ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ჟურნალისტ ანა კალანდაძის ირგვლივ საზოგადოება გაერთიანდა. ანას მწვავე ენტეროვირუსული ინფექციისა და დისბაქტერიოზის ფონზე, გამოუვლინდა ჰიპოკალემია (კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში), რამაც გამოიწვია გართულება გულზე. ქიმები პირველ ეტაპზე საჭიროდ თვლიან, გულის კარდიოსტიმულატორის ჩადგმას, ანუ პეისმეიკერის იმპლანტაციას, რის შემდეგაც ანა აუცილებლად უნდა გაემგზავროს თურქეთში სამკურნალოდ. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული... იმისათვის, რომ ანა ისევ დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ყველა ერთად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში.
პროფესიით ფილოლოგი-ხელოვნებათმცოდნე ანა, 14 წელია "პალიტრა მედიის" ჟურნალისტია. ამ პერიოდის განმავლობაში მან განსაკუთრებული სიყვარული დააგროვა. ის ადამიანებიც კი, ვინც ანას ერთხელ, თუნდაც ინტერვიუს დროს შეხვდნენ, გამორჩეულად იხსენებენ მას, ძირითად შემთხვევაში კი ასეთი შეხვედრები მეგობრობით გრძელდება ხოლმე.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანას დამხარება სჭირდება, უამრავმა ადამიანმა საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, ჟურნალისტის სახელზე გაყიდოს საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები, მაგალითად ასეთი გახლავთ ექიმი და მეთოჯინე ნანა ყაულაშვილი, დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე, რომელიც ყოველთვის თბილად კითხულობს ანას ამბავს, აქსესუარების დიზაინერი ნინია აბაშიძე, ვინც ბათუმიდან გვიდგას გვერდში და გვაიმედებს, მხატვარი მაკა ჯიშკარიანი.
რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვთხოვეთ გაეხსენებინათ, როგორ გაიცნეს ანა და როგორ გაგრძელდა მათი ურთიერთობა:
მეიგავე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე:
- დაახლოებით 15 წლის წინ, ჩემი ყურადღება მიიქცია ანას ცოდნამ და სიყვარულმა ქართული თეატრისადმი, კულტურისადმი. მის მიერ გაკეთებული ინტერვიუებითა და წერილებით, აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც დადიოდა იმ ხალხთან, რომელთაც ყურადღება და სითბო განსაკუთრებით სჭირდებოდა. ანა სწორედ მათ ანიჭებდა სიხარულს, ვინც ყველასგან მივიწყებული იყო. მე ამას ტელევიზიით ვაკეთებდი, ანა კი - პრესის ფურცლების მეშვეობით. მე რომ მივდიოდი რესპონდენტთან ჩასაწერად, მეტყოდა, ანა იყოო, ანა მივიდოდა და ეუბნებოდნენ, ნიკა უკვე იყოო. დღეს ვინც ამოტივტივდება ზემოთ, იმას ეცემა ყველა, ვინც ქვემოთ ილექებოდა, სწორედ მათზე ზრუნავდა ანა კალანდაძე. ასეთი პიროვნული თვისება უსათუოდ, ძალიან ღირსეულ ადამიანს აქვს და სწორედ ასეთია ჩემი ანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემთვის ანა კალანდაძე არის სულგრძელი ადამიანი, რომელიც აფასებს მოხუცს, უფროსს თაობას, ხელოვანს. გაუცნობლად რომ გრძნობ, ის ადამიანი შენი სულიერი ნათესავია, ზუსტად ეს განცდა მქონდა ანასთან. მერე უკვე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ჩემს არქივარიუსს ვეძახი, რადგან ჩემს მშობლებთან, ბებიაჩემთან, ბაბუჩემთან ყველასთან ინტერვიუები აქვს ჩაწერილი. ჩემი თაობის პოპულარიზაციაში, ეს იყო თეატრი, კინო, ტელევიზია თუ სხვა, ლომის წვლილი მიუძღვის. ისე გაგიკეთებდა ინტერვიუს, წინასწარ წაკითხვას კი არ მოთხოვდი, იცოდი, რომ გაგაპატიოსნებდა და შენს შეცდომასაც კი არ გააპარებდა. ჩემთვის ბეჭდურ მედიაში პროფესიონალიზმი ანა კალნდაძესთან ასოცირდება. ყოველთვის იყო თეატრში, ლიტერატურულ შეხვედრებზე, არ აკლდებოდა არაფერს.
ახლა ძალიან მინდა ყველამ ერთად შევძლოთ რომ ისევ კარგად გახდეს ანა, ზუსტად ვიცი, თავის დიაგნოზზე უფრო მეტად იმაზე დარდობს, რომ ჰგონია გვაწუხებს, არადა ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, ანას ვანახოთ, როგორი ძვირფასი და საყვარელია ჩვენთვის. მე მინდა ვთხოვო თქვენს მკითხველს, ყველა ერთად დავდგეთ. ჩვენს სფეროს სჭირდება ისეთი პროფესიონალი და ისეთი ცოდნის მქონე ადამიანი, როგორიც ანა კალანდაძეა - დიდებული სახელისა და გვარის დიდებული გამგრძელებელი, ნამდვილად ღირსია ჩვენი ანა, რომ იყოს ანა კალანდაძე, ერქვას და ატარებდეს ამ სახელს. დედაჩემმა როგორც კი ანას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წაიკითხა, ცრემლები წამოუვიდა, როგორ შეიძლება, რომ ანას თავს ასეთი რამ გადახდენოდაო, მაგრამ ჩვენ ადამიანები, დაუცველები ვართ ყოვლგვარი დიაგნოზისგან, ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.
გუგა ქაშიბაძე, ექიმი, პლასტიკური ქირურგი:
- მეც და მთელს ჩემს ოჯახს გვაქვს შეგრძნება, რომ ანას მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ, არადა, რომ დავუკვირდე და დეტალებში გავიხსენო ანა, შესაძლოა დავდგე იმ ფაქტის წინაშე, რომ რეალურად ცოტა ხანია, რაც ვიცნობ, თუმცა ურთიერთობამ სულ სხვა შეგრძნება დაგვიტოვა ყველას. ჩვენი გადაკვეთა მოხდა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჟურნალისთვის „შინ“. ანა ამზადებდა ინტერვიუს, მე და ჩემი ოჯახი ვიყავით მისი რესპონდენტები. ბევრი ჟურნალისტი ყოფილა ჩვენთან, მაგრამ ანასთან ამ ურთიერთობამ და ამ სამუშაომ ისეთი კვალი დატოვა, რომ ეს არ იყო მორიგი, რიგითი ინტერვიუ... მას შემდეგ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. პროფესიულად ხომ არსებობენ პაციენტები, რომლებიც არასდროს გავიწყდება, ასევე არიან ჟურნალისტები, რომლებიც განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა იყო განსაკუთრებული, მაგრამ იმ შთაბეჭდილებას და გრძნობას გიტოვებს, რომ პირველად არ ხედავ, უფრო ახლობლურ-ნათესაური შეგრძნებები გიჩნდება, რომელთანაც თითქოს იმაზე მეტი გაქვს საერთო, ვიდრე ერთი ინტერვიუა. მე და ანამ, რომ მოვიგონოთ ჩვენი ერთად გატარებული დრო, ან მიწერ-მოწერა, შეიძლება ვერაფერი განსაკუთრებული ვერ გავიხსენოთ, მაგრამ, გრძნობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთად გატარებული 1-2 წუთი. მე თვითონ ძალიან გახსნილი არ ვარ, ჩაკეტილიც არ მეთქმის, მაგრამ ანასთან გახსნა არ დამჭირვებია, დრო არ დაგვჭირვებია არც მე, არც ბავშვებს, არც მეუღლეს, რომ ურთიერთობა ჩამომგვეყალიბებინა. ძალიან ახლობელი რომ გესტუმრება საღამოს, დაახლოებით ასეთი შეგრძნება გვქონდა. მას შემდეგ იყო რამდენიმე შეხვედრა ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი პრობლემა შეექმნებოდა. ჩამწყდა რაღაც, რომ გავიგე... ყველას შეიძლება გვქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ ანაზე არც მინდოდა, დამეჯერებინა, იმდენად დადებით ენერგიას ასხივებს, სიმშვიდეს აფრქვევს, რომ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა მასაც ასეთი სერიოზული პრობლემა შექმნოდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ერთად მოვიგონებთ ამ ამბავს ყველა.
ნიკა ფაიქრიძე, მსახიობი, პოეტი:
- დაახლოებით 2 წლის წინ გვქონდა პრემიერა სპექტაკლისა „ბილოქსი ბლუზი“, რომლის ბოლო სცენაში მთელი ჯგუფი ვიდექით გაწუწულები, სველები. დასრულდა სპექტაკლი, ჯერ ის სველი სამოსიც არ მქონდა გამოცვლილი, რომ დავინახე, კულისებში შემოდის ქერა, სასიამოვნო გარეგნობის მანდილოსანი, რომელიც ძალიან მშვიდი ტემბრით, წყნარად მთხოვს, დავუთმო ორიოდე წუთი, არადა, ისე ვარ, ერთი სული მაქვს, როდის გამოვიცვლი ამ სველ ტანსაცმელს, მცივა და არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს. პირველი, რაც მახსენდება ამ შეხვედრიდან, მისი მშვიდი ხმა და საუბრის მანერა იყო, რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და ვერ ვუთხარი უარი. ისე გისვამს შეკითხვას, გინდა, არ გინდა, ნდობა გიჩნდება და სულ გავიწყდება შენი ფიზიკური მდგომარეობა, გშია, გწყურია, გცივა და ა.შ. ამ სიტუაციაში შედგა ჩვენი პირველი დიალოგი, დავგეგმეთ შეხვედრა მეორე დღეს ინტერვიუს ჩასაწერად, მითხრა, რომ გვექნებოდა ფოტოგადაღება და რამდენიმე შეკითხვას დამისვამდა ჩემი პოეზიის შესახებ. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, რომ ჟურნალისტი დაინტერესდა არა მხოლოდ იმით, რასაც სცენაზე ვაკეთებდი, არამედ იმითაც, რასაც ვწერდი. გათენდა მეორე დღე, შევხვდით და ძალიან საინტერესოდ მესაუბრა პოეზიაზე. მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სახელისა და გვარის გარდა, ამ დიალოგის დროს კი აღმოვაჩინე მისი უამრავი წახნაგი - ის, რომ იყო უზომოდ შეყვარებული პოეზიაზე, ჰყავდა უამრავი საყვარელი პოეტი, რომელიც მეც ძალიან მიყვარდა და ა.შ. და ასე უცებ ანა გახდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც უყვარს ქართული პოეზია, თეატრი, კულტურა და აკეთებს ყველაფერს, რომ საზოგადოებას წარუდგინოს ადამინები დადებითი კუთხით. ამის შემდეგ ანას არ გამოჰპარვია არც ერთი პრემიერა, არც ერთი ჩემი გამოშვებული კრებული. გვქონდა საინტერესო საუბრები ჩემს შემოქმედებაზე, ლექსებზე და დიდი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა იმ მხრივ, რომ ის გახდა ჩემთვის მოძღვარივით, რომელიც სწორ მიმართულებას მაძლევდა. ისეთი საინტერესო რჩევები მაქვს მისგან მოსმენილი, რომელსაც ცხოვრებაში დღემდე ვიყენებ და მისი მადლიერი ვარ.
საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივცემული ადამიანები, ვისთვისაც ასევე ძალიან ახლობლად იქცა ანა, ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ცდილობენ, ხმა უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინონ ანას დასახმარებლად, მაგალითად საზღვარგარეთ მცხოვრები ოპერის მომღერლები გიორგი მჭედლიშვილი და გოჩა აბულაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდებზე წერენ:
გიორი მჭედლიშვილი:
„ჩემო მეგობრებო!!! ძალიან გთხოვთ, ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ამ უნიჭიერეს ადამიანს, ყველა გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ. ეს ადამიანი ყოველთვის დიდ პოპულარიზაციას უწევდა საოპერო მუსიკას საქართველოში და ახლა ჩვენი იმედი აქვს, დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად დიდ დახმარებას გავუწევთ“.
გოჩა აბულაძე:
„პირველ რიგში ანას მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი მაგრად იქნება. ახლა კი მოგმართავთ თხოვნით ჩემს მეგობრებს, გვერდით დავუდგეთ ამ სასწაულ გოგოს და უნიჭიერეს ადამიანს, რათა ჩვეულად გაგვილამაზოს ცხოვრება თავისი გამორჩეული კარგი ადამიანობით და ბევრი სიკეთით, რასაც ის ყოველდღიურად აკეთებს ყველასთვის“.
ანსამბლ „შავნაბადას“ ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა ანას:
„მადლობა ღმერთს მსგავსი პოსტი ჩვენ გვერდზე არასდროს ყოფილა. თუმცა, ახლა ვგრძნობთ მადლიერებას იმ ადამიანის მიმართ, ვინც "შავნაბადას" პოპულარიზაციაში და სტიმულის შენარჩუნებაში ღირებული საქმე გააკეთა. როცა არავინ გვიცნობდა და ყველა უარს ამბობდა ჩვენი საქმეების გაშუქებაზე, სწორედ მაშინ იყო ანა ჩვენს გვერდით! ეს ხელოვანისთვის უდიდესი თანადგომაა.
ანა ჩვენი საქმის მეგობარია! მას ახლა დახმარება სჭირდება!
ექიმები პირველ ეტაპზე საჭიროდ თვლიან, გულის კარდიოსტიმულატორის ჩადგმას, ანუ პეისმეიკერის იმპლანტაციას, რაც - 21 000 ლარი ჯდება. რის შემდეგაც ანა აუცილებლად უნდა გაემგზავროს თურქეთში სამკურნალოდ.
ძალიან გთხოვთ გვერდში დგომას...“
შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებს:
საქართველოს ბანკი
GE08BG0000000813745500
მიმღები
მაია კალანდაძე
თიბისი ბანკი
GE91TB7223445061100006
ანა კალანდაძე
პირადი ნომერი:
01017015961
ციცი ომანიძე