ ორი წლის წინ იქორწინეს. წყვილს ქორწინებიდან საერთო შვილი ელენა ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან ხატიას ვაჟი ჰყავს, რომლის მიმართაც გურამს თბილი და გამორჩეული დამოკიდებულება აქვს.
როგორი მამაა გურამ შეროზია და რამდენად არის შვილის აღზრდის პროცესში ჩართული, ამის შესახებ mshoblebi.ge-სთან საუბრობს:
- როცა ბავშვი შენთან რჩება დედა გეხმარება მოვლაში, თუ თავად ართმევ თავს?
- ძირითადად დედაჩემი არის ელენას გამზრდელი, როცა მარტო ვრჩებით, ყველაფერს მე ვუკეთებ სრულფასოვნად, მართალია, მთელი დღე რომ ბავშვთან ვიყო, ამისთვის დრო არა მაქვს ხოლმე, მაგრამ როცა ჩემთან არის, მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო მისთვის - ერთად ვჭამთ, ვუყურებთ გასართობ გადაცემებს, ვუცვლი, დავდივართ სასეირნოდ. მარტო რომ დარჩეს ჩემთან ბავშვი ერთი კვირით, შემიძლია ჩვეულებრივად მოვუარო.
- გურამ, სოციალურ ქსელში ხშირად გაკრიტიკებენ... შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს რომ ასაჯაროებ, ხატია რა აზრის არის ამაზე? ხომ შეიძლება, ელენაც გახდეს შენი კრიტიკოსების სამიზნე?
- ბავშვის მიმართ ყველა პოზიტიურად არის განწყობილი. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი შვილის შესახებ არავის დაუწერია ნეგატიური კომენტარი. ერთადერთხელ, როცა ძმასთან, ცოტნესთან ერთად გადავუღე ფოტო და ვიღაც ქალმა დამიწერა: "ეს თავისხელა ბავშვი სადღა მოასწროო... ბავშვებს რომ ყრიან და ცოლებს იცვლიან, საშინელებაა, ცოტა გონს მოეგეო..." ეს კომენტარი უფრო ჩემ მიმართ იყო გამოხატული, ვიდრე ბავშვების მიმართ, ისიც ხუმრობით, თუმცა რაღაც უხერხული სიტყვებით გაჯერებული... სხვა ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება შვილის სურათების გასაჯაროების დროს არ შემხვედრია. ელენა ზუსტად ჩემი ასლია და მე თუ ვერ მიტანს ვიღაც, ამის გამო შეიძლება დაწერონ რამე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი რამ არ მომხდარა... არც ხატიას აქვს პრობლემა, რომ შვილის ფოტოები გამოვაქვეყნოთ სოციალურ ქსელში, თვითონაც გადასარევად ასაჯაროვებს.
- რას იტყვი წინა თაობის და თანამედროვე მშობლების აღზრდის მეთოდებზე? ადრე მიაჩნდათ, რომ სიმკაცრე აუცილებელი იყო შვილის კარგად აღზრდისთვის...
- წინა და თანამედროვე მშობლებს - ასე ვერ დავყოფ, მე ვიტყვი, განათლებული და გაუნათლებელი მშობელი. ელემენტარულ ლიტერატურას რომ გაეცნო აღზრდის საკითხებზე, გაიგებ, რომ ბავშვის მოტივირებით გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე შიშით და დასტრესვით.
- ბებიები და ბაბუები შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით და მზრუნველობით გამოირჩევიან. აღნიშნე, რომ დედაშენი დიდ დროს უთმობს ელენასთან ურთიერთობას, როგორია მისი დამოკიდებულება?
- დედაჩემი როგორც არ უნდა გაებუტოს, ელენას ეს არ ადარდებს, იცის, რომ ბებო მაინც ჩაეხუტება. მე საკმარისია რამე სერიოზული ტონით ვუთხრა, ისე დაიწყებს ტირილს, რომ ვეღარ გავაჩერებ.
- ბოლო დროს თანამედროვე მამების როლი შვილის აღზრდის პროცესში თითქოს გააქტიურდა, თუმცა ბევრი მამაკაცი ამ დრომდე მაინც რჩება იმ აზრზე, რომ ქალმა ყველაფერი უნდა გადადოს და შვილის გაზრდა თავის თავზე სრულად აიღოს. შენს რას ფიქრობ?
- რა ვიცი, ალბათ მე სხვანაირად, არაქართულად მაქვს ტვინი მოწყობილი. წინააღმდეგი ვარ, რომ ერთი კაცის შემოსავალზე იდგეს, თუნდაც მოქმედი ოჯახი. ვთვლი, რომ ორივე უნდა მუშაობდეს, ორივე უნდა ვითარდებოდეს. 15 წელი ბავშვი ზარდოს დედამ და საკუთარი თავის რეალიზაციაზე არ იზრუნოს, დიასხლისად იქცეს, ბავშვს ასეთი წარუმატებელი და არარეალიზებული დედა არ სჭირდება, ბოდიშს ვიხდი იმ მშობლებთან, რომელთა ფუქნციაც, მხოლოდ ბავშვის გაზრდაა. ბავშვს სჭირდება კარგი მაგალითი, რეალიზებული, განათლებული, კარიერაში წარმატებული ქალის. მე პირადად გამიმართლა იმაში, რომ დედაჩემი მეხმარება ელენას აღზრდაში, ასევე მეორე ბებიაც, რომელიც ზრუნავს ჩემს შვილზე. აქედან გამომდინარე, პატარა ტვირთად არავის გვაწევს. პირიქით, მასთან ურთიერთობით და მისი არსებობით სიამოვნებას ვიღებთ ყველა. ცხოვრებას გვილამაზებს. ყველანაირად უპრობლემო ბავშვია, შეუძლია თავისთვის იჯდეს და ითამაშოს, არ შეგაწუხოს, ღამე არ გვაღვიძებს.
- როგორია შენი და ცოტნეს ურთიერთობა?
- ცოტნე ყოველდღე დადის ჩვენთან. თუ მე არ ვარ დედაჩემთან მოდის, ძალიან ახლო მეგობრები ვართ. არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გახდა. ვშორდებით წყვილები, ბავშვები არაფერ შუაში არ არიან. მე ცოტნე წმინდა წყლის ვალდებულებების გამო არ შემყვარებია, იმიტომ შემიყვარდა, რომ ძალიან მგავს, მეც მისნაირი ვიყავი და ორივე ძალიან ვავსებთ ერთმანეთს.
- გურამ შენ და ხატიას ბევრი საერთო მეგობარი გყავდათ, დაშორების მერე თუ იკრიბებით შეხვედრებზე ერთად?
- არა, არ ვიკრიბებით. მეგობრებმაც იციან, რომ ერთი სამეგობროს ნაწილი ვეღარ ვართ. თუ სურთ, რომ ორივე დაგვპატიჟონ, მაშინ მე ვთმობ ხოლმე და აღარ მივდივარ ასეთ შეხვედრებზე.
რუსკა კილასონია