ჯონ ბონ ჯოვი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, რომელიც 1984 წლიდან უყვარს ფართო აუდიტორიას და არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ გარდა მუსიკოსობისა, ჯონი ცნობილი ფილანტროპია.
უკვე მრავალი წელია ქველმოქმედებით არის დაკავებული და უამრავ ადამიანს დახმარებია. მას საკუთარი სახელობის ფონდი აქვს, რომელმაც წლების განმავლობაში 260-ზე მეტი სახლი ააშენა ღარიბი ადამიანებისთვის. 2011 წელს მშობლიურ შტატში გახსნა რესტორანი Soul Kitchen, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი თავად განსაზღვრავს კერძის ფასს. ხოლო თუ საერთოდ არ აქვს ფული, შეუძლია უფასოდ მიირთვას ან სამზარეულოში ან ბაღში დაეხმაროს თანამშრომლებს.
ცოტა ხნის წინ ჯონმა კიდევ გახსნა მსგავსი რესტორანი, რომელიც ძირითადად სწორედ ღარიბი ადამიანებისთვის არის ხოლმე დიდი შვება.
რესტორანში სადილი ყოველთვის შედგება სამი კერძისგან: სტარტერი, ძირითადი კერძი, დესერტი. მენიუში ასევე არის ბევრი და მრავალფეროვანი კერძი.
თავად ჯონი ამბობს, რომ მისი დაწესებულება განსხვავდება იმ დაწესებულებებისგან, სადაც უფასოდ აჭმევენ ადამიანებს. ეს ნამდვილი რესტორანია, სადაც ყველაფერს ექცევა ყურადღება, კლიენტებს დიდი მოწიწებით ექცევიან, სერვირებაზეც სულ მუშაობენ და კერძებს კი ამზადებენ უკანა ეზოს ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულით.
ესეც ჯონის ინიციატივა იყო, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ქადაგებს და ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს სტუმრებსაც. მათ ნაწილს კი ძალიანაც სიამოვნებს ბოსტანში საქმიანობა, მით უმეტეს, თუ კერძებს უფასოდ დააგემოვნებენ.
როგორც ამბობდა ჩარლზ ფინი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას მოახმარა, სულ არ არის აუცილებელი, დაელოდო აღსასრულს, რომ სიკეთის კეთება დაიწყო. როგორც ჩანს, ჯონიც იზიარებს ამ აზრს.