"წერდნენ, თმებით სიამოვნებით ვათრევდიო" – გაიცანით გოგონა, რომელიც ჩცდ-ში ნიცას როლს ასრულებს - მშობლები

"წერდნენ, თმებით სიამოვნებით ვათრევდიო" – გაიცანით გოგონა, რომელიც ჩცდ-ში ნიცას როლს ასრულებს

2019-11-28 06:41:25+04:00

„ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი კარგად იცნობს სერიალის ახალ პერსონაჟს, ნიცას, გოგონას, რომელიც ჩცდ–ს გმირის, ანასტასია გოცირიძის "მტერია". სერიალის ახალი სეზონიდან სწორედ ნიცას ქცევებია საზოგადოების განხილვის მთავარი თემა. გოგონას ბევრი აკრიტიკებს და ზოგჯერ მის გარშემო სოციალურ ქსელში კამათი მწვავე დებატებშიც გადაიზრდება ხოლმე.

გარდა იმისა, რომ ნიცას გმირი საინტერესოა, ამასთანავე, მსახიობის პროფესიონალური შესრულებაც ერთ–ერთი მთავარი მიზეზია პერსონაჟის ასეთი წარმატების.

ნიცას როლს 13 წლის ირინკა ტყებუჩავა ასრულებს. მისთვის ეს პირველი როლია. გვეუბნება, რომ თავიდან „ნიცას“ მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს ძალიან განიცდიდა, თუმცა ახლა ყოველივეზე მხოლოდ ეცინება.

mshoblebi

ირინკა მერვე კლასშია და მსახიობობასთან ერთად, მუსიკითაც არის დაინტერესებული. სურს, რომ მომავალი მსახიობის და მომღერლის პროფესიებს დაუკავშიროს.

– „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდი, როგორ შეგარჩიეს?

– „ფეისბუქზე" ვნახე ჩცდ-ს ქასთინგი და ვთხოვე დედას წავეყვანე. როგორ და რატომ შემარჩიეს, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ. მთავარია, არ დაიძაბო ქასთინგის დროს. ძალიან მოვინდომე.

– მოგეწონა მსახიობობა? ფაქტია, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის და ისე ბუნებრივად ასრულებ როლს, რომ ადამიანები შენს გმირს შენთან აიგივებენ...

mshoblebi

– აქამდე არც ერთ ფილმში, სერიალში და ტელეგადაცემაში არ ვყოფილვარ. ეს ჩემთვის ახალია და თავდაპირველად მიჭირდა გარემოსთან შეგუება, მაგრამ ახლა უფრო თავისუფლად ვარ. მომწონს და არ მბეზრდება იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გვჭირდება გადასაღებად.

– უკვე ხომ არ გადაგიწყვეტია რა პროფესიას აირჩევ?

– ალბათ, სამსახიობოზე ჩავაბარებ. ძალიან მინდა მსახიობი, მომღერალი, არტისტი გამოვიდე და აზრის შეცვლას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ.

– რაიმე საერთო გაქვს შენს გმირთან, ნიცასთან? რაიმე საერთო მახასიათებელი, რით ჰგავხარ ყველაზე მეტად და შენ, როგორც ირინკა, რას ფიქრობ ნიცაზე?

–ნიცას ხასიათთან საერთო არ მაქვს არაფერი, კიდევ კარგი. მისი არც ერთი თვისება ჩემსას არ ემთხვევა და შესაბამისად, როლიც რთული მაქვს. იმიტომ, რომ ვასრულებ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ნიცა ზედმეტად შურიანი და უხასიათო გოგოა, შეიძლება ეს ასაკის ბრალიც იყოს. სურს, რომ ეს უხასიათობა სხვაზე გადაიტანოს. მაგრამ ეს მისი ბრალი არაა. ჩემი აზრით, ძირითადად, დეიდამისის ბრალია.

– ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი იწერება და ბევრი გაიგივებს შენს გმირთან, როგორ ხვდები ამ კომენტარებს, ხომ არ ბრაზდები, რა რეაქცია გაქვს ხოლმე? თუ შეგიძლია, რომ გაიხსენო ისეთი კომენტარი, რომელიც ყველაზე მეტად გეწყინა..

– ბევრი ნიცას და ირინკას ერთმანეთთან აიგივებს და ჩემთვის ეს გასაბრაზებელი არაა. მიხარია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი როლი კარგად შევასრულე. თავდაპირველად არ მეგონა, რომ ხალხი ასეთ საშინელებებს დაწერდა და მწყინდა. შემდეგ მივხვდი, რომ ირინკას კი არა, ნიცას ლანძღავენ. მივხვდი, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ გამომივიდა ამ ბოროტი გოგოს როლის შესრულება და ახლა უკვე აღარც ვკითხულობ ამ კომენტარებს. ერთ-ერთი საშინელ კომენტარი იყო – „მინდა ეს გოგო თმებით გავგლიჯო, ვათრიო“... თუ რაღაცა ასეთი. ახლა მეცინება ამ ყველაფერზე.

– რა შეცვალა შენს ცხოვრებაში ჩცდ-მ, მოგწონს პოპულარობა? ალბათ, ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გცნობს...

– ამ სერიალმა ადამიანებთან დამაახლოვა და ეს ძალიან სასიამოვნოა. ბევრი ახალი მეგობარი გავიჩინე, ვისთან ერთადაც სერიალში ვთამაშობ. სკოლაში რომ მივდივარ, მცნობენ. სხვა არაფერი. ვაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას.

mshoblebi

– რას გეუბნებიან ხოლმე გამვლელები, როგორია შენი დანახვისას მათი რეაქცია?

– ადამიანებს უხარიათ და ღიმილით მეკითხებიან: “შენ ის არ ხარ?”

– სკოლაში რას გეუბნებიან კლასელები, მოსწონთ შენ მიერ შესრულებული როლი? – მეუბნებიან რომ მოსწონთ და ბევრი მეუბნება, რომ კარგად ვთამაშობ, მეკითხებიან როგორ მოვხვდი. მეუბნებიან, რომ მათაც უნდათ და ა.შ.

– ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს, სკოლაში რას სწავლობ ყველაზე კარგად და რომელი საგანი არ გიყვარს?

– ყველაზე მეტად მიყვარს ისტორია და ინგლისური. კარგადაც ვსწავლობ და ვცდილობ ძალიან. არ მიყვარს მათემატიკა.

– მსახიობის ნიჭი რომ გაქვს, ეს უკვე ვიცით, სხვა რით ხარ დაკავებული, რა არის შენი საყვარელი საქმიანობა?

– ძირითადად დაკავებული ვარ სიმღერით, ხატვით, ცეკვით, იმის მიუხედავად, რომ ცეკვაზე არც დავდივარ და წესიერად არც ვიცი. რაღაცას ვეძებ თითქოს. კალათბურთზე ვიარე, ახლა ჰიპ-ჰოპზე მინდა შესვლა. მაგრამ ყველაზე მეტად შემიყვარდა გადასაღები მოედანი.