ლორენ სიმონსი 9 წლის ბელგიელი ბიჭია, რომელმაც თავისი განსაკუთრებული ნიჭის წყალობით მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ.
CNN-ის ცნობით, ის უკვე უნივერსიტეტს ამთავრებს და მალე ბაკალავრის ხარისხი ექნება. ლორენი ჰოლანდიაში, ეინთჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობს.
„ეს ექსტრაორდინარული შემთხვევაა“, – ამბობენ ლექტორები ლორენის შესახებ.
პატარა გენიოსი ბაკალავრის ხარისხს დეკემბერში მიიღებს. ის ელექტროინჟინერიის კიდევ უფრო ღრმად შესწავლას აპირებს, ასევე სამედიცინო სფეროც აინტერესებს.
ლორენის მშობლები, ლიდია და ალექსანდერ სიმონსები ამბობენ, რომ ბიჭს განსაკუთრებული ნიჭი სკოლის პედაგოგებმა აღმოუჩინეს.
„პედაგოგები გვეუბნებოდნენ, რომ ის ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს, ყველანაირ ცოდნას“, – ამბობენ მშობლები. დედა კი ხუმრობით იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა ლორენის განსაკუთრებული ნიჭი იმას უკავშირდებოდეს, რომ ორსულობის დროს ბევრ თევზს ჭამდა.
უნივერსიტეტის პროფესორების თქმით, მსგავს შემთხვევასთან საქმე არასდროს ჰქონიათ.
„ლორენი ყველასგან განსხვავდება, წარმოუდგენლად შთამბეჭდავად ითვისებს ყველაფერს. ძალიან სწრაფად შეუძლია ურთულესი პროგრამის დაძლევა. მისთვის რთული არაფერია“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.
ბიჭი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, "ინსტაგრამზე" სარგებლობს პოპულარობით. მას 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.