13 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე მეგობრის დედამ მიიყვანა - მეგან მაიერის ტრაგიკული ისტორია
13 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე მეგობრის დედამ მიიყვანა - მეგან მაიერის ტრაგიკული ისტორია
მეგან მაიერი ოფიციალურად კიბერბულინგის პირველ მსხვერპლად ითვლება. მან თავი 13 წლის ასაკში მოიკლა და ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ.

მეგან მაიერის საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმედ ითვლება. 13 წლის გოგონამ თავი სოციალურ ქსელში ბულინგის გამო მოიკლა. კიბერშეტევის ავტორი 16 წლის ჯოშ ებანსი იყო, რომელიც გოგონამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გაიცნო. ვერც მშობლები და ვერც პოლიცია ვერ წარმოიდგენდა, რომ ფოტოსურათის მიღმა
მეგანის ერთ-ერთი მეგობრის დედა იმალებოდა, რომელიც გოგონას მეზობლად ცხოვრობდა და მას ბავშვობიდან იცნობდა.

mshoblebi
მეგან მაიერი

როდესაც 13 წლის მეგან მაიერმა სოციალურ ქსელში დედას სიმპათიური ახალგაზრდის ფოტო აჩვენა და აზრი ჰკითხა, თინა მაიერმა კეთილგანწყობა გამოხატა. გოგონამ სთხოვა, რომ მასთან დამეგობრების უფლება და ვირტუალურ სამყაროში ურთიერთობის უფლება მიეცა. დედა დასთანხმდა, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მიიყვანდა ჯოშ ევანსი მის შვილს თვითმკვლელობამდე.

თინა მაიერი ყოველთვის ფრთხილად იყო და იცოდა კიბერბულინგის შესახებ. ისიც ძალიან კარგდ ესმოდა, რომ ინტერნეტში უამრავი არასასიამოვნო ვიდეო ვრცელდება ვირუსულად, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ იგივე მის გოგონასაც დაემართებოდა.

დაწყებით კლასებში ყოველთვის წყნარმა და ჩაკეტილმა მეგან მაიერმა მეგობრებთან ერთად ყალბი ანგარიში შექმნა სოციალურ ქსელში.
სკოლის შემდეგ კლასელები იკრიბებოდნენ ხოლმე და დროს კომპიუტერთან ატარებდნენ. მათ ჩამოტვირთეს ლამაზი გოგონების სურათები და საკუთარ პროფაილზე ტვირთავდნენ, თან აღწერასაც ურთავდნენ და ზრდასრულ ბიჭებს ეცნობოდნენ. მეგანისთვის ამ ფორმით საკუთარი თავის გამოხატვა საუკეთესო შესაძლებლობა იყო. თუმცა, დედამ ამ ყველაფრის შესახებ გაიგო და სასტიკად აუკრძალა მსგავსი ქმედების გაგრძელება.

mshoblebi
მეგან მაიერი

რამდენიმე წლის შემდეგ მეგანმა კვლავ სთხოვა დედას ანგარიშის გაკეთების უფლება მიეცა სოციალურ ქსელში. იმ დროს 13 წლის იყო და ახალ სკოლაში გადასვლის შემდეგ, მეგობრებიც ცოტა ჰყავდა. მეგობრობდა სარა დრიუსთან, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. თინამ შვილს უფლება მისცა შეექმნა ანგარიში, თუმცა ერთადერთი პირობით, ნებისმიერ დროს ექნებოდა წვდომა მის პროფაილზე. პაროლი მხოლოდ მშობლებმა იცოდნენ, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მეგანს სოციალურ ქსელში შესვლა მოუნდებოდა, მათგან უნდა აეღო ნებართვა...

როგორც მოგვიანებით დედამისი იხსენებდა, გოგონამ პირველად მესამე კლასში გამოავლინა თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება, თუმცა დედამ მალევე აღმოაჩინა, წაიყვანა ფსიქიატრთან და დაუდგინდა დეპრესია და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. გამოუწერეს წამლებიც. ამის შემდეგ მეგანმა წონაში მატება დაიწყო. მორცხვი გოგონა, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა ყურადღებაზე, ნელ-ნელა საზოგადოების მსხვერპლი გახდა. მას "მსუქანას" ეძახდნენ, რის გამოც არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბდა.

მშობლებს ძალიან აწუხებდათ მეგანის მდგომარეობა, ამიტომ ის კათოლიჯურ სკოლაში გადაიყვნეს. სკოლას ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა. 13 წლის მეგან მაიერი თავს უკეთესად გრძნობდა, არვინ დასცინოდა. პირველი გაკვეთილის შემდეგ ახალი თანაკლასელებიც გაიცნო. მათ მეგანს სოციალურ ქსელში მეგობრობა შესთავაზეს. გოგონა ძალიან დაიძაბა და იფიქრა, როგორ ვუთხრა ბავშვებს, 13 წლის ასაკში საკუთარი ანგარიში არ მაქვსო. იმავე საღამოს მშობლებთან იკამათა და მათაც ბოლოსდაბოლოს მისცეს ნებართვა, რომ გამოეყენებინა საკუთარი ანგარიში. ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაროლი მშობლებს უნდა სცოდნოდათ.

mshoblebi
თინა მაიერი

ჯოშ ევანსი მეგან მაიერის ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა კათოლიკურ სკოლაში გადავიდა. სიმპათიურმა 16 წლის ახალგაზრდამ ერთ საღამოს მეგობრობა გაუგზავნა გოგონას. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ერთმანეთს წერდნენ. ბიჭი ეუბნებოდა, რომ ფლორიდაში დაიბადა. სკოლაში არ დადიოდა იმიტომ, რომ მისი თქმით, საშინაო განათლებას იღებდა. უკრავდა გიტარაზე და მოსწონდა როკი.

"როდესაც 7 წლის ვიყავი, მამამ ორ ძმასთან ერთად მიგვატოვა. დედას ძალიან გაუჭირდა, ბევრს მუშაობდა, რომ ფეხზე დავეყენებინეთ", - უყვებოდა საკუთარ თავზე ჯოში.
თინა მაიერს ამ ისტორიაში რაღაც რიგზე ვერ მოეჩვენა, მაგრამ ხედავდა, როგორი ბედნიერი იყო მისი გოგონა. მეგანის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო. უფრო მოტივირებული გახდა, საღამოობით ჯოშს სწერდა, სკოლაშიც შეიძინა ახალი მეგობრები.

"ახალ სკოლაში გადასვლამდე, მეგანის ყველაზე ახლო მეგობარი სარა იყო", - იხსენებდა თინა შვილის გარდაცვალების შემდეგ ინტერვიუში, - "უკვე მეშვიდე კლასიდან ისინი ხან ჩხუბობდნენ, ხან ისევ ერთად იყვნენ. ასე გავიდა მთელი წელი".

მერვე კლასში მეგანი უკვე კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და სარას ადგილი, ფაქტობრივად, მის ცხოვრებაში აღარ დარჩა. ისინი განსხვავებულ საგნებს გადიოდნენ. სკოლის შემდეგ მეგანი სწრაფად გარბოდა სახლში, რომ ემეცადინა და მერე ჯოშისთვის მიეწერა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში 16 წლის ახალგაზრდა ბიჭის ნაცვლად მეგანს სწორედ სარას დედა, ლორი დრიუ სწერდა... 

როდესაც პოლიცია ცდილობდა გაეგო, რატომ გააკეთა ქალმა ყალბი ექაუნთი და რატომ ემესიჯებოდა შვილის თანატოლს, მან უთხრა: "უნდა მცოდნოდა, რას ფიქრობდა მეგანი ჩემს გოგონაზე."
ლორის თქმით, მეგანი კათოლიკურ სკოლაში გადასვლის შემდეგ მის შვილზე ჭორებს ავრცელებდა, რაღაცებში ბრალს სდებდა და დამამცირებელ ზედმეტსახელებს უგონებდა. როგორც ჩანს, ქალს არ უფიქრია, რაში დასჭირდებოდა მეგანს ახალ თანაკლასელებთან ჭორების მოფიქრება იმ გოგონაზე, რომელსაც ისინი საერთოდ არ იცნობდნენ. თუმცა დრიუ იმპულსურად მოქმედებდა. როგორც კი შვილმა უთხრა, რომ მეგანი აღარ ემეგობრებოდა, მაშინვე შექმნა სოციალურ ქსელში ექაუნთი და დაიწყო მაიერთან მიმოწერა და "ურთიერთობის გარკვევა" ამ ფორმით.

ამასობაში კი არარსებული ადამიანი - ჯოში, მეგანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადამიანად გადაიქცა.

...2006 წლის 16 ოქტომბერს მეგან მაიერი განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო. მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა. მოსაწვევები საკუთარი ხელით გაამზადა ახალი კლასელებისთვის. თვლიდა, რომ ეს წელი მისთვის ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა. თუმცა, მოსაწვევი ბარათი სარასთვის არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს იყო ბოლო წერტილი ლორი დრიუსთვის.
როდესაც მეგანი სახლში დაბრუნდა, დედას სთხოვა, მიეცა პაროლი, რომ ჯოში დაეპატიჟებინა დაბადების დღეზე. თინა ჩქარობდა, უმცროსი გოგონა მიჰყავდა სტომატოლოგთან და მეგანს ყურდღება ვეღარ მიაქცია.

"მეეჭვება, რომ შენთან ურთიერთობა გავაგრძელო. როგორც ჩანს, საკუთარ მეგობართან არც ისე კარგი დამოკიდებულება გაქვს", - მისწერა ჯოშმა. მეგანი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა ან საიდან იცოდა ბიჭმა დეტალების შესახებ.

ჯოშმა არ დააყოვნა და სულ ცოტა ხანში სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოაქვეყნა მათი პირადი მიმოწერა. ჯოშს სხვა ბიჭებიც შეუერთდნენ და კომენტარებში მეგანზე შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ფრაზებს წერდნენ, ეძახდნენ "მსუქანს" და "მახინჯს"... გოგონა ისტერიკაში იყო.
სახლში დაბრუნებულ თინას გოგონა ისევ კომპიუტერთან დახვდა. "შოკირებული ვიყავი, როგორ ცდილობდა, რაღაცების ახსნას ყველასთვის", - იხსენებს თინა.

mshoblebi

"შენ ჩემს გვერდით უნდა იყო, როგორც დედა", - დამიყვირა და თავის ოთახში გაიქცა. მისი დამშვიდება მამამაც სცადა. აუხსნა, რომ შეიძლება სოციალურ ქსელში ბავშვები მასზე საშინელებებს წერდნენ, მაგრამ ის ძალიან კარგი ბავშვია და მათ ამის შესახებ არ იციან. მეგანს არაფრის მოსმენა არ სურდა. ოთახში იყო ჩაკეტილი და არ გამოდიოდა.
რონმა და თინამ აღარ გაგრძელეს გოგონას დამშვიდება. რატომ? - ეს იყო კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მეგანის გარდაცვალების შემდეგაც არ შეეძლოთ. მათ ფაქტი სერიოზულ პრობლემად არ ჩათვალეს... იფიქრეს, რომ გოგონა თავისით დაწყნარდებოდა...

მეგან მაიერმა თავის დაბადების დღემდე სამი დღით ადრე მოიკლა თავი...

ბოლო შეტყობინება, რომელიც სოციალური ქსელით მიიღო, ჯოშისგან იყო. "მთელ ქალაქში ყველამ იცის, რა საშინელი ადამიანიც ხარ. ყველას სძულხარ. ვისურვებდი, რომ გამქრალიყავი, რადგან სამყარო ბევრად უკეთესი იქნება შენს გარეშე". მეგანმა კი უპასუხა: "ისეთი კარგი ბიჭისთვის, როგორიც შენ ხარ, სიკვდილიც შემიძლია".

რონმა და თინამ სწრაფადვე სცადეს გაეგოთ, ვინ იყო ჯოში, მაგრამ მისი გვერდი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე წაიშალა. მეზობლებიც მიხვდნენ, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მაიერების ოჯახში და მათკენ გემართნენ.

...გარკვეული დროის შემდეგ რონი და თინა დრიუს ოჯახში სარას სანახავად მივიდნენ, რომ პირადად შეეტყობინებინათ მეგანის გარდაცვალების შესახებ. მათ სარას უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩხუბობდნენ, მეგანი მაინც აფასებდა მათ ურთიერთობას. ლორი დრიუმ მიუსამძიმრა მათ და სთხოვა ის სამაგიდო ფეხბურთი შეენახათ, რომელიც მეგანს გასულ შობას აჩუქა. თუმცა მან არ აღიარა, რომ თავად იყო გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი.

mshoblebi
ლორი და სარა დრიუები

ამბავი ორი თვის შემდეგ გაირკვა. ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც სარასთან მეგობრობდა, იცოდა, რასაც აკეთებდა დედამისი. მან ამის შესახებ მამას უთხრა, მამამისმა კი პოლიციაში განაცხადა. რონი და თინა ვერ იჯერეებდნენ, რომ ქალმა, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, შვილები, მუშაობდა, 13 წლის გოგონას მსგავსი რამ გაუკეთა. მეგან მაიერი ოფიციალურად კიბერბულინგის პირველი მსხვერპლი. ლორი დრიუს კი თითქოს არც არაფერი დაურღვევია, რადგან შესაბამისი ჩანაწერი კანონში არ არსებობდა.

ოჯახები მეგობრობდნენ, რამდენიმე შვებულებაც კი ჰქონდათ ერთად გატარებული. როდესაც სიმართლე გაირკვა, დრიუები ცდილობდნენ მეგანის მშობლებთან მოლაპარაკებას, მაგრამ მათ სახლის ზღურბლზეც კი არ გადაუშვეს.
სასამართლომ იმ დროისთვის უარი თქვა ლორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე. ერთადერთი, რაც მაიერებს შესთავაზა, ადმინისტრაციული სარჩელის შეტანა იყო. წყვილი არ დანებდა და 2008 წელს მოახერხეს, რომ აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსში კიბერბულინგის შესახებ ჩაიწერა მუხლი. ლორი დრიუ დააპატიმრეს და აღიარეს, რომ ის მართლაც მონაწილეობდა მეგანის თვითმკვლელობაში. თუმცა, იმდროინდელი ფედერალური კანონის შესაბამისად, ის პატიმრობაში არ დატოვეს.

mshoblebi
ლორი დრიუ

მეგან მაიერის საქმემ ძალიან ბევრი ადამიანი აალაპარაკა. რონისა და თინას დაჟინებული მოთხოვნით, შემოიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა ინტერნეტში შევიწროებასა და ბულინგს. სოციალურ ქსელში ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა გახდა სისხლის სამართლებრივად დასჯადი. მოგვიანებით, 2009 წელს, შემოიღეს სპეციალური ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა ზრდასრულის მიერ არასრულწლოვნის დაშინების საქმეს. მას "მეგან მაიერის აქტი" უწოდეს.
საზოგადოება აღშფოთდა და თქვა, თუ სასამართლო არ გაასამართლებდა ლორი დრიუს, თავად იძიებდნენ შურს. ამ მიზნით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს როგორც ლორი დრიუს, ასევე მისი ქალიშვილის, სარას, მობილურის ნომრები და პირადი ცხოვრების დეტალები. ხალხი დრიუს სახლში შეჭრას ცდილობდა, თუმცა მაიერებმა უარი თქვეს ზედმეტ სისასტიკეზე.

ლორი დრიუ იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო, სარა სხვა ქალაქში წაიყვანა საცხოვრებლად, თავად კი მუდმივ წნეხსა და შეურაცხყოფას გრძნობდა საზოგადოების მხრიდან. ბევრი წლის შემდეგაც კი სარა დრიუ თავის ნამდვილ სახელს არ ამხელდა იმიტომ, რომ თავს უსაფრთხოდ მაინც არ გრძნობდა.

თინა და რონი განქორწინდნენ - ვერ გაუძლეს საკუთარი თავის მუდმივად დადანაშაულებას შვილის თვითმკვლელობაში. თინა უმცროს გოგონასთან ერთად სხვა ქალაქში გადასახლდა, რონი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მდგომარეობა არც ახლაა სტაბილური... 
ერთ-ერთ ინტერვიუში თინა საკუთარ თავს იდანაშაულებდა, რომ გოგონას არ მოუსმინა და საკმარისად არ დაუჭირა მხარი.


25238
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ეკა
0
საერთოდ ფსიქოლოგიური ბულინგი აქაც ხშირად ხდება ბავშვებზე.
23:16 / 25-11-2019
ნათია
0
ფსიქოპათი :(( შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა მსგავსი რამ დაგეგმოს და გააკეთოს
12:00 / 23-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი