33 წლის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა. ის ხუთი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას - მელანომას. რამდენიმე თვის წინ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა საკუთარი დაავადების შესახებ. გთავაზობთ ფრაგმენტს სიუჟეტიდან:
- არასდროს ყოფილა ისეთი დღე, რომ მე სიკვდილზე მეფიქრა. რა თქმა უნდა, მოვკვდები, ყველანი გარდავიცვლებით, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი ხნის შემდეგ. ვარ ორი შვილის დედა. 2013 წლიდან ვებრძვი მელანომას. ამ დიაგნოზის გაგების დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ სენს დავამარცხებ. ვიცი, რომ ამ ბრძლოლას მე მოვიგებ. ფეხზე ხალი მქონდა, რომელიც შემდეგ მელანომაში გადაიზარდა. ჩამიტარდა ოპერაცია, შევიმოწმე ლიმფური კვანძები, არსად არ იყო მეტასტაზი წასული და 2015 წლამდე ვიყავი კონტროლზე. 2015 წელს დავფეხმძიმდი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რისკები, რომ შეიძებოდა, ჩემს ჯანმრთელობას შექმნოდა პრობლემები, მე მაინც არ ვთქვი უარი ახალ სიცოცხლეზე. გავაჩინე აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭი. 2015 წელსვე ფილტვში ერთი წერტილი გამოჩნდა. გავიკეთე ოპერაცია, თუმცა ამჯერად უკვე მუტაცია განიცადა ამ დაავადებამ.თურქეთში დაფიქსირდა ორი მეტასტაზი ღვიძლზე და ასევე მეტასტაზები საშვილოსნოსა და საკვერცხეზე. ეს მეტასტაზები ალაგდა, თუმცა ახალი კერა თავში, ტვინზე გაჩნდა. ახლა თავში უკვე 25 მეტასტაზია. დაავადებას არა მარტო მორალური, არამედ ფიზიკური ტკივილიც ახლავს თან. მორალურად ძალიან გამიჭირდა, როდესაც თმამ ცვენა დაიწყო. ზოგადად, ცხოვრებაში ყველაფერს ვუძებნი პოზიტიურ მხარეს. მივხვდი, რომ ძალიან მიხდება მოკლე თმა. ეს დაავადება ჩეთვის გამოგზავნილია არა იმიტომ, რომ მოვკვდე, არამედ იმიტომ, რომ შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. არავინ არ ვიცით, ხვალ გათენდება თუ არა, მით უმეტეს, იმ ადამიანებმა, ვისაც რთული დიაგნოზი გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ბევრად უფრო კარგები. სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იცხოვრო და არ უნდა იარსებო. ჩემთვის, წარმოუდგენელია ვიჯდე ცხვირჩამოშვებული, ჩემს შვილებთან ცუდ ხასიათზე ვიყო და ჩემს მეგობრებს მოწყენილი ვენახებოდე. პირიქით, სულ ვამხიარულებ მათ. მე ამ ამბავმა ადამიანობა მასწავლა. მჯერა, რომ გავა ბევრი წელი და ჩემი შვილიშვილები, თავის მეგობრებთან ერთად ბევრ ფოტოს გადაიღებენ ტატუებიან ბებოსთან ერთად".
ანა მამულაშვილი სხვადასხვა დროს არაერთ პროექტში მონაწილეობდა.