დღეს სოციალურ ქსელში გაჩნდა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით მშობლების მხრიდან. 6 წლის მოზარდის დედა,ნათია ბუკია საბავშვო გასართობ ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს. „ფეისბუქ პოსტის“ მიხედვით, ჯოკერის ფორმაში გადაცმული ანიმატორის ბავშვს ძალიან შეეშინდა და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო:
„იმ დონეზე ვარ აღშფოთებული, რომ აქ გაზიარების გარდა, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, არც კი ვიცი! ჩემი 5 წლის შვილი, ნინა, მყავდა კლასელის დაბადებია დღეზე Dejavu Birthday Club-ში. დაბადების დღის ბოლოს ბავშვებს უთხრეს, დაუძახეთ ჯოკერსო (6 წლის ბავშვის დაბადების დღეა). ნინამ ეგრევე მითხრა, ჯოკერი მოდის და მეშინია, ჩემთან იყავიო. კიდევ კარგი, უკვე მისული ვიყავი, არც მინდა იმის წარმოდგენა, იქ რომ არ ვყოფილიყავი!
სცენაზე გამოვიდა ჯოკერი, დაჯდა სკამზე, შუქები აქვს დანათებული, თავი აქვს ჩახრილი, ისმის დაძაბული მუსიკა და ჯოკერის საშინელი სიცილი. ნინას სახე აელეწა და ეგრევე გამოვიყვანე. პალტო რომ ჩავაცვი და გასასვლელისკენ გამყავდა, გავხედეთ სცენას და რას ვხედავთ: ჯოკერმა აიღო ავტომატი, მიუშვირა ბავშვებს და "ჩაცხრილა"! ნინა გამოვაქანე ცენტრიდან, მაგრამ ძალიან დიდხანს ვამშვიდებდი. რატომ გავიხედეო, ჩემს მეგობრებს თოფი ესროლაო!
ეს თავის მეგობრებზე ნერვიულობდა და ვინც იქ იჯდა, 4, 5, 6 წლის ბავშვების მდგომარეობის წარმოდგენაც არ მინდა, ჯოკერი რომ ავტომატს მოგიშვერს და გგონია, რომ გესვრის! ნინა მეუბნებოდა, იქ ერთი ბავშვი 4 წლის იყოო. გეხვეწები, ყველა ჩემი კლასელის მშობელს დაურეკე, იქ არავის გადაუხადონ დაბადების დღეო! ვერ ვაჯერებდი, რომ მსახიობი იყო ჯოკერი. გაოგნებული ვარ! აზროვნების უნარი არ აქვს ან ცენტრს ან მშობელს? არ ვიცი, რა ვთქვა! ამ ქვეყანაში მართლა ყველაფერი რეგულირებული უნდა იყოს! და დიახ, მშობლები არ უნდა წყვეტდნენ, მათი 5 წლის შვილი მზად არის თუ არა სკოლისთვის, რადგან იმასაც ვერ ხვდებიან, რომ 5-6 წლის ბავშვის დაბადების დღეზე ჯოკერი არ უნდა მოიყვანონ, რომელიც ბავშვებს ავტომატით აშინებს! მერე თურმე ისე გაგრძელდა დაბადების დღე, რომ ჯოკერმა იუბილარს მისცა ავტომატი და იმას ჰქონდა საშუალება, თავისი მეგობრებისთვის ესროლა. არ ვიცი, რა ვთქვა.
ერთი ვიცი, რომ მომავალში წინასწარ ზედმიწევით გავარკვევ დაბადების დღის პროგრამას და მარტოს ალბათ დიდხანს აღარ დავტოვებ (თქვენც იგივეს გირჩევთ). ჩემს შვილს პირადად მიადგა ფსიქიკური ტრავმა, რომლის გამოც თამამად შემიძლია სასამართლოში ჩივილი! არ ვიცი, ამ პოსტს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ცენტრის ადმინისტაცია დაფიქრდება, რომ ბავშვებს რომ უწყობ დაბადების დღეებს, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და რაც არ უნდა მშობლების სურვილით გაამართლო შენი საქციელი, უნდა იცოდე, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის რა პროგრამაა შესაფერისი! მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს ნათია ბუკია,
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერენ, რომ ცენტრმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი და პროგრამაც ასაკის შესაბამისად შექმნას:
„აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ცენტრმა ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი პროგრამა. რაც შეეხება ჯოკერის, არცერთი ასაკისთვის არ მგონია კარგი იყოს. გადავირიე.“ „ეს არის მიზანმიმართული ბავშვების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება! რომელი ბავშვი როგორ მიიღებს ამას და შემდგომ რა ანალიზს გაუკეთებს მის გონებაში არავინ არ იცის!!! და მერე გვიკვირს რატომაა ასეთი ძალადობა მომრავლებული მოზარდებში“. „და ცოტა უფრო დიდი ასაკისთვისაც განა დასაშვებია იარაღის მსროლელი ჯოკერი? წარმომიდგენია 4- 6 წლის ბავშვები რა განცდაში იქნებოდნენ. ვახ ეს რა უბედურებაა.“ „თუ ფილმებს აწერენ 16 მდე ანუ შეიცავს ძალადობის ან სექსუალურ სცენებს, ბავშვთა დაბადების დღის ცენრტრში რა მოხდება არაფრით არ რეგულირდება? სტრიპტიზი შემიძლია შევუკვეთო 7 წლის ბაბშვის დაბადების დღეზე?“ - წერენ კომენტარებში. მოგვიანებით პოსტს იმ ბავშვის დედაც გამოეხმაურა, ვის დაბადების დღეზეც წერდა ქალბატონი ნათია:
"გამარჯობა, მე ვარ ის მშობელი, რომელმაც 6 წლის ბავშვს აუსრულა სურვილი და დაბადების დღეზე მისი საყვარელი გმირი მოუყვანა (ჯოკერი, რომელზეც მთელი თავისი სამეგობრო გიჟდება და Halloween-ზეც კი მისი ნიღბებით დადიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს შვილს არ აქვს ეს ფილმი ნანახი). ნამდვილად მესმის თქვენი და ვიზიარებ კრიტიკულ მოსაზრებებს პროგრამასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან საწყენია საზოგადოების ესეთი ულმობელი დამოკიდებულება მშობლების მიმართ, თუმცა არა გასაკვირი! არავინ არ წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას თავი ერთი წუთით მაინც. რა შეიძლებოდა მოგვსვლოდა, როდესაც წინასწარ დაგეგმილ, შედგენილ დაბადების დღის პროგრამის ნაცვლად მსგავსი რამ მოხდა. (სპეციალურად მივედი დაბადების დღის ცენტრში და ვითხოვე, რომ მოეყვანათ ჯოკერის გმირი მხოლოდ ვიზუალური მსგავსებით და ისინიც შემპირდნენ, რომ ჯოკერი იცეკვებდა ჰარლი ქვინთან ერთად და ამასთანავე იქნებოდა სასცენო შადრევანის შოუც). როგორც კი მივხვდით, რომ პროგრამა სხვა სიუჟეტით ვითარდებოდა, მშინვე გავვარდი და მუსიკას ჩავაწევინე, ვუთხარი სასწრაფოდ შეეცვალათ გამოსვლა,თუმცა გართულდა პროცესის შეჩერება. ვისი ნომერიც მქონდა ყველა მშობელს დავუკავშირდი, ვესაუბრე ტუტორს, სკოლის ფსიქოლოგს, მივიწერე მშობლების ჯგუფში და ბოდიში მოვიხადე ამ გაურკვევლობისთვის. საჯარო კრიტიკას არაფერი უდგას წინ. ლანძღო ადამიანები, რომელსაც არც იცნობ და წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ განიცდიან და ნერვიულობენ ამ ყველაფერზე, ალბათ ყველაზე მარტივი და არასწორი გამოსავალია... (არიან ისეთები ვინც გვიცნობენ, მაგრამ არ იციან, რომ ჩვენს ოჯახზე იყო საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ არც დაუშვებდნენ, რომ მე და ჩემმა მეუღლემ მსგავსი პერფორმანსი შეგნებულად შევუკვეთეთ ბავშვებისთვის) ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მშობელს და განსაკუთრებით პატარებს. სამწუხაროდ, ჩემი დიდი მონდომება, რომ გამეხარებინეთ და დაუვიწყარი დღე მეჩუქებინა მათთვის, ასე ცუდად დამთავრდა. რაც შეეხება დაბადების დღის ცენტრს, ზომები იმ დღესვე მივიღე. ვესაუბრე ცენტრის წარმომადგენლებს, საუბრის დეტალებს აქ არ გავახმოვანებ. თვითონაც მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და დარწმუნებული ვარ ამ ფაქტის შემდეგ აუცილებდალ შეცვლიან პროგრამას და მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება".
მოგვიანებით ფაქტს დაბადების დღის ცენტრიც გამოეხმაურა. Dejavu Birthday Club „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
"მოგესალმებით. წლების მანძილზე ჩვენი კომპანიის ერთადერთი მიზანია, ბავშვებს ავუხდინოთ სურვილები და ვაჩუქოთ ბედნიერი წუთები. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ახალი პერსონაჟი ჩვენ შევქმენით მასზე არსებული ძალიან დიდი მოთხოვნის საფუძველზე და მოიაზრება ჩვენი საახალწლო-საკარნავალო პროგრამების დამატებით შოუდ მოზრდილებისთვის.
ჩვენი „ჯოკერი“ ვიზუალური თვალსაზრისით მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან და აქვს შესაბიმისი სათამაშო რეკვიზიტები, რამაც პერსონაჟს ზედმეტად რეალისტური სახე მისცა.
გულწრფელად ვწუხვართ და გვსურს მოვუბოდიშოთ იუბილარის მშობლებს, ბავშვებს და სხვა სტუმრებს, ვინც თავი არაკომფორტულად იგრძნო შოუს გამო.
მიუხედავად პერსონაჟის ნეგატიური ხასიათისა, მის მიღმა ნიჭიერი და თბილი ადამიანი იმალება", - ნათქვამია განცხადებაში.
მოპარული საჩუქრები, ატირებული ბავშვები და უკმაყოფილო მშობლები - რა ხდება დაბადების დღის ცენტრებში