გარემოს ეროვნული სააგენტო 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წლევანდელი ზამთარი ოდნავ უფრო თბილია.
"2019-2020 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-22) მომზადებული, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.
ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7 იქნება. მთაში 0, +2, მაღალ მთაში კი -4, -2. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2, მთაში -2, 0, მაღალ მთაში კი -5, -3 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ნალექების რაოდენობას, დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში კი 200-400 მმ-ია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ -ს შეადგენს" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.