პანკისელი ბიჭის პოსტი ომალოელი ბავშვების გასაჭირზე - მგლების შიში და 4 კილომეტრიანი გზა
პანკისელი ბიჭის პოსტი ომალოელი ბავშვების გასაჭირზე - მგლების შიში და 4 კილომეტრიანი გზა
სოციალურ ქსელში პანკისელი რამზან გორგიშვილი სოფელ ომალოს მკვიდრ მოზარდებზე წერს. როგორც რამზანი წერს, ბავშვები ძიუდოს დარბაზში სოფლიდან მოშორებით ფეხით დადიან. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ეს ბავშვები სოფელ ომალოდან არიან. საღამოს 7 საათია. ბნელა. გარეთ ცივა. სახლში მივდიოდი და გზაზედ შემომხვდნენ. სოფელ ხალაწანში, რომელიც დუისიდან 3 კმ სავალზეა. აქედან სოფ. ომალომდე კიდევ 3-4 კმ-ია. გათოშილები იდგნენ გზის პირას. სანამ ახლოს არ მივედი და ფარები არ მივანათე, მანამდე ვერ შევამჩნიე. მანქანა გავაჩერე და მაშინვე ფართხა-ფურთხით ჩაცვივდნენ. ერთი წინ ჩაჯდა და მაშინვე ჩარაზა
კარი, ვაი და მეორეც არ მომყვესო უკან, იფიქრა ალბათ და, რომ ნახა "საფრთხემ" ჩაიარა, ფეხებგაშოტილმა შვებით ამოისუნთქა. დანარჩენები უკან მოთავსდნენ.

დუისში ვიყავით ძიუდოს დარბაზში, ვარჯიშიდან მოვდივართ. საღამოს ვრჩებით და იმის გამო, რომ ტრასპორტირება ჭირს, ფეხით გვიწევს უკან დაბრუნებაო.

შეკითხვაზე, ყოველ ჯერზე ასე დადიოდნენ თუ არა, მიპასუხეს, რომ ადრე ტრანსპორტი იყო გამოყოფილი, მაგრამ ის მარშუტკა აღარ მოდის. ზოგჯერ ვინ გაგვიჩერებს და ზოგჯერ - ვინ. ხან ორის ადგილია და ვინც ყველაზე მეტად დაღლილია, მას გავაყოლებთო. ვუთხარი, აქეთ მხარეს ხომ ნაკლებად დადიან მანქანები, ჯოყოლოს მხრიდან ამოსულიყავით-თქი. ამაზე მიპასუხეს, რომ იქით მხარეს საღამოობოთ ცხვარიაო, ცხვარს კი ძაღლები დაჰყვებიან, ამიტომ აქეთ გვირჩევნიაო.

რამდენი დადიხართ ომალოდან-თქო, რომ ვკითხე, მიპასუხეს - ასე
10-11 ვიქნებით. დანარჩენი ზოგი ჯოყოლოს მხრიდან დადის ფეხით, ზოგი სწრაფად დადის და ისინი ალბათ უკვე სახლში იქნებიანო.

მერე მეკითხებიან, გზაზე მგელი რომ შეგვხვდეს, რამეს გვიზამსო? ვუთხარი, თქვენც მგლები ხართ და რა უნდა დაგიშავოთ-მეთქი. ამაზე შეგულიანდნენ და ჰო, ამდენნი ვართ და რო შევესევით, გაიქცევაო...

მკითხველს ვეტყვი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ბავშვები გზაზე შემომხვდნენ. მაგალითად, წინაზე უფრო მეტნი იყვნენ და ხელებს იქნევდნენ. სამწუხაროდ, ერთის ადგილი მქონდა მხოლოდ. ჯგუფიდან ერთი გამოიყვანეს, სიბნელეში გზაზე ქვას წამოკრა ფეხი, წაიქცა და ხელი იტკინა, ეს წაიყვანეო.

ყველა ვსაუბრობთ პანკისელი ახალგაზრდების წარმატებაზე ძიუდოში. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ ვიცით, რის ფასად უჯდებათ მათ ეს წარმატება.

ხეობაში არსებობს ერთადერთი ძიუდოს დარბაზი, რომელიც მდებარეობს სოფ. დუისში. ტრანსპორტირების პრობლემის გამო მოშორებით მდებარე სოფლებიდან ბავშვებს ფეხით უწევთ სიარული. ზოგმა მათგანმა კი ამის გამო საერთოდ დაანება სპორტს თავი.

რამდენჯერმე მივმართეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.
იყო დაპირებები, რომ ომალოში ე.წ "კლუბის" შენობას სპორტდარბაზად გადააკეთებდნენ, მაგრამ ესეც დაპირებადვე დარჩა", – წერს რამზან გორგიშვილი.
446
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები