წლამდე ასაკში გადატანილი წითელას გამო 14 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის
წლამდე ასაკში გადატანილი წითელას გამო 14 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის
ზურა იმედაშვილი უკვე ორი წელია რეანიმაციაში წევს და უმძიმეს დაავადებას ებრძვის. მისი დიაგნოზი პანენცეფალიტია, რაც 7 თვის ასაკში გადატანილმა წითელამ გამოიწვია. როგორც ზურას დედა, ნინო მორჩაძე ამბობს, 11 წლამდე ბავშვი არაფერს უჩიოდა. ის დეტალებს გვიყვება:

- ბავშვი 7 თვის იყო, წითელა რომ შეხვდა. მარტივად გადაიტანა. სიცხე ერთი დღე ჰქონდა მხოლოდ. გამონაყარიც არ ჰქონდა ბევრი ისე, რომ ექიმსაც ეჭვი ეპარებოდა, ალერგია ხომ არ იყო. ამის შემდეგ ნორმალურად ვითარდებოდა, აზროვნებაც კარგი ჰქონდა,
სკოლაში დადიოდა, ძალიან კარგად მღეროდა. 11 წლის რომ გახდა, უცებ დაეწყო თავის ჩამოვარდნები. ძალას კრგავდა და თავი დაბლა უვარდებოდა. საღამოს საათებში ემართებოდა პერიოდულად. კახეთიდან ვართ და წავიყვანეთ ადგილობრივ ნევროპათოლოგთან. ზურა ძალიან ცელქი და ენერგიული იყო. ექიმს ავუხსენი ბავშვის მდგომარეობა, გასინჯა და თქვა, რომ არაფერი იყო საშიში, ენცეფალოგრამა გადავუღეთ. არც იქ გამოჩნდა რამე. გვირჩია, ცელქი რომაა, ცოტა დაასვენეთო. მეც შევზღუდე, ძილითაც კარგად ეძინა. მერე უკვე დღისითაც დაეწყო თავის ჩამოვარდნა. გონებას არ კარგავდა, წამიერად ითიშებოდა. ისევ წავიყვანე თელავში სხვა ექიმთან და მანაც, არაფერი სჭირს ბავშვსო. წამოვიყვანე თბილისში ჩემი ინიციატივით. ამ დროს ბავშვს უკვე ბიძგები ჰქონდა, რაც პერიოდულად ახტუნებდა და ვარდებოდა. შემდეგ რამდენიმე კლინიკაში მყავდა. თოდუაში
მითხრეს, რომ ბავშვს თავში ჰქონდა სითხე, რომელიც ტვინს აწვება და ამიტომ ემართება ასეთი რამო და გაგვგზავნეს სხვა კლინიკაში. ნელ-ნელა მხედველობა, სმენა და მახსოვრობაც დაკარგა. ჩაუტარდა ოპერაცია. შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადავედით, სადაც მითხრეს, რომ ხერხემლიდან სითხე უნდა აეღოთ, რათა ზუსტი დიაგნოზი დაესვათ. მონაცემები გადააგზავნეს გერმანიაში და იქიდან მოვიდა პასუხი - პანენცეფალიტი. წითელაზე ერთი წლიდან იცრებიან და ბავშვს აცრამდე შეხვდა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი.

- ახლა რა მდგომარეობაშია ბავშვი?

- ორი წელია, რაც იაშვილის კლინიკაში ვართ. თავიდან რომ შევიყვანეთ, გათიშული იყო, არც თვალებს ახელდა, დასივდა. ახლა ცოტა წინსვლა გვაქვს. თვალებს ახელს, ტოკდება, შპრიცით ცოტა წყალსაც ვასმევთ.

- ექიმები რას გეუბნებიან?

- ამ დიაგნოზის წამალი არ არის, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა მუშაობს ახლა პრეპარატზე და ველოდებით, როდის გამოვა წამალი. თბილისში ქირით ვცხოვრობთ, ყოველდღე საავადმყოფოში მივდივარ, წამლების ყიდვაც მიწევს ხოლმე და მძიმე მდგომარეობაში ვართ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ:

GE62BG0000000017284900


მიმღები: ნინო მორჩაძე


1760
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლანა
0
ზურას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სკეპტიკოსებო, დარწმუნდით, რომ აცრა საჭიროა?
23:15 / 13-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი